თბილისის მერია მწერალ ირაკლი კაკაბაძეს უჩივის. მერია კაკაბაძისგან 2.000 ლარამდე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
მერიის მტკიცებით, 2010 წლის აგვისტოში, ბუშის ქუჩაზე საპროტესტო აქციისას ირაკლი კაკაბაძემ და აქციის კიდევ ორმა მონაწილემ, პოეტებმა ალეკო ჩიღვინაძემ და შოთა დიღმელაშვილმა ჯორჯ ბუშის და აეროპორტის მანიშნებელი ბანერი დააზიანეს.
ირაკლი კაკაბაძის ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მერიამ ხელშეკრულებები წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ ორივე ბანერი გამოცვალეს და მისი გამოცვლა 2.000 ლარამდე დაუჯდა. წიკლაურის თქმით, აქციის მონაწილეებს აეროპორტის მანიშნებელი ბანერი არ დაუზიანებიათ. ისინი აღიარებენ, რომ ბუშის ბანერი დააზიანეს, თუმცა ამას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ამისთვის პასუხი არ უნდა აგონ.
2010 წლის აგვისტოში ბუშის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძემ და მისმა მეგობრებმა აქცია გამართეს, სადაც ქუჩისათვის ბუშის სახელის გადარქმევა მოითხოვეს და ბუშის ბანერს ულვაშები დაახატეს. აქციის დროს კაკაბაძე, ჩიღვინაძე და დიღმელაშვილი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და ადმინისტრაციული წესით 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. რაც შეეხება მერიასთან დავას, სარჩელი მერიამ აღძრა. მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა.
დღეს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართება. ირაკლი კაკაბაძე სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება, ვინაიდან აშშ-ში იმყოფება.