„ლევან გაჩეჩილაძე მერაბიშვილის დავალებას ასრულებს

„ლევან გაჩეჩილაძე მერაბიშვილის დავალებას ასრულებს"

გასულ კვირას ჩვენი საზოგადოება ეროვნული ნაკრების თამაშსა და მიუნხენის ინციდენტზე საუბრობდა. მიუნხენის აეროპორტში დატრიალებულმა ამბებმა პარლამენტში ნიკა გილაურის გამოსვლა უინტერესო გახადა.

მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი ქართული ოპოზიციის საქმის გარჩევის არენად იყო ქცეული. ერთმანეთს ქართული პარტიის ლიდერი და გენერალი ბადრი ბიწაძე დაუპირისპირდნენ.

მათ შორის საქმის გარჩევას ერი უკვე დიდი ხანია ელოდა. არცთუ შორეულ წარსულში გაზეთმა "ასავალ–დასავალმა" ბადრი ბიწაძის სკანდალური ინტერვიუ გამოაქვეყნა. ამ ინტერვიუში ბიწაძემ გაჩეჩილაძეს სერიოზული ბრალდებები წაუყენა. ამ ინტერვიუს თანახმად, გაჩეჩილაძე სააკაშვილს ევაჭრებოდა.

ამ ინტერვიუს აქ დიდი ამბები მოჰყვა. გაჩეჩილაძე თავიდან ბიწაძესთან დებატებს ითხოვდა. როცა ის მხარე დებატებს დათანხმდა, გაჩეჩილაძემ ინტერვიუში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა მოითხოვა.

ამ ამბავს დიდი ხმაური მოჰყვა. ყველა ელოდა, რომ საქმე დიდი გარჩევით დასრულდებოდა. მსგავსი არაფერი მომხდარა. სკანდალი ძალიან მალე ჩაცხრა. თბილისში ამბობდნენ, ბიწაძე და გაჩეჩილაძე შერიგდნენო. ამ ხმების გავრცელებას ხელს ქართული პარტიისა და სახალხო კრების განცხადებებიც უწყობდა.

ერთიცა და მეორენიც ამბობენ, რომ ხელისუფლებას მხოლოდ აქციებით შეცვლიან. რაკი ასე იყო, ერმა იფიქრა, რომ ერთმანეთში საქმე მოაგვარესო. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის ექსთავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარიზში ჩავიდა. გავრცელდა ჭორი, რომ ის ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. ოქრუაშვილი და გაჩეჩილაძე ერთ გუნდში არიან. ჭორების მიხედვით, პარიზულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ამ ამბით გახარებული ერისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო მიუნხენში მომხდარი ინციდენტი. ინციდენტიდან ერთ დღეში ერმა ახალი ინციდენტის შესახებ შეიტყო. სახელისუფლებო არხებმა გვამცნეს, გაჩეჩილაძე ბიწაძეს წყნეთში მიუვარდა და აგინაო. ისიც ითქვა, თითქოს ბიწაძემ და ბურჯანაძემ პატრული გამოიძახეს. პატრულიც მოსულა, მაგრამ გაჩეჩილაძე გაქცეულა.

ქართული პარტია და ბადრი ბიწაძე ამბობენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ქართული პარტია ამ ინფორმაციას ხელისუფლების მიერ შეგნებულად გავრცელებულს უწოდებს.

ბადრი ბიწაძე კი, ლევან გაჩეჩილაძეს ადანაშაულებს ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში. რა მოხდა მიუნხენში, რა დაკვეთა აქვს მიღებული გაჩეჩილაძეს, რა საჭიროა რინგის მოწყობა, რა სკანდალური ცნობები შეიძლება გაჟღერდეს ამ თემებზე, ბადრი ბიწაძე "სარკეს" ესაუბრება.

მოდით, გერმანიაში მომხდარი ინციდენტით დავიწყოთ. როგორ მოხდა, რომ თქვენ და გაჩეჩილაძე ერთად აღმოჩნდით მიუნხენის აეროპორტში.

– ორივენი თბილისში მოვფრინავდით. მიუნხენის აეროპორტში სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. იქ მოულოდნელად გამომეცხადა ლევან გაჩეჩილაძე.

როგორც კი ერთმანეთს შეხვდით, მაშინვე ჩხუბი დაიწყეთ, თუ ჯერ რამეზე იკამათეთ?

– იმას, რაც მიუნხენის აეროპორტში მოხდა, ჩხუბი არ ერქვა.

ამბობენ, რომ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.

– მსგავსი არაფერი ყოფილა. გაჩეჩილაძე მოვიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. მერე ადგა და უკან, თავისიანებთან მივიდა.

ვინ იყო მასთან ერთად აეროპორტში?

– მისი პარტიის წევრები. მასთან ერთად კოკა გუნცაძე, სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი იყვნენ.

მიუნხენში თქვენ მარტო იყავით?

– მარტო ვიყავი. ჩემთან ერთად არავინ იყო.

გამოდის, რომ ოთხნი ერთის წინააღმდეგ იყვნენ.

– მერე რა პრობლემაა. ეგ არაფერია.

თქვენ შორის ურთიერთობა სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დაიძაბა. "ასავალდასავალში" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, თქვენ და ლევან გაჩეჩილაძე ერთმანეთს აღარ შეხვედრიხართ?

– ამ ინტერვიუს შემდეგ, ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. თუ საქმის გარჩევა უნდოდა, მას შეეძლო თბილისში შემხვედროდა. ჩემი მოძებნა ამ ქალაქში, მგონი, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა. მიუნხენში მან პროვოკაცია მომიწყო. იმას, რაც გერმანიაში მოხდა, სხვა სახელს ვერ დაარქმევ. გაჩეჩილაძეს ძალიან უნდა, გამომიყვანოს წყობიდან, თანაც ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას უნდა გააკეთოს. აი, ასეთი დავალება აქვს მიღებული.

ამბობთ, დავალება აქვს მიღებულიო. მიუნხენში თუ მართლა პროვოკაცია მოგიწყოთ, ხომ შეიძლებოდა ჩხუბის შემთხვევაში ორივენი დაეკავებინეთ?

– შეიძლებოდა. ოღონდ იმას ადვოკატები ჰყავდა. მისი თანაპარტიელები იტყოდნენ, რომ ჩემი ბრალი იყო. ის მიუნხენში დავალებას ასრულებდა.

ვისგან აქვს ეს დავალება მიღებული და რა მიზანს ისახავს ის?

– ვისგან აქვს მიღებული და ხელისუფლებისგან. როგორც ჩანს, სხვა დავალებებს ვეღარ უსრულებს. ახლა, როგორც ჩანს, ახალი ვალდებულება აიღო, რომ ჩემი თავი ვანო მერაბიშვილს დააჭერინოს. მიუნხენშიც ეს იყო ჩაფიქრებული. მაგრამ იცოდეთ, რომ პროვოკაციის მოწყობასაც შნო უნდა.

მიუნხენში მერაბიშვილს როგორ უნდა დაეკავებინეთ?

– მიუნხენში თუ დაგვაკავებდნენ, მერე ესენიც ჩაერთვებოდნენ. ვარაუდობდნენ, რომ ეს ჩხუბი შეიძლებოდა თბილისში გაგრძელებულიყო. პროვოკატორებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

თბილისში თქვენ და ქართული პარტიის წევრები ერთი რეისით დაბრუნდით?

– დიახ.

იქ თქვენ შორის არანაირი დაპირისპირება აღარ მომხდარა?

– არანაირი. თავისთვის ისხდნენ. ეს რომ ხელისუფლების დაკვეთა იყო, ამაზე ნაციონალური არხების სიუჟეტებიც მეტყველებს. სულ ამ ინციდენტზე საუბრობენ. აღარ დაამთავრეს. თან ტყუილს ამბობენ, თითქოს გაჩეჩილაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. ჩემთან ფიზიკური დაპირისპირება იოლი საქმე არ არის.

