რეპორტაჟი ხალხით სავსე რუსთაველიდან, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე

რეპორტაჟი ხალხით სავსე რუსთაველიდან, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე

რუსთაველის გამზირი ზეთის ხილის ხიდან, ანუ ტელეგრაფის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით ხალხით სავსე იყო. რთულია იმის თქმა “ქართული ოცნების“ აქციას რამდენი ასეულi ათასი ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ ის კი თამამად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამდენი გაღიმებული და იმედიანი ქართველი ქუჩაში ძალიან დიდი ხანია არ გამოსულა. “ქართული ოცნების“ ორგანიზებულ აქციაში ყველა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წესრიგს პოლიციის ნაცვლად “ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები იცავდნენ, რომელთაც ყვითელი ფერის მოსაცმელები ეცვათ.

“ქართული ოცნების“ აქცია 16 საათზე იყო დანიშნული. ჩვენ მეტრო “რუსთაველიდან“ სამ საათზე ამოვედით. ამ დროისთვის ყოფილი ტელეგრაფის შენობასთან მოძრაობა უკვე გადაკეტილი გახლდათ, რადიოფიცირებისთვის აუცილებელი ხმის გამაძლიერებლებიც ამ ადგილიდან მოყოლებული იყო დამონტაჟებული. ხალხი თავისუფლების მოედნისკენ კოლონებად მიემართებოდა.

ზეთის ხილის ხესთან ანსამბლ “ერისიონის“ წევრები იდგნენ, შვიდ მათგანს (10-დან 14 წლამდე ბიჭებს) ხელში დოლები ეჭირათ. ოპერასთან, რომ მივედით, 15.18 წუთი იყო და ამ დროისთვის ხალხი უკვე მჭიდროდ იდგა. ხმის გამაძლიერებლებიდან ისმოდა - “ქართველო ხელი ხმალს იკარ“.  იქვე თეთრი ფერის მიკროავტობუსიდან შავი ფერის მაისურებს არიგებდნენ, რომელსაც წინა მხრიდან მიხატული ჰქონდა ყურებჩამოყრილი ძაღლი, 5-იანით და ეწერა - “როდის იყო მგელს აშინებდნენ ძაღლით“. შავი ფერის მაისურს უკნიდან ინგლისურ ენაზე ეწერა “ქართული ოცნება“. ხალხურ სიმღერას მოჰყვა გოგი დოლიძის შესრულებით “შეიშრე ჩემო ქვეყანავ, ცრემლები შავი დღისანი“.

ადიგენში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გუჯაბიძე თეატრალურ ინსტიტუტთან ვნახეთ. დავინტერესდით რა ხდებოდა ივანე მერაბიშვილის მშობლიურ რაიონში, ადიგენში, სადაც აქამდე “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი კარავში ფუნქციონირებდა. ბიძინა გუჯაბიძისგან შევიტყვეთ, რომ ადიგენში ადგილობრივებმა შიშს სძლიეს და “ქართული ოცნების“ შტაბმა კარვიდან კეთილმოწყობილ შენობაში გადაინაცვლა.  

ანსამბლ “ერიოსიონის“ წევრები, მათივე სარეპეტიციო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპაქტ დისკებს არიგებდნენ, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

რუსთაველის გამზირიდან ყოველი ასასვლელი და ჩასასვლელი “ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს რკინის მსუბუქი ღობეებით ჰქონდათ გადაკეტილი. თამრიკო ჭოხონელიძის შესრულებით ისმოდა “ნაზო ქალწულო დალალ დაწნულო“.  შემდეგ სიტყვით ქალბატონი გამოვიდა, სავარაუდოდ, მსახიონი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში შვილების ქართულად გაზრდის საშუალება გვექნება, განსხვავებული პოზიციის მიუხედავად ყველას ერთმანეთი გვეყვარება და ყველაფერი კარგად იქნება.

ოთხს ოცდახუთი წუთი აკლდა, როცა ანსამბლ “თბილისის“ შესრულებით  ჩართეს სიმღერა “ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო“. ამ დროისთვის მეტრო “თავისუფლების მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ გზის გაგრძელება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან, როგორც იტყვიან, თავისუფლების მოედანზე ნემსი არ ჩავარდებოდა. ყველა იღიმებოდა, ხალხი ერთმანეთს ლოცავდა - “გაიხარეთ ქართველებო!“

ახალგაზრდებს ნაცრისფერი და მწვანე მაისურები ეცვათ, რომელსაც უკან ეწერა “ქართული ოცნება“, ხოლო წინ - “დღეს სისტემის მონა ხარ, გაქვს ამის უფლება; ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება“, “ვერავინ ვერასდროს ვერ გაგვაჩერებს“. მაისურებზე წარწერებს, რომ ვათვალიერებდით, ამ დროს ნატო მეტონიძის შესრულებით ჩართეს “მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს“.

ნატო მეტონიძის სიმღერას მოჰყვა წლების წინ ჩაწერილი და ახლადაღმოჩენილი სიმღერა, გოგი დოლიძის შესრულებით - “სამშობლოსთვის ერთად ვიდგეთ ბიჭებო“.  შემდეგ ნატო გელაშვილის დაწერილი და მისივე შესრულებული “რა ლამაზად თენდება“ გაუშვეს.

ოთხს ათი წუთი აკლდა, კინო “რუსთაველს“ რომ მოუახლოვდნენ სტუდენტები, ძალიან დიდი პლაკატით - “სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით ხალხს“. დამხვდურები მოსულებს ოვაციებითა და ტაშით შეეგებნენ.

აქციაში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებიც მონაწილობდნენ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ჩოხა ეცვა. რუსთაველის გამზირზე ერთადერთი სამფეროვანი დროშა დავინახეთ. “ქართული ოცნების“ ფერად გაზეთებს შუახნის მამაკაცი არიგებდა. ზუსტად 16 საათზე ანსამბლ “ფორტეს“ შესრულებით ჩართეს სიმღერა - “და როგორც თოლია გავყვები მტკვარს“. ამ დროს პარლამენტის სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილზე ვიდექით და ვუყურებდით როგორ მოდიოდა და მოდიოდა ზღვა ხალხი, “ქართული ოცნების“ დროშებით ხელში.

ანსამბლ “ერისიონის“ წევრები აქციას კოლექტიურად, დოლის კვრით შეუერთდნენ. მათ ხალხი ტაშით შეეგება. ხმის გამაძლიერებლებიდან ჯემალ სეფიაშვილის ხმა ისმოდა, რომელიც თავისივე სიმღერას ასრულებდა - “გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო“.

ხალხის ნაკადში დავინახეთ სხვა პლაკატებს შორის გამორჩეული პლაკატი, წარწერით - “ქართველი ისტორიკოსები შენთან ვართ ბიძინა“.  პლაკატი ერთ მხარეს  ისტორიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, დავით მუსხელიშვილის თანაშემწეს ეჭირა (რომლის გვარი სამწუხაროდ არ გვახსოვს), ხოლო მეორე,  ჩვენთვის უცნობ ახალგაზრდა კაცს.

აქციაში მონაწილეობას წილკნელებიც ღებულობდნენ - ერთ-ერთ ჯგუფს მოჰქონდა პლაკატი წარწერით “წილკანი“. აქციაზე ემიგრანტებისადმი მიძღვნილი, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ახალი სიმღერაც მოვისმინეთ - “ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ ავისრულებთ ქართულ ოცნებას“.

ბიძინა ივანიშვილმა აქციის მონაწილეებს 16.15 წუთზე ასეთი სიტყვებით მიმართა - “მოგესალმებით ჩემო ქართველებო“. ტაშის, ოვაციებისა და შეძახილების შემდეგ ჩართეს “ჩემი ხატია სამშობლო, სახატე ჩემი ქვეყანა“, რასაც ბიძინა ივანიშვილის ვრცელი სიტყვა მოჰყვა.

