„თუ ვინანებ, დაგირეკავთ და ვიტირებ

„თუ ვინანებ, დაგირეკავთ და ვიტირებ"

გასულ ზაფხულს ინგა გრიგოლიას პოლიტიკური თოქ შოუ „პრაიმ ტაიმი" დაუხურეს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის პირობებით გადაცემა წლის ბოლომდე უნდა გასულიყო ეთერში. ინგას გადაცემების დახურვაზე „იმუნიტეტი" უკვე გამოუმუშავდა, ამიტომ ამ ფაქტს მომზადებული დახვდა. ცხადი გახდა, რომ უახლოეს მომავალში იგი ტელეეთერში წამყვანის ამპლუაში აღარ გამოჩნდებოდა და სასწრაფოდ სხვა ინტერესებზე გადაერთო.

გადაწყვიტა, ინგლისური ენის სასწავლად ლონდონში წასულიყო. იქიდან დაბრუნებამდე კი ინგაზე ადრე საქართველოში ინფორმაცია ჩამოვიდა პოლიტიკაში მისი წასვლის შესახებ. ახლა იგი თავისი ძველი კოლეგების, ასევე ყოფილი ჟურნალისტების, თანაპარტიელია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს უმიზნებს.

ინგა გრიგოლიასთან საუბარი მისი ლონდონური ცხოვრებით დავიწყეთ.

ინგა, როგორი იყო ლონდონში თქვენი ცხოვრების რიტმი?

- დაახლოებით ისეთივე ვიყავი, როგორც 18 წლის ასაკში თბილისში ყოფნისას. ჯინსებით და ბოტასებით დავდიოდი სკოლაში. ინგლისურის ინტენსიური კურსი სერიოზულ სკოლაში გავიარე, ტიპური სტუდენტური ცხოვრება მქონდა. ლონდონში ყოფნის პერიოდი კარგი იყო ტვინის გასავარჯიშებლადაც და ტვინის დასასვენებლადაც, იმ ემოციებისაგან დასაცლელად, რითაც თბილისიდან წავედი. როცა ადამიანი დიდი ემოციების მატარებელი ხარ, უნდა დააპაუზო. ლონდონში ყოფნამ მიმახვედრა, რომ ხშირ შემთხვევაში პაუზა კარგია.

სტუდენტობას ადვილად მიეჩვიეთ?

- თავიდან ძალიან გამიჭირდა. ყოველდღე დილის 9 საათიდან რამდენიმე საათი მეცადინეობა, ახალი ადამიანები, მათთან ურთიერთობა, ახალი ისტორიები... რასაკვირველია, ეს თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ მერე ძალიან მივეჩვიე და დროზე რომ არ მიმეღო გადაწყვეტილება, შეიძლებოდა რიტმი გამტკბარიყო და კარგა ხანი არ ჩამოვსულიყავი. ეს - ნახევრად ხუმრობით, თორემ, პირველ რიგში, ჩემი ოჯახი მენატრებოდა, ჩემი შვილი. იგი ტალინშია 4 თვით სასწავლებლად წასული, ინსტიტუტიდან გააგზავნეს გაცვლითი პროგრამით. ამ მონატრებით და იმ საქმის გამო ჩამოვედი, რომლის გასაკეთებლადაც ძალიან ვარ შემართული.

ინგლისური რა დონეზე ისწავლეთ?

- კარგად. ძალიან წარმატებული და კარგი კურსი იყო. თან აუცილებელი იყო ჩემთვის. მანამდე ვერასოდეს მოვიცალე საკუთარი თავისთვის.

ალბათ ახალი მეგობრებიც შეიძინეთ.

- ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა, ბევრი სერიოზული მეგობარი შევიძინე. ოთხ თვეზე მეტ ხანს მომიწია იქ ცხოვრება. ამიტომ იმდენ ხანს არ ვყოფილვარ, რომ რადიკალური ცვლილებები მომხდარიყო ჩემში, უბრალოდ როცა ხარ საინტერესო ქვეყანაში და საინტერესო ადამიანებთან იწყებ ურთიერთობას, ეს გახალისებს და სიახლეები შემოაქვს შენს ცხოვრებაში.

გართობისთვის თუ გრჩებოდათ დრო?  

- კი, როგორ არა, გართობისთვის დრო ყოველთვის მრჩება. არასოდეს ვყოფილვარ სწავლაზე ან სამსახურზე დაფეთებული, რომ იმის იქით ჩემთვის არაფერი ყოფილიყო. გართობისა და დასვენებისთვის, მეგობრებისთვის ყოველთვის ვპოულობ დროს, რაც უნდა დატვირთული დღის რეჟიმი მქონდეს. ეს ისეთი თემაა, ყველაზე აქტიურმა სამსახურმაც კი ვერ დამათმობინა. თუ ადამიანი რელაქსაციისთვის დროს არ იტოვებს, რობოტი ხდება. მე კი რობოტები არ მიყვარს, ადამიანი უნდა იყო, შენი რეალური ცხოვრებით.

ლონდონური გართობა ჩვეულებრივია, კლუბებით დაწყებული მეგობრების წრით დამთავრებული. განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით, მით უმეტეს, დროის დიდ ნაწილს მაინც სკოლაში ვატარებდით.

აქ სუპერპოპულარული სახე ლონდონში უცბათ სრულიად უცნობი აღმოჩნდით. ასეთმა მკვეთრმა ცვლილებამ როგორ იმოქმედა თქვენზე?

- შეიძლება ესეც ერთგვარი დასვენება იყო. მაინცდამაინც არ ვფიქრობდი, როგორ გამოვიყურებოდი, აუცილებელი არ იყო, გარეგნობაზე ბევრი მეფიქრა და ამისგანაც სრულიად დავისვენე. ბოლო კვირას სოფო ნიკოლაიშვილი იყო ჩამოსული და ვიცინოდი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი როგორ უნდა ჩავიცვა, აღარ მახსოვს–მეთქი. ფართიზე და სხვა გასართობ ადგილებშიც დაბალძირიანი ფეხსაცმელი მეცვა, თუმცა თბილისში რაც ჩამოვედი, ქუსლიანი ფეხსაცმელი არ გამიხდია.

ჩვენს ქალაქს თავისი ხიბლი აქვს და თავისებურად განგაწყობს. თბილისში ისე ვერასოდეს გავივლი, როგორც ლონდონში დავდიოდი. იქ „ბომჟივით" კი არ მეცვა, უბრალოდ, უფრო თავისუფალი ვიყავი. შეიძლება იმიტომ, რომ აქ მცნობენ და მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ზოგადად არასოდეს დავუღლივარ ყურადღებას, თბილისში არ მეგულება არც ერთი ადამიანი, რომელიც ისეთი პოპულარულია, რომ დაღალოს ყურადღებამ. იქ ისეთი თავისუფლებაა, რომ რაც გინდა, აკეთე. ჩვენთან კი ასე ვერ იცხოვრებ, ბევრ რამეს უნდა გაუწიო ანგარიში. საკუთარ ქვეყანაში სხვა ვალდებულებები გაქვს.

ოთხი თვე საკმაო დროა იმისთვის, რომ უცხო ადამიანები შეისწავლო და შეაფასო. როგორები არიან უცხოელი მამაკაცები?

- ძალიან საინტერესოები. მოვიხიბლე ესპანელი და შვეიცარიელი ბიჭებით. მანამდე არ მქონია ურთიერთობა ესპანელებთან, მათ ლონდონში დავუმეგობრდი და აღმოვაჩინე, რომ ბიჭებიც მაგრები არიან და გოგოებიც. მეც მქონდა აკვიატება, რომ მარტო ქართველი კაცი უნდა მოგეწონოს და ქართველის იქით არ გაიხედო, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალიან საინტერესოები არიან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. იქ ყოფნის პერიოდში ორი რუსი მეგობარი გოგონა შევიძინე. დიდი ხანია, თბილისში ასეთი კარგი მეგობარი არ შემიძენია. ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დაძაბულობას ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ამ თემებზეც გვქონდა საუბარი.

როგორც ქალი, არავინ მოგხიბლათ?

- არა, ამ მხრივ საინტერესო არაფერი მომხდარა.

თუმცა საინტერესო ის მოხდა, რომ პოლიტიკაში ჩაებით. ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

- ბევრს ეგონა, რომ ეკრანს ჩაბღაუჭებული ადამიანი ვიყავი. არ მიმაჩნია, რომ ძალიან შორს წავედი და რადიკალურად შევიცვალე. იმას გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. უბრალოდ ახლა უფრო თავისუფალი ვიქნები ჩემს ქმედებებში და თან ასჯერ უფრო მწვავე, ვიდრე მანამდე ვიყავი. მთავარია, საკუთარ თავში მოწოდებას ხედავდე, რომ რაღაცის გაკეთება გინდა. მნიშვნელობა არა აქვს, ჟურნალისტი იქნები, პოლიტიკოსი თუ ექიმი. ძალიან ხმამაღალი ნათქვამი თუ არ გამომივა, განვაცხადებ, რომ ჩემს თავში ვხედავ ძალას, მოწოდებას და სურვილს, ის საქმე ვაკეთო, რომელსაც შევუდექი. არ მგონია, რამე ტიპის ნოსტალგია გამიჩნდეს ან ისეთი პასიური პოლიტიკოსი ვიყო, რომელიც ეკრანსა და მიკროფონთან უცხო იქნება. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდება, თუ ეკრანს ჩამოშორდა. ეკრანთან ერთად არ დავბადებულვარ. სანამ ტელევიზიაში გამოვჩნდებოდი, ზუსტად ასეთი ტიპი ვიყავი და ვერავინ იტყვის, რომ ეკრანზე გამოჩენის შემდეგ რაიმე შეიცვალა ჩემს შინაგან, ადამიანურ ღირებულებებში.

ფაქტია, საქართველოში ვინც პოლიტიკაში ჩაება, მეტნაკლებად ყველა გაისვარა, ანუ პოლიტიკოსობა ავტომატურად ნიშნავს პოზიტიური რეიტინგის დაცემას. როგორ ფიქრობთ, არ რისკავთ იმით, რომ ხალხის ისეთი სიყვარულით ვეღარ ისარგებლებთ, როგორიც ჟურნალისტობის დროს გქონდათ?

- რისკი ყველაფერშია, ჟურნალისტობა არ არის რისკი? შეიძლება რაღაც გამოგივიდეს, რაღაც - არა. სამწუხაროდ, საქართველოში დიდად არ უყვართ პოლიტიკოსები, მაგრამ ამ დადგენილ წესებს და კლიშეებს უნდა გადააბიჯო, თუ შენს თავში ხედავ, რომ გაქვს ამის მოწოდება. ხალხს პოლიტიკოსის უნდა სჯეროდეს ან არ უნდა სჯეროდეს, იმედი უნდა ჰქონდეს ან - არა, მაგრამ არ არის საჭირო, უყვარდეს. სააკაშვილი რომ 96–მა პროცენტმა მოიყვანა ხელისუფლებაში, ნახეთ, რა უბედურებაც დამართა ჩვენს ქვეყანას უკონტროლო ხელისუფლებამ. არც ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ყვარებია ყველას, ნახევარი ლანძღავდა და აკრიტიკებდა, ნახევარი კი მხარს უჭერდა. არასოდეს ყოფილა ჩემ მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება, ყოველთვის ვიყავი კრიტიკის მთავარი ობიექტი.

ისიც გამიგია, ინგას ვერ ვიტან, მაგრამ მის გადაცემას ვუყურებო. მაგალითად, როცა „იმედიდან" წამოვედი და ტოქ შოუ „პრაიმტაიმი" გავაკეთეთ, ერთმა ქალმა მითხრა, ვოცნებობდი, არ გამოგსვლოდა გადაცემა, შენზე ისეთი გაბრაზებული ვიყავი, მაინც ვერ გავძელი, ერთ გადაცემას ვუყურე და მას მერე სულ გიყურებო. ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, აი, ასეთი დამოკიდებულება იყო ყოველთვის. შეიძლება ვიღაცას არ უყვარდე, უფრო მეტიც, აღიზიანებდე, მაგრამ გიყურებდეს. არ არის აუცილებელი, პოლიტიკოსი გიყვარდეს, მთავარია, სჯეროდეს ხალხს მისი და არ დაავიწყდეს ის, რას ჰპირდება ამომრჩეველს.

არასოდეს მიმიღია გადაწყვეტილება იმპულსურად. რა არაორდინარულიც უნდა ყოფილიყო ჩემი ნაბიჯი, ყოველთვის გააზრებულად ვდგამდი. მოვედი და იმ ადამიანებთან დავდექი, რომლებთან ერთადაც ბევრი კარგი რამე გამიკეთებია, ვისიც მჯერა.

პოლიტიკოსები როგორ შეხვდნენ თქვენს გაპოლიტიკოსებას?       

- ზომიერი შეფასებებიც იყო და რადიკალურიც, ეს ხელისუფლების პროექტი ხომ არ არისო. ვერ გეტყვით, მეწყინა ან მოულოდნელი იყო–მეთქი, მაგრამ გამიკვირდა, რადგან იმ პოლიტიკოსებმა იციან, რომ ამ წლების მანძილზე არ დამიტოვებია კითხვა ან კადრი, ყველაზე უხერხულიც კი ამ ხელისუფლებისთვის, რომ ეთერში არ გამეშვა. იმედია, ეს ეჭვები გაეფანტებათ, რადგან უფრო თავისუფალი და შემტევი ვიქნები.

რიტორიკული კითხვა დაისვა - ჟურნალისტი კი იყო კარგი, მაგრამ ასეთივე პოლიტიკოსი თუ იქნებაო. მე არ ვიცი, როგორი პოლიტიკოსი ვიქნები, მაგრამ მინდა, ხალხისთვის საინტერესო პოლიტიკოსი ვიყო. არანაკლები ვიქნები, ვიდრე ეს ჟურნალისტიკაში მოვახერხე. შეიძლება ორი თვის მერე მოხვიდეთ და მითხრათ, შენ ვერ გაამართლე იმედიო, მაგრამ ახლა ასეთი შემართება მაქვს.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჟურნალისტიკიდან წასვლა ინანოთ?

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ისეთი რაღაცეები მინანია ცხოვრებაში, რომ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც ვინანო, მაგრამ ჯერჯერობით საქმესთან დაკავშირებული ჩემი ნაბიჯები არასოდეს მინანია. ინტუიცია მაქვს სერიოზული. თუ ვინანებ, დაგირეკავთ, ვიტირებ და ინტერვიუს მოგცემთ ასეთივე გულწრფელს.