ამბობთ, რომ ეს პროვოკაცია ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ შორის კიდევ რაიმე ინციდენტი მოხდეს?

– მე ასეთ იაფფასიან პროვოკაციებზე არ წამოვეგები. გაჩეჩილაძეს თუ უნდა ჩემთან რამის გარკვევა, მზად ვარ, ნებისმიერ ადგილას შევხვდე და საქმე გავარკვიო. აეროპორტში ამის გაკეთება არ შეიძლება. მიუნხენში მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, როგორმე წყობილებიდან უნდა გამოვეყვანე. ჟურნალისტები ამ თემით ძალიან არიან დაინტერესებულნი. რაკი ასე გაინტერესებთ, მოაწყვეთ არენა და იქ გამოვალ.

არენაზე გამოსვლას რომ აპირებთ, რომელიმე საბრძოლო ხელოვნებას თუ ფლობთ? მაგალითად, სამბოს. ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარ ხალხს ეს სახეობა კარგად აქვს ათვისებული.

– როგორი მომზადებული ვარ, ეგ არენაზე გამოჩნდება. ისე, არავის ვურჩევ ჩემთან ჩხუბს. ეს ძნელი საქმეა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, თქვენ შეიძლება რაიმე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელოთ. მართლა აპირებთ ამის გაკეთებას?

– რა ინფორმაცია უნდა გავავრცელო? რაც გასავრცელებელი იყო, უკვე გავრცელდა.

ვითომ ამის მეტი ინფორმაცია არა გაქვთ? თქვენ კიდევ ბევრი რამე გეცოდინებათ?

– რა თქმა უნდა, ვიცი. ისეთ სტრუქტურებში ვმუშაობდი, რომ ბევრი რამე ვიცი. ის უნდა გაგიკვირდეთ, ინფორმაციები რომ არ მქონდეს. ინფორმაციები მაქვს, მაგრამ არავისზე ვაპირებ სკანდალური ცნობების გავრცელებას.

ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, თქვენი მეუღლე პარიზში იმყოფებოდა. არის ინფორმაცია, თითქოს ნინო ბურჯანაძე ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. მართლა შედგა ასეთი შეხვედრა?

– ნინო ირაკლი ოქრუაშვილს არ შეხვედრია.

სახალხო კრებაც და ქართული პარტიაც ხელისუფლების შეცვლას აქციების გზით აპირებთ. ამ დროს ერთმანეთს ასე უპირისპირდებით. უმჯობესი არ იქნებოდა, ერთმანეთთან პრობლემები მოგეგვარებინათ და შერიგებულიყავით?

– აქ შერიგება არაფერ შუაშია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით არ შეიცვლება. საჭიროა აქციები. ქართული პარტიაც ასე ფიქრობს. ჩვენ ხელისუფლების შეცვლას მშვიდობიანი მეთოდებითა და ხალხთან ერთად ვაპირებთ.

ქართული პარტიის წევრები თქვენ მიერ ორგანიზებულ აქციაზე რომ მოვიდნენ, არ მოუშვებთ?

– ეს მათი საქმეა. აქციაზე ყველას შეუძლია მისვლა. ჩვენ რა უფლება გვაქვს, ვინმეს მიტინგზე ყოფნა დავუშალოთ. ვისაც ხელისუფლების შეცვლა უნდა, მოვიდეს და იბრძოლოს ამ მიზნის მისაღწევად. მხედველობაში ნამდვილი ბრძოლა მაქვს.

რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მხედველობაში ნამდვილი ბრძოლა გაქვთ?

- ისე აღარ უნდა მოხდეს, ხალხი რომ ქუჩაში გამოიყვანონ და მერე ივაჭრონ. თუ ბრძოლაა, ბრძოლა უნდა იყოს და არა ვაჭრობა და გარიგება.