საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია სოციალურ ქსელში მიხეილ ბატიაშვილის განათლების რეფორმას აკრიტიკებს.
მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება დრო, როდესაც ჩაწყობით და ჩალიჩით ხვდებოდნენ აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში.
"ავაზაკები ხიდის თავში - 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისაღებ გამოცდებზე აღებული ქრთამი 10 მილიონ დოლარს აღემატებოდა და უნივერსიტეტებში "თავისით“, ანუ ფულისა და ნაცნობობის გარეშე, აბიტურიენტთა 20%-ზე ნაკლები ირიცხებოდა. ჩვენ ყველას გვახსოვს, როდის დასრულდა უნივერსიტეტებში ქრთამითა და ჩალიჩით მოწყობის თითქმის ორმოცწლიანი ტრადიცია. ეს 2005 წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა. მაშინ, ჩვენმა საზოგადოებამ, თავისი ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი გადაფურცლა. საყოველთაო აღიარებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც განათლების რეფორმის შემადგენელი ნაწილი, “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი გახდა. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, მეამაყება იმ გუნდის ლიდერობა, რომელმაც ამ პროექტს ხორცი შეასხა. დღეს, ჩვენი საზოგადოების ამ საერთო მონაპოვარს საფრთხე ემუქრება - კორუფცია მისაღებ გამოცდებზე შეიძლება დაბრუნდეს. ისევე, როგორც ის დაბრუნდა სახელმწიფო მმართველობის სხვა მრავალ სფეროში.
მეტაფორულად, გამოცდები წარმომედგინა, როგორც ორ ქალაქს შორის ჩამომავალ მდინარეზე გადებული ხიდი. ვისაც ერთი ქალაქიდან (სკოლა) მეორეში (უნივერსიტეტი) გადასვლა უნდოდა, ხიდის თავში დაბანაკებული ავაზაკებისთვის ქრთამი უნდა მიეცა. გადაიხდი - გაივლი, ვერ გადაიხდი და დაიჩაგრები. მაშინ, ჩვენ ეს ავაზაკები გავყარეთ, ხიდი შევაკეთეთ, გავანათეთ და გადასვლის ყველა მსურველისთვის ცოდნაზე დაფუძნებული, თანაბარი და სამართლიანი პირობები შევქმენით. დღემდე, ასიათასობით ახალგაზრდამ გაიარა ეს ხიდი, საკუთარი პასუხისმგებლობით, სიბეჯითითა და ცოდნით.
ჩვენ იმთავითვე კარგად გვესმოდა, რომ ხიდის მოწესრიგება, რეფორმის ერთი ნაწილი იყო. ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებელთა მოტივაცია და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა, სკოლების მართვა და თვითმმართველობა, და ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება შეადგენდნენ სხვა კომპონენტებს. ყველა ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები, 2004-2007 წლებში ყველაზე ენერგიულად, შემდგომი 1-2 წელი, ომის გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად.
მერე, როგორც ხდება ხოლმე, ახალ საქმეს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. პირველი ილუზია იყო, მეორე შური. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფენომენალურმა წარმატებამ, ზოგიერთს იმის ილუზია შეუქმნა, რომ განათლების ხარისხის ამაღლება მხოლოდ გამოცდებით იყო შესაძლებელი, რასაც მოჰყვა: "აქ ეს გამოცდა დავამატოთ, იქ ეს გამოვაკლოთ, და ყველაფერი მოსეწრიგდება“. განათლების ხარისხის გაუმჯობესების მარტივი, სწრაფი და იაფი რეცეპტები მართალია მიმზიდველია, თუმცა როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, წარმატება კომპლექსურ, გრძელვადიან და ფინანსურად უზრუნველყოფილ სტრატეგიებს მოაქვს. სამწუხაროდ, 2010 წლიდან ხელისუფლების პრიორიტეტები შეიცვალა. რეფორმა დაამუხრუჭეს, მისი ზოგიერთი კომპონენტი გააუქმეს, ზოგიერთს მიმართულება დიამეტრულად შეუცვალეს, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა გადარჩა.
რაც შეეხება მეორე მოწინააღმდეგეს, შურს, სამართლიანობისთვის შეიძლება ითქვას, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს მოშურნეები არც "ნაციონალური მოძრაობის" დროს აკლდა. 2012 წლის შემდეგ კი, ბრძოლა ამ სისტემის წინააღმდეგ, უკვე პოლიტიკური ანგარიშსწორების და “ნაციონალური მემკვიდრეობის გადმონაშთებთან” ბრძოლის განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორ ვხედავთ, აქაც ნაცად ხერხს იყენებენ - შემოაგდე თემა, მოსინჯე საზოგადოების რეაქცია და შესაბამისად იმოქმედე. ბოლო ინიციატივები, ამ პოლიტიკის გაგრძელებად შეგვიძლია განვიხილოთ.
იმ ორ, მეტაფორულ ქალაქში ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა. ხიდის თავთან, ისევ ავაზაკები შეუნიშნავთ. ნუ დავაბრუნებთ ავაზაკებს ხიდთან“, - წერს ლომაია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, კახა ლომაია განათლების მინისტრის თანამდებობას 2004- 2007 წლებში იკავებდა.