ახლოვდება არჩევნები. ქართველ პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის კამათი იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა, სქოლასტიკურ სახეს იძენს, რადგან მათთვის საკითხი დიდი ხანია გადაწყდა - პოლიტიკური ელიტა ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისათვის! მარათონი დაახლოებით ივლისში დაიწყება და მასში შესაძლოა მოულოდნელმა ფიგურებმაც მიიღონ მონაწილეობა.
სწორედ ამ მომავალი დიდი დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდია თანდათანობით, თითქოსდა შეუმჩნევლად წარმოშობილი დაპირისპირება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ედუარდ შევარდნაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძეს შორის. თუმცა, ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, უარყოფს ამგვარი კონკურენციის არსებობას და შეიძლება „აღშფოთდეს“ კიდეც გაზეთის მიერ გამოთქმული ვარაუდის გამო, ხოლო ედუარდ შევარდნაძეს მისი მდგომარეობა მისცემს საშუალებას „არ შეამჩნიოს კონკურენტი“. თუმცა სინამდვილეში იგი ყველა პოტენციურ კონკურენტს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს.
მაგრამ მივყვეთ ფაქტებს, რომლებიც, როგორც რუსები იტყვიან ხოლმე, „ჯიუტნი“ არიან. გასულ პარასკევს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უცნაური რამ თქვა: „სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე მე ტელეფონით ორმოცი წუთის განმავლობაში ვესაუბრე ვლადისლავ არძინბას, რომელმაც საუბრის ბოლოს მითხრა, რომ მზად არის ჩემთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის თანხმობის გარეშე მე არ შემეძლო არძინბასთან შეხვედრა“.
ალექსანდრე ჩიკვაიძემ ეს ფრაზა ისეთი ტონით და იმგვარ კონტექსტში თქვა, რომ დამსწრეთათვის სავსებით ნათელი გახდა: მას სურდა მსმენელთა ყურადღების მიპყრობა იმ „უპირატესობაზე“, რომელიც გააჩნია ედუარდ შევარდნაძესთან შედარებით - აფხაზეთის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.
ჩიკვაიძის გამოსვლაში იყო კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს არ სურდათ თავისი დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა საქართველოს ფედერალიზაციის გეგმის მიმართ, მაგრამ სწორედ ქართული დელეგაციის დაჟინებული მოთხოვნით სიტყვები: „ცნობად იღებს“ შეიცვალა სიტყვით „იწონებს“.
ოპოზიციონერ დეპუტატებს უმალვე შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ცვლილება მოხდა თბილისიდან ბრძანებით, ანუ შევარდნაძის ინიციატივით, რაც დაადასტურა კიდეც ალექსანდრე ჩიკვაიძემ, რომელმაც ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა: „საგარეო საქმეთა მინისტრი უსიტყვოდ ასრულებს იმას, რასაც ავალებს სახელმწიფოს მეთაური“.
არის სხვა სიმპტომებიც: თბილისში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა გამოკითხვის თანახმად, ალექსანდრე ჩიკვაიძე მეორე ადგილზეა ედუარდ შევარდნაძის შემდეგ. ანუ მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. ამ გარემოებას არ შეიძლებოდა ზეგავლენა არ მოეხდინა მის განწყობაზე, მით უმეტეს, თუ აქ პირადი ამბიციისა და გარკვეულ სოციალურ-პოლიტიკურ ჯგუფთა სისხლხორცეულ ინტერესთა ფაქტორებიც ერთვება.
ალექსანდრე ჩიკვაიძე ყოფილი „საბჭოთა ნომენკლატურის“ უმაღლესი რანგის წარმომადგენელია. მისი სახელი საქართველოს მასშტაბით პირველად აჟღერდა 1985 წელს: ჩიკვაიძეზე საუბრობდნენ, როგორც შევარდნაძის შესაძლო მემკვიდრეზე საქართველოში. 1992 წელს სიგუა-კიტოვანის ტანდემმა, რომელსაც გამოცდილი საყრდენი სჭირდებოდა, არჩევანი ჩიკვაიძეზე შეაჩერა.
ფაქტობრივად, ალექსანდრე ჩიკვაიძე „სიგუას გუნდის“ ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანია ფაცაციას კაბინეტში. არ არის გამორიცხული, რომ ამჟამად ხდება „ძველ ვალდებულებათა“ დადასტურება და მძლავრი ბლოკის ჩამოყალიბება - მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
და თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია. მისი ბევრი გამოსვლა სწორედ ამაზე მეტყველებს, რადგან, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე და აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებმაც არ შეიძლება ზეგავლენა არ იქონიონ ქვეყანაში შიდაპოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე - ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ როგორც მინიმუმ, ერთი კონკურენტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დღევანდელ სახელმწიფოს მეთაურს უკვე ჰყავს.