რეპორტაჟი საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული, რომ გამოგვსვლოდა, ერთ ადგილას არ ვჩერდებოდით და ამიტომ, ივანიშვილის გამოსვლა ფრაგმენტულად გვესმოდა. რაც გავიგეთ იქიდან ყველაზე მეტად მისი გაფრთხილება დაგვამახსოვრდა - “ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ხალხის მოთმინების გამოცდა, არაფერი შეგეშალოთ!“

პარლამენტის შენობის კიბეებზე ნახატების გამოფენა იყო მოწყობილი. იქვე ცოცხი იდო, რომელსაც ზედ ხუთიანი ჰქონდა მიკრული. გზის სავალ ნაწილზე ახალგაზრდა ქალბატონი იდგა, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით - “კარგად დაგვითვალეთ“.

ცისფერ გალერეასთან ყოფილ პოლიტპატიმარ ავთო იმნაძეს შევხვდით; გახარებული იყო - დარწმუნებული ვარ ბოროტებას დავამარცხებთ და გავიმარჯვებთო. კახა შარტავა “ფორუმელებთან“ ერთად სასტუმრო “თბილისი მერიოტთან“ ახლოს, ალექსანდრეს ბაღის კუთხესთან იდგა. იქიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით შარტავას თანაპარტიელი რეზო შავიშვილი დავინახეთ.

ოპერის წინ ერთ ახალგაზრდას ფონდ “ქომაგის“ მაისური ეცვა, წარწერით - “სიკეთეს ვერ დააყადაღებ“. იქვე დავინახეთ: ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, “ჯიპას“ ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი, კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი.

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობის პირველ სართულზე, “ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩილ გეგენავას ხუთიანებით და ათასგვარი დაპირებებით აჭრელებული ოფისი დაკეტილი იყო; ხუთიანებს ორმცდაერთიანები ჰქონდა გადაკრული.

კახა კუკავა თანაპარტიელებთან ერთად, სტაფილოსფერი დროშებით იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობასთან ახლოს იდგა. ამ ადგილამდე ბიძინა ივანიშვილის ხმა უკვე რთულად აღწევდა. საერთოდ, ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით აქციის ორგანიზატორები მოიკოჭლებდნენ - ჩანდა, რომ გაყვანილობა გაკეთებული იყო, ხმის გამაძლიერებლებიც იდგა, მაგრამ ხმა არ ისმოდა და არც ის ჩანდა, რომ ვინმე ვითარების გამოსწორებას ცდილობდა. იუსტიციის სამინისტროს იქით, რესპუბლიკის მოედნისკენ ხალხს მანქანებში ჰქონდა ჩართული რადიო და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ასე უსმენდა.

ხუთს აკლდა 15 წუთი, ტელეგრაფის ყოფილ შენობასთან, რომ მივედით, სადაც ხალხი უკვე მეჩხერად იდგა. ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილი დავინახეთ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიდიოდა.

რესპუბლიკის მოედანზე, იქ სადაც “ნიკოლოზის დროს“ აღმართული იყო “ანდროპოვის ყურები“, საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი იდგა. ეს იყო და ეს, პოლიციელები სხვაგან არ ჩანდნენ.

რესპუბლიკის მოედნიდან ისევ უკან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით გავბრუნდით, რათა გვენახა რა ხდებოდა პარლამენტის და კანცელარიის ეზოებში და ჭონქაძის ქუჩაზე, იქ, სადაც პოლიციელები და სპეცრაზმელები დგებიან ხოლმე, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პარალელურად, მაგრამ ამჯერად ისინი არსად ჩანდნენ.

ხუთის 15 წუთზე დაწყებული გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა 16.58 წუთზე დაასრულა. შემდეგ ბერა ივანიშვილმა იმღერა. ამ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ვიყავით, ხმა იქამდეც აღწევდა.

მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რომ ჭონქაძის ქუჩაზე სპეცრაზმელები და პოლიციელები არ იდგნენ, გზა რედაქციისკენ გამოვაგრძელეთ, რომ რეპორტაჟი დაგვეწერა, სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, ვინც აქციაში არ მონაწილეობდა, მაგრამ აინტერესებდა რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე.