როგორც ცნობილია, თბილისის პოლიციის ყოფილი შეფი დავით ზეიკიძე 1994 წლის 31 მარტს პარლამენტის შენობაში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში იმალებოდა. 1994 წლის 2 აპრილს კი ზეიკიძის დაპატიმრებაზე სანქცია გაიცა. ახლა იგი კენჭს იყრის პარლამენტის დეპუტატად.
როგორც ზეიკიძემ სააგენტო „ბი-ჯი-აი“-ს განუცხადა, ის ძირითადად პოლიციის სამმართველოში იმალებოდა და მას პოლიციელები იცავდნენ.
ზეიკიძე ამბობს, რომ ის ყოველთვიურად აწვდიდა ინფორმაციებს ედუარდ შევარდნაძეს და დღესაც მის მხარდამჭერად რჩება. პოლიციის ყოფილი შეფი ინფორმირებული ყოფილა მხედრიონის და სოლიკო ხაბეიშვილის დაპირისპირების შესახებ. გაუფრთხილებია შევარდნაძე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებაც. თუმცა, როგორც თავად ზეიკიძე აღიარებს, შევარდნაძე ,ის გაფრთხილებებს ყურადღებას არ აქცევდა.
ზეიკიძის სიტყვებით, მასზე თემურ ხაჩიშვილი ნადირობდა და ცდილობდა სხვადასხვა საქმეების „აკიდებას“. თავის დროზე ზეიკიძე შეხვედრია გიორგი ჭანტურიას და ირინა სარიშვილს, რომელთაც დახმარება აღუთქვამთ. თუმცა ცნობილი მოვლენების გამო ეს შეუძლებელი გახდა. ზეიკიძე ადანაშაულებს შევარდნაძის გარემოცვას, რომ ქვეყანას ძარცვავენ და თან საჯაროდ მასვე უჭერენ მხარს.
პროკურატურა ზეიკიძეს ადანაშაულებს, რომ წინასწარი დაკავების საკანში ხდებოდა ზემოქმედება დაკავებულებზე და რომ ამისათვის სპეციალურად დათვიც კი ჰყავდათ. ზეიკიძეს ბრალად სდებენ, რომ პატიმრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანისას სისტემატურად ხდებოდა თავდასხმა მათზე, რისი შედეგიც პატიმრების ლინჩის წესით გასამართლება იყო. პროკურატურის მონაცემებით, ზეიკიძეს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა თბილისის ყოფილ პროკურორთან მიხეილ ქურდაძესთან და არც თუ ირიბად მიუთითებენ მის როლს ქურდაძის მკვლელობაში.
ამ ბრალდებებს ზეიკიძე უარყოფს და იმედი აქვს, როგორი კარგი შერიფიც იყო, ისეთივე პარლამენტარი გახდება.