ულტიმატუმების ახლი სერია „ოცნებაში“ - რა მოთხოვნები აქვთ მეამბოხე დეპუტატებს

ულტიმატუმების ახლი სერია „ოცნებაში“ - რა მოთხოვნები აქვთ მეამბოხე დეპუტატებს

ცხრა მეამბოხე დეპუტატი ახალი ინიციატივით გამოდის. მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ გუნდის შესაძლო დატოვების საკითხში რამდენიმედღიანი ტაიმაუტი აიღო, პარლამენტს თანამოაზრეებთან ერთად ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.  იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს.

კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი. მათ შორის არიან ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით  ჭიჭინაძე. ეკა ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს. იქნება თუ არა ეს ინიციატივა გუნდში ახალი განხეთქილების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც მმართველი გუნდის სხვა დეპუტატებს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუხატავთ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კი იმ წითელ ხაზებზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა მას „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინოს. ჩუგოშვილი სასამართლო რეფორმას ითხოვს, თუმცა კითხვას, აპირებს თუ არა გუნდიდან წასვლას, ასე პასუხობს:

„ძალიან გინდათ, რომ გუნდიდან წავიდე? გასაგებია, შეიძლება თქვენ ძალიან მონდომებული ხართ, რომ გუნდიდან წავიდე, მაგრამ მე მონდომებული ვარ, რომ ქვეყანას დაუდგეს სწორი შედეგი. წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება. ჩემთან ვერც მოხდება მათი ლობირება, რადგან ჩემი დამოკიდებულება ძალიან მკაფიოა,“ - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

„საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, მე მივიღებ გადაწყვეტილებას და დავტოვებ უმრავლესობას,“- ეს არის კიდევ ერთი ულტიმატუმი, რომლის ავტორიც მმართველი გუნდის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია.

ნაცვლიშვილი სასამართლოსთან ერთად საპენსიო რეფორმის ინიცირებას გეგმავს და აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა მისი მნიშვნელობით მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს არ ჩამოუვარდება.

"ორი საკითხი დგას დღის წესრიგში, რომელიც არის ჩემთვის წყალგამყოფი - ეს არის მოსამართლეების საკითხი, რომელიც განიხილება ცოტა უფრო გვიან და მეორე არის საპენსიო რეფორმა. საპენსიო რეფორმის საკითხი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი,  მხარდაჭერა თუ არ მექნება ე.ი. ჩვენს შორის არის ძალიან დიდი ღირებულებითი განსხვავება. საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო უმრავლესობა" - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

ბესელია კი აცხადებს, რომ  შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. პარალელურად დაიწყოს ორგანულ კანონზე მუშაობა და სამართლებრივად მოწესრიგდეს ის ნორმები, რომლებიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნას. იმედი აქვს, რომ ამ ინიციატივას უმრავლესობა მხარს დაუჭერს. 

რაც შეეხება გუნდის დატოვების საკითხს, ინიციატივის ერთ-ერთი ხელმომწერი გედევან ფოფხაძე ამბობს,რომ ამ დროისთვის თანამოაზრეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„აზრთა სხვადასხვაობა რომ არის ბუნებრივია, ეს აზრთა სხვადასხვაობა რამდენად გამოიწვევს ჩვენსა და გუნდს შორის დისტანცირებას უნდა გავერკვეთ, ჩვენ ახლა ვფიქრობთ და გვაქვს გუნდთან კონსულტაციები,“ - ამბობს ფოფხაძე.

გუნდიდან შესაძლოა წასვლაზე დასმულ კითხვას კიდევ ერთი დეპუტატი ბიძინა გეგიძე ორაზროვნად პასუხობს, ის არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ გუნდის დატოვებას გეგმავს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს რომ გადაწყვეტილებას როცა მიიღებს, გაასაჯაროებს კიდეც.

"ქართული ოცნებიდან" გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უმრავლესობას კიდევ ბევრი დატოვებს.

ჭიჭინაძის თქმით, მმართველი გუნდიდან წევრების წასვლის მიზეზი ის არის, რომ „ქართული ოცნება“ იმ მთავარ ღირებულებებს ასცდა, რის გამოც მათ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა. ჭიჭინაძის თქმით, დიდი ხანია დეპუტატები "კობახიძეს ითმენენ."

„ღირებულებებში ცდებიან ეს ადამიანები ერთმანეთს და გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც მე განვაცხადე ზაფხულში, რომ ჩვენ გაგვაჩნია თმენის ვალდებულება, რომ ირაკლი კობახიძეს ვითმენთ, ეს ნელ-ნელა დასტურდება  ძალიან ბევრს ამ თმენამ ზღვარი გადაუჭარბა და აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ ამ განცხადებებს," - აცხადებს დავით ჭიჭინაძე. 

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ურჩ დეპუტატებს ივანიშვილთან ხიდების დაწვა ბოლომდე არ სურთ. ამ დეპუტატებს თუ გასვლა უნდათ, აქამდე ულტიმატუმებს არ დაიწყებდნენ, რადგანაც კარგად იციან, რომ ამას არანაირი აზრი არა აქვს. ივანიშვილს სასამართლო სისტემაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ეს პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათლად გამოჩნდა. ამ  დეპუტატებს კარგად აქვთ გათვიცნობიერებული, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში თუ პარტიას  დატოვებენ, მათ სიაში არავინ შეიყვანს. შესაბამისად მათი პოლიტიკური კარიერა დასრულებული იქნება. 

„მათი განცხადებები ივანიშვილთან ბოლომდე ხიდების არდაწვის მცდელობაა. ეს დეპუტატები  ივანიშვილს უმტიკიცებენ, რომ  „ოცნების“ ინტერესებისთვსი სწორედ ისინი იბრძვიან და არა მეორე ჯგუფი, რომელსაც კობახიძე მეთაურობს.  რეალურად მგონია, რომ ეს დეპუტატეები ვერც ვერაფერს იზამენ. გვახსოვს  ბესელიას განცხადება, რომ ბევრს ვილაპარაკებო და ბოლოს პრესკონფერენციაზე არც არაფერი თქვა.

რეალურად ბესელია, როგორც ჩანს ათვითცნობიერებს, რომ მის წინააღმდეგ რაღაც კომპრომატები არსებობს და ბოლომდე ვერც რისკავს.  მათ რომ პარტიის დატოვება უნდოდეთ აქამდე წავიდოდენ. კარგად იციან, რომ „ოცნების“ გარეშე  მათი პოლიტიკური მომავლი დასრულებულია. ასევე კარგად იციან, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში არავინ შეიყვანს. ამიტომაც თავიაანთ პოლიტიკურ თამაშს ამ ფორმით აგრძელებენ, იქნება და რამე გამოუვიდეთ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ჩიტაძემ. მისივე თქმით, გამორიცხულია, ოცნება“ დაიშალოს.

„ივანიშვილი ორი არჩევანის წიანაშე იდგა, სადაც ჩათვალა, რომ ნაკლები ფასის გადახდა მოუწევდა, იქით გადაიხარა“- აცხადებს „რეზონანსთან“ პოლიტოლოგი გია ნოდია „ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, როგორც გამოჩნდა პარტიის სხდომებმა ვერ უშველა და ის წინააღმდეგობები, რაც გუნდის შიგნით არსებობდა, ვერ გადაწყდა. არ არის გამორიცხული, რომ დეპუტატების ნაწილმა პარტია დატოვოს. ხოლო ამაში განსაკუთრებული და უნიკალური არაფერი იქნება. „ოცნების“ უპირატესობა პარლამენტში იმდენად დიდია, რომ ამ დეპუტატების დანაკლისი ვერაფერს დააკლებს.

„როგორც ჩანს, ივანიშვილმა  გუნდში გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის დეპუტატების პარტიიდან წასვლას შეგუებულია. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ორივე შემთხვევაში, როგორც მოსამართლეების თემასთან, ასევე პარტიაში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით პოლიტიკურ ფასს გადაიდხის. თუმცა მან ორივეს ფასი გაანალიზა და გადაწყვეტილება იმის სასარგებლოდ მიიღო, სადაც უფრო ნაკლები იქნება გადასახდელი.

მან კარგად იცის, რომ თუ უკან დაიხევს, როგორც ლიდერი სუსტი გამოჩნდება, ამის დაშვება არ სურს და ამასაც პოლიტიკური ფასი აქვს. თუმცა არაპოპულარ გადაწყვეტილების მიღებასაც მოსამარლეების საკითხთან დაკავშირებით თავისი ფასი ექნება. ასე რომ ივანიშვილმა ორივეს ფასი კარგად იანგარიშა და გადაწყვიტა, რომ უფრო ნაკლები ფასი დაუჯდება თუ ის პარტიას  ურჩი წვერებისგან გაწმინდავს“, - აცახდებს „რეზონანსთან“ ნოდია.