"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 150-ადგილიან პარლამენტში არჩევნების შედეგად, რომელიც 1 ოქტომბერს გაიმართება, უმრავლესობის შენარჩუნებას იმედოვნებს. არსებობს თუ არა რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ხელისუფლებაში დარჩება? "იზვესტიას" კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური პასუხობს.
- როგორ შედეგებს ელით საპარლამენტო არჩევნებისგან?
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველომ კვლავ გაუგზავნოს სიგნალი მთელ მსოფლიოს იმის შესახებ, რომ ჩვენ ისეთივე ქვეყანა ვართ, როგორიც დღეს: დემოკრატიული და თავისუფალი. ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობა, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი ან გაზი ან რაიმე ბუნებრივი სიმდიდრე, რომლითაც ყურადღებას მივიპყრობდით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობების განვითარება დასავლეთთან, მათ შორის იმიტომაც, რომ ასე შევძლებთ აგრესიისგან დაცვას, რომელიც რუსეთისგან მოდის. საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვისაც, ამიტომაცაა მის მიმართ ასეთი დიდი ყურადღება. არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭირვალედ, რათა არ იყოს ეჭვი, რომ შედეგები ხალხის ნების არ შეესაბამება. ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
- ქართულ ციხეებში პატიმრების წამებასთან დაკავშირებულმა სკანდალმა არა მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოება, არამედ დასავლეთიც შოკში ჩააგდო. როგორი იყო საქართველოს ხელისუფლების რეაქცია?
- გავრცელებული ვიდეო-მასალები, რომელიც ციხეებში მომხდარს ასახავს და ეს ეჭვს არ იწვევს, ჩვენმა ოპონენტებმა სპეციალურად სწორედ არჩევნებისთვის შემოინახეს. ხელისუფლების რეაქცია? ვფიქრობ, საჭირო იყო მასში მონაწილე პირების ოპერატიულად დაკავება და სასჯელაღსრულების მინისტრი მალევე უნდა გადამდგარიყო. რაც შეეხება შს მინისტრის გადადგომას, ჩემი აზრით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, საქართველოში ეს გააკეთეს. მინისტრებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს. დაკავებულია 12 დამნაშავე. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ მოქმედების მნიშვნელობა გააცნობიერა.
- თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, თუმცა საქართველოში რუსული ბიზნესი საკმაოდ აქტიურად არსებობს. 2011 წელს საქართველოს 2,8 მლნ რუსი ტურისტი ეწვია, ეს ციფრი მიმდინარე წელს, უფრო მეტი იქნება. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირების როგორ პერსპექტივებს ხედავთ?
- ჩვენ რუს ხალხთან პრობლემა არ გვაქვს. საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ჩამოდიან ტურისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ჩვენ მზად ვართ, ყველასთან ურთიერთობებისთვის, ვისაც მშვიდობიანი ზრახვები აქვს. ვფიქრობ, უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება ბიზნესისთვის, სხვა კავშირებისთვის. თუმცა მე სახელმწიფო დონეზე ურთიერთობების დამყარებაში გამოსავალს ვერ ვხედავ, რამდენადაც რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსთან მიმართებაში საგარეო პოლიტიკის ორიენტირის შეცვლა არ სურს. საქართველო ასევე უარს არ იტყვის დეოკუპაციის პოლიტიკასა და სუვერენიტეტის დაცვაზე.