რეგიონებში მოსახლეობა ბუნებრივ აირზე დარიცხულ გაზრდილ გადასახადს აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წინა თვეებთან შედარებით, მიმდინარე თვეში გაორმაგებული გადასახადი დაერიცხათ. კომპანიას თავისი არგუმენტები აქვს, რაც აბონენტებისთვის, რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არ არის.
რამდენიმე დღის წინ განსაკუთრებით აღშფოთებული იყო რუსთავის მოსახლეობა. ასობით ადამიანი აცხადებდა, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი იანვრის თვეში, წინა თვეებთან შედარებით, გაორმაგებულად დაერიცხათ და მრიცხველის ჩვენება არარეალურია, რადგან გაზს იგივე რაოდენობით მოიხმარენ.
რამდენიმე მომხმარებელმა განაცხადა, რომ იანვრის თვეში საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა, მაგრამ გადასახადი თითქმის იგივე დაუფიქსირდა, რაც დეკემბრის თვეში.
„31 დეკემბრის შუადღიდან 20 იანვრის საღამომდე არ ვიყავი სახლში. ქვითარი კი 26 დეკემბრიდან 27 იანვრის ჩათვლით იყო მოსული. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ამდენი დღე არ ვიმყოფებოდი, გადასახადი თითქმის იგივე მომივიდა, რაც ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის 26-მდე იყო მოსული“, - განაცხადა მომხმარებელმა დეა მინაძემ.
გაზრდილი გადასახადის დარიცხვამ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ „სოკარ ჯორჯია გაზი“ იძულებული გახდა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვებთან დაკავშირებით განმარტება გაეკეთებინა.
კომპანიის ინფორმაციით, გარე ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით დაწევა იწვევს გაზის ხარჯის 3-4%-ით ზრდას.
„მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული დიდი რაოდენობის ზარების გათვალისწინებით, გვსურს გაგიმარტოთ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის ხარჯების მომატებასთან.
- კვლევების თანახმად ცნობილია, რომ გარე ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით დაწევა იწვევს გაზის ხარჯის 3-4%-ით ზრდას. თუ თქვენს საცხოვრებელ სახლში გამათბობელი გარკვეულ ტემპერატურაზეა დაყენებული, თქვენი დანადგარი მუშაობს შესაბამისი დატვირთვით, მაგრამ როგორც კი გარეთ ტემპერატურა დაიწევს, იმისათვის რომ შენარჩუნდეს სასურველი ტემპერატურა თქვენს სახლში, დანადგარს უწევს მეტი დატვირთვით მუშაობა, რაც შესაბამისად ზრდის გაზის მოხმარებას/ხარჯს. აქვე გასათვალისწინებელია წყლის ტემპერატურის ცვალებადობა. რაც უფრო დაბალია შემომავალი წყლის ტემპერატურა, მით მეტი ენერგიაა (მოცემულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზი) საჭირო მის გასათბობად.
- იანვრის თვე დატვირთულია დღესასწაულებით. რაც ბუნებრივია აისახება გაზის მოხმარებაზე. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, თუ თქვენ კვლავ არ ეთანხმებით იანვრის თვეში განხორციელებულ დარიცხვას, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 16 114, სადაც ოპერატორები მოგაწოდებენ ინფორმაციას გასული წლების ანალოგიურ პერიოდის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ შედარებითი ანალიზი.
ასევე თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი მრიცხველი გამართულად არ მუშაობს, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი შემოწმება, თქვენი მომართვის საფუძველზე მრიცხველი გაიგზავნება ექსპერტიზაზე და, იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ მრიცხველი აღრიცხავს ცდომილებით, თქვენი ხარჯი დაკორექტირდება და ექსპერტიზის ხარჯს დაფარავს კომპანია, ხოლო თუ დადგინდება მრიცხველის გამართული მუშაობა, ხარჯები დაიფარება განმცხადებლის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.