ახალაშენებული ბინების რეალიზაცია მინიმუმს დაბლა დაეცა

ახალაშენებული ბინების რეალიზაცია მინიმუმს დაბლა დაეცა

საბანკო რეგულაციების მორიგი მსხვერპლი შესაძლოა სამშენებლო ბიზნესი აღმოჩნდეს. პირველი დარტყმა ტექნიკის მაღაზიებმა მიიღო და ახლა რიგში დევეროპერები არიან. შეზღუდვებიდან ჯერ მხოლოდ 1 თვე გავიდა და რეგულაციების შედეგად გაყიდვების შემცირებაზე უკვე საუბრობენ.

კომპანია „ივერიონის“ დამფუნებელი არჩილ ჯაყელი აღნიშნავს, რომ სესხებზე წვდომა არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ თავად ბიზნესსაც შეეზღუდა, რამაც სექტორის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

„აშკარად იგრძნობა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს. გარდა ამისა, მომხმარებლებთან ერთად სესხის აღება ბიზნესისთვისაც გართულდა, რაც მის განვითარებას კიდევ უფრო აფერხებს. მეორე მხრივ რომ შევხედოთ, როდესაც სესხს იღებს მოქალაქე, დებს სახლს, მერე ვერ იხდის და ამ სახლსაც კარგავს, ესეც თავისთავად პრობლემაა. რაც შეეხება დეველოპერებს, როდესაც სექტორში ისედაც ამდენი რეგულაციები მოქმედებს და ამას ემატება გაყიდვების შემცირებაც, ბიზნესის ვეღარ ვითარდება. ბინებზე ფასი მოიმატებს. შეიძლება უახლოეს პერიოდში არა, მაგრამ ეს გარდაუვალია, რაც საბოლოო ჯამში, ისევ მომხმარებლებს და დეველოპერებს არ არგებს“, - აცხადებს არჩილ ჯაყელი.

დეველოპერულ კომპანია „მეგობრობაშიც“ ადასტურებენ, რომ ახალმა რეგულაციებმა სამშენებლო ბიზნესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და მეტიც, კონკრეტულად მათი კომპანიის შემთხვევაში ეს შედეგი კატასტროფულია, რადგან იანვრის თვიდან მოყოლებული კომპანიას არც ერთი ბინა გაყიდული არ აქვს.

„რეალურად, თუკი აქამდე დაინტერესებულ პირს გააჩნდა ბინის ღირებულების 30%, ბანკი მას შემოსავლების შესწავლისა და დადასტურების გარეშე თანხას აძლევდა, ახლა კი ეს პირობა ცალსახად მოხსნილია. ამ ეტაპზე აღნიშნული პირობით მხოლოდ ემიგრანტები სარგებლობენ, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ბინის ღირებულების მინიმუმ 40% გააჩნიათ და ჰყავთ თავმდები პირი, სხვა შემთხვევაში სესხი არც მათზე აღარ გაიცემა.

რეალურად ბინას ვეღარავინ ყიდულობს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ მობინადრეებს მეტწილად გარკვეული თანხა ხელზე აქვთ, ახალი რეგულაციების გამო ბინის შეძენას მაინც ვერ ახერხებენ. ასე თუ გაგრძელდა, სამშენებლო ბიზნესი ჩაძირვის საშიშროების წინაშე დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩება, ხოლო დეველოპერები გაკოტრდებიან“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „მეგობრობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე სარიშვილმა.

დეველოპერებს ახლო მომავალში დამატებით პრობლემას შეუქმნის ის, რომ დედაქალაქში ახალაშენებული კორპუსებისათვის სამშენებლო და მენაშენეთა შესახლების წესი გამკაცრდება. დედაქალაქში ახალი საცხოვრებელი სახლების 47% ექსპლუატაციაში მიღებული საერთოდ არ არის, ხალხი კი მათში, წლებია, ცხოვრობს. სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტი მუშაობს კანონზე, რომლის თანახმად, შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე მოსახლეობის შესახლება აიკრძალება.

„ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას. ასევე, ექსპლუატაციაში მიღებას გაზისა და ელექტროსისტემის გაყვანა და გამართულობაც უნდა მიებას“, - აცხადებს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.

ცვლილებას ბიზნესის შემაფერხებლად მიიჩნევენ დეველოპერები. დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი პლუსის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ ეს რეგულაცია შეაფერხებს ბინების რეალიზაციას და დეველოპერებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„როდესაც ბინის რეალიზაცია ხდება, ის უკვე გადადის საკუთრებაში და ჩვენ უნდა ჩავუწეროთ ადამიანს ხელშეკრულებაში, რომ მას არ აქვს უფლება, მის საკუთრებაში შევიდეს მანამ, სანამ არ მოხდება კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება? პირს ნაყიდი აქვს ბინა, რომ შევიდეს და ამ დროს რა ხდება?“ - ამბობს წაქაძე.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშენებული საცხოვრებელი სახლების 47% ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. 2018 წელს მერიაში საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებაზე 1 374 განაცხადი შევიდა, საიდანაც ზედამხედველობის სამსახურმა 47%, ანუ 652 ობიექტი დაიწუნა და ექსპლუატაციაში მხოლოდ 722 ობიექტი მიიღეს.

leviko ხოდა კარგია ახლა ჰაერში ბინების დარიგებას ვერაღშეძლებენ, ბიზნესმენებ რომლებსაც ბიზნესი აქვთ გახსნილი და ანგარიშზე 100 ლარი აქვთ, მერე მისდგებიან სახელმწიფოს და ეთყვის ხალხი შენ მიეცი საშუალება რომ აშენონო და ეხლა დამეხმარეო, ჯერ ააშენოს სახლი და მერე გაყიდოს, და თუ შემოსავალი არ აქვტ ამ ხახს საინტერესოაბ ბინებს როგორ ყდულობენ, ანუ თუ არ ნუშაობენ, სახელმწიფოსთვის ეს ხახი სოციალურად დაუცველია, რა პარადოქსია
5 წლის უკან