„რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ საქართველო წამოაჩინოს ისეთ ქვეყნად, რომელსაც არ აქვს სუვერენიტეტი, დაშლილია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები არის ცალკე ჩამოყალიბებული სახელმწიფოები, რაც, სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამოსდის," - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ რუსი მაღალჩინოსნის, ანატოლი სიდოროვის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების საკითხის მოგვარებას ეხება.
„ეს-ენ-გე"-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ვითარების გამწვავებას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი რეგიონში აშშ-ისა და ნატოს- გააქტიურებაა. ამის შესახებ მან ოსურ საინფორმაციო პორტალ „ნიხასსთან" ისაუბრა.
„რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ განმარტა, რომ მსგავსი შინაარსი მქონე განცხადებები ახალი არაა და ეს არის რუსეთის ერთგვარი ტაქტიკა, რომელმაც, მათი აზრით, უნდა უზრუნველყოს საქართველოს აზრის შეცვლას ნატო-სა და აშშ-სთან ურთიერთობის საკითხში.
ანატოლი სიდოროვმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველო თავად ართულებს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესს:
„საქართველო, დიალოგისთვის მზადყოფნის დემონსტრირებისას, ფაქტობრივად, ბლოკავს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ჟენევის ფორმატში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებას გულისხმობს. დასავლეთი ისევ თბილისს უჭერს მხარს ამ საკითხის განხილვისას, რითაც მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავების წინაპირობას ქმნის.
„შემაშფოთებელია აშშ-ისა და ნატო-ს ქმედებები, რომელიც მიმართულია რეგიონში მათი გავლენის გაფართოებაზე. ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლების ანტირუსულ პოლიტიკას და თბილისის გაწევრიანებას ნატო-ში", -ამბობს ანატოლი სიდოროვი.
„ეს-ენ-გე"-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის უფროსი ანატოლი სიდოროვი აღნიშნავს, რომ კავკასიის რეგიონში დაძაბულობის შენარჩუნება გამოწვეულია რეგიონის ახლოს აშშ-ისა და დასავლეთის მიზნით, რომელიც რეგიონში მათი გავლენის გაძლიერებას გულისხმობს:
„პირველ ყოვლისა, ეს გამოწვეულია მის (რეგიონის) საზღვრებთან ახლოს მაღალი კონფლიქტური პოტენციალის არსებობით და ასევე იმით, რომ აშშ და დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ მოცემულ რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერებას", -დასძინა სიდოროვმა.
კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები, რომელსაც რუსეთის მაღალჩინოსნები აკეთებენ, მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრისკენ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათი ეს მცდელობები მაინც უშედეგოა:
„ზოგადად, რუსეთის ხელმძღვანელობა და მისი გენერალიტეტი ცდილობს, რომ საქართველო წამოაჩინოს ისეთ ქვეყნად, რომელსაც არ აქვს სუვერენიტეტი, დაშლილია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები არის ცალკე ჩამოყალიბებული სახელმწიფოები. ისინი ცდილობენ, რომ პროპაგანდისტული მეთოდებით ამ რეალობას შეაგუონ ქართული საზოგადოება, რაც, სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამოსდით, რადგან ყველამ ვიცით, რომ როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობს ჩამოყალიბებული აზრი, რომელის შეცვლაც რუსეთს არ შეუძლია.
„თუმცა, ამავე დროს, ისინი ცდილობენ, რომ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ფონზე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის არც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის და არც ევრაზიული კავშირის წევრი და ამით გარკვეულწილად ეწინააღმდეგება კრემლის ინტერესებს, საქართველო წარმოადგინონ, როგორც საფრთხე.
„მიუხედავად ბოლოდროინდელი ნორმალური ურთიერთობებისა ამ ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, მაინც ჩანს, რომ რუსეთი არ არის კმაყოფილი - მათი საბოლოო მიზანია, რომ საქართველო შეათრიონ ამ ევრაზიულ კავშირში და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ისინი კმაყოფილი ვერ იქნებიან იმ ურთიერთობებით, რომელიც დღეს ორ ქვეყანას შორის არსებობს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არაა ამ ორ ქვეყანას შორის. როგორც სამხრეთ კავკასიას, ასევე უახლოეს სამეზობლო ქვეყნებს განიხილავენ, როგორც საკუთარი გავლენის სფეროებს, ბუნებრივია, რომ ასეთი განცხადებების არ უნდა გაგვიკვირდეს",-აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.
„რეზონანსთან" საუბრისას კაკაჩიამ განმარტა, თუ რამდენადაა შესაძლებელი, რომ რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე გეგმებს აწყობდეს:
„ბუნებრივია ამის ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს. თუ გადავხედავთ დასავლეთის ძალიან ბევრ ქვეყანას, იქ უკვე ღიად საუბრობენ ამაზე, მათ შორის ე.წ. ჰიბრიდული ომების ტაქტიკის გამოყენებაზე, კიბერ ომებისა და სხვადასხვა საშუალებების შესახებ, რომელსაც რუსეთი იყენებს სხვადასხვა ქვეყნებში.
„ეს კეთდება იმისთვის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და, მათ შორის, საქართველო დაარწმუნონ იმაში, რომ მათ დასავლეთში არავინ ელოდება, არ მიიღებენ არც ნატო-ში და არც ევროკავშირში და ამით ცდილობენ შეიტანონ დეზორგანიზაცია საზოგადოების აზრში.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ძალიან გაიზარდა ადამიანთაშორისი ურთიერთობები, არ არის გამორიცხული, რომ ამავე დროს გაიზარდოს რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენ წინააღმდეგ, რადგან ისინი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მიიჩნევენ თავიანთი სასიცოცხლო მნიშვნელობის გავლენის სფეროებად. მათი ინტერესები აქ ყოველთვის ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სხვა დასავლურ სახელმწიფოებში", - განაცხადა კაკაჩიამ.