გეგა გეგეშიძის სინანული მოჩვენებითია, ახლა რომ შევურიგდე, ისე განვითარდება მოვლენები, ვეღარ გავაკონტროლებ, -ამის შესახებ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. ევროპის ჩემპიონი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომასაც გამოეხმაურა.
"დღესდღეობით პრეზიდიუმში ისეთი ხალხია, რომლებსაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ და მე ამ პრეზიდიუმს არ ვენდობი. რომ დაინიშნება სხდომა დაზუსტებით გავეცნობი, თუ ვინ იქნება იქ და შემდეგ გადავწყვეტ, დავესწრები მას თუ არა.
ეს არ არის ჩემთვის მარტივი თემა. ქვეყნის დატოვების სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ არსებული ფედერაციის პირობებში საქართველოში ჩემი კარიერის გაგრძელება წარმოუდგენელია. რაც შეეხება შერიგებას – მე არ მჯერა, რომ გეგეშიძე რამეს ნანობს და არ ვთვლი, ჩვენს შორის რომ ურთიერთობის მოწესრიგების შანსი არსებობს. ჩემი საქმე არის ის, რომ სპორტული კარიერა უკეთესობისკენ წარვმართო. ვაპირებ, რომ გავიმარჯვო. ისე გამოჰყავთ, რომ თითქოს მათ შერიგება უნდათ და ზურას არ უნდა შერიგება. რეალობა კი სხვაგვარია – მათ არ უნდათ შერიგება", - თქვა დათუნაშვილმა პრესკონფერენციაზე.
24 იანვარს სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
მანამდე გეგა გეგეშიძე პოლიციამ დაკითხვის შემდეგ დააკავა. მას სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავებიან.