ელდარ შენგელაიამ რუს ხელოვანებს „დერჟავა“ გაუკრიტიკა

ელდარ შენგელაიამ რუს ხელოვანებს „დერჟავა“ გაუკრიტიკა

ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიუხედავად ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირები კიდევ უფრო ვითარდება. 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით თბილისში რუსეთის კინოს დღეები იმართება.

ამასთან დაკავშირებით, გუშინ საქართველოს რუსეთის კულტურის მოღვაწეთა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია კინოინდუსტრიის მინისტრ მიხეილ შვიდკოის თაოსნობით, სადაც შედიოდნენ კინოსტუდია „მოსფილმის“ დირექტორი კარენ შახნაზაროვი, გამომცემლობა „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ გენდირექტორი ვიქტორ ლოშჩაკი, მწერალი სერგეი გრიზუნოვი და ცნობილი მსახიობი სერგეი შაკუროვი მეუღლითურთ.

რუსებმა თან ახალი რუსული ფილმები ჩამოიტანეს, რომლებიც კინოს სახლში თბილისელ მაყურებელს წარუდგინეს. გუშინ საღამოს კი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში რუსული დელეგაციის წევრები და ქართული კულტურის მოღვაწენი საქართველოს კულტურის მინისტრთან სესილი გოგიბერიძესთან ერთად მრგვალ მაგიდას შემოუსხდნენ.

შეხვედრას, რომელიც ვიქტორ ლოშჩაკის ინიციატივით მოსკოვში გამართული ქართულ-რუსული შეხვედრის გაგრძელება იყო, ესწრებოდნენ რუსებისთვისაც საყვარელი ქართველი მოღვაწეები - გიგა ლორთქიფანიძე, რეზო ჩხეიძე, ქეთი დოლიძე, ელდარ შენგელაია, რეზო ესაძე და მერაბ კოკოჩაშვილი.

რუსი და ქართველი მოღვაწენი კიდევ ერთხელ გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში და ერთხმად აღიარეს კულტურული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა. თითოეული გამომსვლელის სიტყვაში ძველი, თბილი ურთიერთობების მონატრება და სამომავლო კეთილი სურვილები სჭარბობდა, თუმცა შეხვედრის იდილია გარკვეულწილად ელდარ შენგელაიას გამოსვლამ დაარღვია, რომელმაც როგორც არა მხოლოდ რეჟისორმა, არამედ როგორც პოლიტიკოსმაც, რუს კოლეგებს მათი თანამემამულე პოლიტიკოსების ცოდვების გამო უსაყვედურა.

„დაუშვებელია, საქართველო ჩართონ კავკასიის ომში, რადგან ამან შეიძლება ისეთ კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს, რომელსაც კულტურის მოღვაწენი კი არა, ვეღარავინ მოაგვარებს. და საერთოდ, მე მგონი, დამოუკიდებელ სახელმწიფოს თავისი არსებობის მე-12 წელს შეუძლია მოითხოვოს თავისი ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების გაყვანა“, - დასძინა მან.

თუმცა სწორედ ელდარ შენგელაიას წინადადებით, შეხვედრის მონაწილეებმა ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მოსკოვის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას. ამ ტერაქტთან დაკავშირებით რუსმა მწერალმა სერგეი გრიზუნოვმა ისიც გაიხსენა, რომ იმ მძიმე დღეებში მოსკოვში მყოფი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი ცდილობდა, თუნდაც ერთი მძევალი გაეცვალა თავის თავზე.

„სწორედ მისი ეს ნაბიჯი გამოხატავს საუკეთესოდ რუს და ქართველ ერს შორის ურთიერთდამოკიდებულებას“, - აღნიშნა მან. სწორედ ამ დამოკიდებულების შედეგია ის, რომ ქართველი მსახიობები დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ რუსულ კინოში, რომ წელს რუსეთში აუცილებლად აღნიშნავენ გიგა ლორთქიფანიძის 75 წლის იუბილეს და რომ წელს პირველად ერთ-ერთმა ქართულმა ტელეკომპანიამ „მოსფილმთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც თბილისში 150 რუსული ფილმი ჩამოიტანეს.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს კულტურის მინისტრმა სესილი გოგიბერიძემ თავის რუს კოლეგას საინტერესო წინადადება შესთავაზა - ტელეხიდის მოწყობის შესახებ, რათა რუსმა ხალხმაც შეიტყოს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არც ისე ცუდია და მძიმეა. მიხაილ შვიდკოი ამ წინადადებას მოწონებით შეხვდა. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსებსა და ქართველებს შორის „ჩატეხილი ხიდის“ აღდგენაში ეს ტელეხიდი და კულტურის მოღვაწეთა მცდელობა მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს.