გიგი უგულავას ახალი პარტიისთვის ამზადებენ?!

გიგი უგულავას ახალი პარტიისთვის ამზადებენ?!

მედიასივრციდან მთელი ზაფხულის განმავლობაში გამქრალი თბილისის მერი გიგი უგულავა კვლავ აქტიურად გამოჩნდა და, როგორც ადრე, არა მხოლოდ დედაქალაქის საკითხებზე, პოლიტიკურ პროცესებზეც აკეთებს კომენტარებს.

ძველებურად ძლიერ პოზიციებზე ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ხმები, უგულავას სახელისუფლებო კარზე რაღაცეები სერიოზულად აერიაო. მისი აქტიურობა პრეზიდენტს და მისი გარემოცვის ერთ ნაწილს ცუდად მოხვედრია თვალში, ეს ბიჭი, მგონი, მართლა პრეზიდენტობისთვის ემზადებაო. ლაპარაკია მერაბიშვილი–ადეიშვილის ფრთაზე. იმავე ხმების მიხედვით, სააკაშვილის გარემოცვის მეორე ფრთა უკვე ფიქრობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ქვეყნის პირველ პირად სწორედ მათი კაცი, ანუ უგულავა უნდა მოვიდეს.

მეფის კარის რომელი ფიგურები ოცნებობენ გიგი უგულავას გაპრეზიდენტებაზე, არ სახელდება, თუმცა თავისუფლების ინსტიტუტელებს, რომლის წიაღიდანაც წამოვიდა ამჟამინდელი მერი, მასზე გული აუყრია. პოლიტიკური შვებულების შემდეგ ის მედიასივრცეში ტელეკომპანია "იმედით" გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ამ ტელევიზიას ერთ დროს სააკაშვილის უახლოესი ადამიანი, გიორგი არველაძე ჩაუდგა სათავეში. სანამ სახელისუფლებო შტოს ჩამოაცილებდნენ, არველაძეს ოქრუაშვილთან ერთად "ჯეოსელის" წილების დათრევაზე ჩალიჩის გამო მიხეილ მაჭავარიანის გუნდში მოიაზრებდნენ. ამდენად, გამორიცხული არაა, დღეს უგულავა სწორედ ამ გუნდის რჩეული იყოს.

ვიცესპიკერი მაჭავარიანი თავის ადგილს უმაღლეს პოლიტიკურ ელიტაში ყველა ხელისუფლებაში ინარჩუნებს. ასეა ახლაც. მის ჩუმ გავლენებს ვერანაირი ქარტეხილი შეეხო. ჟვანიას გამოზრდილი ვიცესპიკერი გამოცდილი პოლიტიკოსია და უცბათ გადიდკაცებულებივით არ ავარდნია თავში მდგომარეობა. ამიტომაც ის გარკვეულწილად არის პროცესების მართვის სათავეში. მისი შრომა და ნიჭი განსაკუთრებით არჩევნების დროს სჭირდება ხელისუფლებას და თვალისჩინივით უფრთხილდებიან.

როგორც ამბობენ, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს შორის შავმა კატამ პირველად მაშინ გაირბინა, როცა ძველი თბილისის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, ლაშა ფურცხვანიძემ, რომელიც უგულავას პოლიტიკური გუნდის წევრი იყო, საკუთარ კაბინეტში მოსასმენი აპარატურა იპოვა. რატომ გაუკვირდა უგულავას მოსასმენი აპარატურა, ისაა გასაკვირი და არა ის, მათ რომ ვანო უსმენდა. რაიონის გამგებელი კი არა, თავად სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შლიდა ნაწილ–ნაწილ თავის მობილურ ტელეფონს მოქალაქეების მიღებისას.

ტელეეკრანებიდან უგულავას პარალელურად მისი მეგობარი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც გაქრა ისე, რომ საქართველო–რუსეთის ომის წლისთავის ღონისძიებაზეც არავის უნახავს. ეჭვებიც, რაღა თქმა უნდა, აფუთფუთდა. ამბობენ, სუბელიანს კბილი მერაბიშვილმა დაასო და შეიძლება ცოტა ხანში ლტოლვილებისთვის გამოყოფილი ფულის ხარჯვის ავან–ჩავანი მოსთხოვოსო. ისე, ლტოლვილებისთვის სახლების აშენებას თავად შს მინისტრი კურირებდა. მაშინ ოპოზიციამ ძალიან გაიკვირვა, სად მერაბიშვილი და სად მშენებლობაო და თვითონვე დაასკვნა კიდეც, მშენებლობაში დიდი ფული ტყდება და ზედმეტი მოწმეები არ სჭირდებოდათო.

კონსერვატორები ამბობენ, სუბელიანს იმ დროსაც გაუხსენებენ, მერიაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი რომ იყო და 200 მილიონის ხარჯვის დოკუმენტს მოსთხოვენო. ამ 200 მილიონის ასავალ–დასავალს კონსერვატორები კარგა ხანს ეძებდნენ, მაგრამ მაშინ უმაღლესმა ხელისუფლებამ სუბელიანი კბილებით დაიცვა და თანხას გრიფი "საიდუმლო" დაადო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროზე კონტროლის პალატა მუშაობს და დასკვნას ოქტომბრის ბოლოს დადებს. სწორედ მაშინ გადაწყდება კობა სუბელიანის საკითხი.

სუბელიანის მინისტრობას დიდი დღე რომ არ უწერია, იქიდანაც ჩანს, რომ ცოტა ხნის წინ წალკაში დევნილებთან შეხვედრაზე არამკითხე მოამბესავით ჩავიდა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. დევნილებს დიდხანს ესაუბრა და დააიმედა, თქვენს პრობლემებს თქვენივე მინისტრს გადავცემო. ამდენად, გამორიცხული არაა, სუბელიანი სააკაშვილის ახალმა ვარსკვლავბიჭუნამ, შაშკინმა ჩაანაცვლოს.

უგულავაც და სუბელიანიც ბოლო დროს ტელეეთერს დაუბრუნდნენ, თუმცა რაღაცას ნიშნავს ის, თბილისში ხელისუფლების გამართული შოუს დროს - "ანგარიში ხალხს" - თბილისის მერი თვალითაც არავის უნახავს.

პრეზიდენტი შეგვპირდა, დიდი ქალაქების მერებს ხალხი აირჩევს, ანუ არჩევნები პირდაპირი წესით მოხდებაო. ასეთ შემთხვევაში მილიონიანი დედაქალაქის ხალხის მიერ არჩეული მერი, ამბიციების გარეშე რომ ვთქვათ, "ბეზ პიტი მინუტი" პრეზიდენტია. ნაციონალური მოძრაობა, რაღა თქმა უნდა, ამ არჩევნებზე გამარჯვებას გეგმავს. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ პრეზიდენტი არჩევანს რომელიმე ბიზნესმენზე გააკეთებს, ლაპარაკია პარლამენტის წევრებზე – არჩილ გეგენავასა და რუსუდან კერვალიშვილზე.

კერვალიშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე სამგორის რაიონში "ხალხის გულების პრეზიდენტ" ლევან გაჩეჩილაძეს დიდი ანგარიშით მოუგო. ღვინის კომპანია "თელიანი ველის" ყოფილი გენერალური დირექტორი, მთაწმინდის მაჟორიტარი გეგენავა ნამდვილად არაა გამაღიზიანებელი სახე, თუმცა როგორ უნდა იყოს, როცა პარლამენტში ორი წლის მანძილზე ერთხელაც არ მისულა მიკროფონთან. ამბობენ, რომ გეგენავას სწორედ მერაბიშვილი–ადეიშვილის კლანი მფარველობს. ის ახალაიებთან მეგობრობაშიცაა შემჩნეული და, როგორც ამბობენ, რურუებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.

არის მეორე ვერსიაც და არანაკლებ საყურადღებო. ჯერ კიდევ შარშან "სარკისთვის" გახდა ცნობილი, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისივე წიღაში ახალი პარტიის - "განახლებული ნაცმოძრაობის" შექმნას აპირებს. მას ის ფიგურები ჩაუდგებიან სათავეში, რომლებიც საზოგადოების თვალში გასვრილები არ არიან. სწორედ მაშინ ითქვა, რომ ამ პარტიის ლიდერი გიგი უგულავა იქნებოდა. ახალი პარტიის შექმნა, როგორც ჩანს, გადაიდო და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე უნდა იშვას, თან ხმაურიანად და სკანდალურად. ასე მოხდა მოქკავშირიდან ლიდერების, ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში წამოსვლისას. ამდენად, უგულავაზე დარხეული ხმები, რომ მას სახელისუფლებო ელიტაში პრობლემები აქვს, შეიძლება ხელოვნურიც იყოს. ასეთი გადათამაშებით ადვილად შესაძლებელია, ნაცმოძრაობა საკუთარი თავისთვის ახალი სუნთქვის გახსნას ცდილობდეს, რომ მათი ყოფნა ხელისუფლებაში ისევ გაგრძელდეს, თუ ვინიცობაა, სახელისუფლებო პარტია ვერ გაიმარჯვებს. ისე, როგორც ეს ვარდების რევოლუციის დროს მოხდა, როცა ხელისუფლებაში მოქკავშირის განაყარი მოვიდა.

რომელი ვერსიაა სწორი, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდება. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, რას ჩადებს საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ კანონში – საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა იქნება თუ საპარლამენტო. საპარლამენტოს შემთხვევაში პოლიტოლოგები თვლიან, რომ სააკაშვილი პრემიერად გადაინაცვლებს. მაშინ მას პრეზიდენტად მასზე დამოკიდებული და ერთგული პოლიტიკური ფიგურა დასჭირდება, ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა. ასეთ ამპლუას გიგი უგულავა ნამდვილად მოუხდება.