ხელისუფლება კარის ბიზნესსაც აღარ ინდობს

ხელისუფლება კარის ბიზნესსაც აღარ ინდობს

[ნიკა ასლანიძე]
ხელისუფლება ბიზნესმენებს უკვე ძალიან „აწვება“. თუკი ადრე შეტევა ურჩ ბიზნესმენებზე ხორციელდებოდა, ახლა უკვე დანდობა აღარ არის. ე.წ. კარის ბიზნესიც მუდმივად კრიტიკის ობიექტი ხდება.

საქმეში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი. მათ გამონათქვამებში აშკარად იგრძნობა გაღიზიანება. აშკარაა, რომ მთავრობას პრობლემები აქვს. ბიზნესი ძველებურად ვეღარ „იწეველება“.

ბიზნესმენები და მათი ასოციაცია კი ჯერჯერობით კორექტულად ცდილობენ თავი დაცვან. თუმცა, აშკარაა, რომ მათი პოზიცია არამყარია და ასეთი კატა-თაგვობანა ხელისუფლებასთან დიდხანს ვერ გაგრძელდება.

ქართულ ბიზნესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დაუფარავად საყვედურობენ. მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი, რომელსაც ქართული ბიზნესი ან ვერ, ან არ ითვისებს.

პრემიერის ინფორმაციით, „ოპიკმა“, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, ასევე აზიის და შავი ზღვის განვითარების ბანკებმა საქართველოსთვის სერიოზული კაპიტალი გამოყვეს, რაზეც სამთავრობო დონეზე ყველა შეთანხმება მიღწეულია. ამიტომ პრემიერმა ქართულ ბიზნესს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან იაფი სესხის მოსაზიდად გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ფინანსთა მინისტრს კი გილაურმა დაავალა შეკრიბოს კერძო სექტორის წარმომადგენლები და გააცნოთ ინფორმაცია, თუ რა საშუალებები აქვთ დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად.

იგივეს ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც “ბიზნესის გამოფხიზლების” აუცილებლობაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არ შეიძლება სახელმწიფო აპარატი იყოს უფრო დახვეწილი, ვიდრე ბიზნესი.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია, ბიზნესმენებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე იზრუნონ.

ხელისუფლების პირველი პირების ბიზნესისადმი გამოთქმულისაყვედურების საპასუხოდ საქართველოს ბიზნეს ასოციასიის ვიცეპრეზიდენტი გიორგი ისაკაძე აცხადებს, რომ ბიზნესმაც დახელისუფლებამაც ერთმანეთს ნაკლოვანებებსა და წარმატებებზე უნდამიუთითონ.

– „ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობა უნდა იყოს პარტნიორული და ყველამ ერთმანეთს უნდა მივუთითოთ ნაკლოვანებებზეც და წარმატებებზეც“, - განაცხადა ისაკაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ქართული ბიზნესია ის ვინც საქართველოს ბიუჯეტს ავსებს.

ამასთან, ისაკაძე მადლობას უხდის ხელისუფლებას შავი ზღვის ბანკის იაფი სესხის საკითხთან დაკავშირებით.
– „მადლობა იმ საშუალებისთვის, რაც გამოიხატა შავი ზღვის ბანკის იაფ სესხთან დაკავშირებით. მადლობელი ვართ, რომ მთავრობა ზრუნავს ყველაზე მთავარი პრობლემის მოხსნაზე, რაც არის ძვირი ფული საქართველოში.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ქართულ ბიზნესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. იგულისხმება, რომ IFC, EBRD, სხვადასხვა შვეიცარული თუ გერმანული ფონდები დღემდე არიან უმსხვილესი ქართული კომპანიების არა თუ პარტნიორები, არამედ დამფუძნებლებიც კი“, - განაცხადა ისაკაძემ.

ისაკაძეს მიაჩნია, რომ მთავრობა მსგავსი ნაბიჯებით ამართლებს თავის შესაძლებლობას ბიზნესის წინაშე.
– „ბიზნესმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს ამ ნაბიჯებს, დოვლათისა და სამუშაო ადგილების შექმნით, შენატანებით ბიუჯეტში. ჩვენ ამაყნი ვართ, რომ თუ დღეს საქართველო არის რაღაც-რაღაცებში წარმატებული ამის მიზეზი არის ის, რომ ბიუჯეტი 3-4 წლიწადში 10-12-ჯერ გაიზარდა, რაშიც ლომის წილი ბიზნეს მიუძღვის“, - აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.