„ჯარში რაც ხდება, ძალიან დახურული თემაა. ასეთი პრეცენდენტები ყველგან არის და ამისგან არცერთი ჯარი არ არის დაზღვეული, მითუმეტეს ქართულ ჯარი. სამწუხაროდ, ბოლო პედიოდში, ასეთი ინციდენტები გახშირდა, - პირობითად, რომ ვთქვათ არასასიამოვნო ინციდენტები და ამაზე სერიოზული ყურადღებაა საჭირო, - საკითხი უნდა დაისვას მაღალ დონეზე," - აღნიშნავს ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ახალწვეულებს შორის ინციდენტის კომენტირებისას.
კრწანისის საწვრთნელ ცენტრში დღეს დილით ახალწვეულებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა დაშავდა და იგი კლინიკა „რუსთავში" იქნა გადაყვანილი, თუმცა თავდაცვის უწყებაში დაპირისპირებას გამორიცხავენ:
„კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთი ახალწვეული ემოციურ ფონზე რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. მას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება," - აცხადებს თავდაცვის უწყება.
21 წლის ახალწვეულის, ელჯან ეფენდიევის მამის განცხადებით, მისი შვილი კრწანისის საწვრთნელ ცენტრში სცემეს.
„ჩემი შვილი სამი დღეა რაც კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მსახურობს. რაც შეეხება საავადმყოფოში ჩხუბს, ის საავადმყოფოში გადმოყვანის შემდეგ თვითონ დამიკავშირდა. მითხრა, რომ სხვა ოთახში გაიყვანეს და რამდენიმე პირმა სცემა. დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. სანამ ეს დაპირისპირება მოხდებოდა სერჟანტს შევხვდი, მან მითხრა, რომ ჩემს შვილს მიხედავდნენ," - აღნიშნავს ელბრუს ეფენდიევი.
არსებობს თუ არა ჯარში ე.წ. დედოვშჩინა, ვახტანგ მაისაია ამაზე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თავდაცვის უწყებაში გარკვეული პრობლემები არის, რომლის მოგვარების აუცილებლობაც დგას.
„როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროს ლიდერშიფში არის გარკვეული პრობლემები, ასევე ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებითაც და ეს საკითხი უნდა დაისვას. ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რომ არ არის გამორცხული ასეთ ინციდენტებს ადგილი ჰქონდეს.
„შემოღებულ უნდა იქნას სამხედრო სასამართლოების სისტემა, - მხოლოდ სამხედრო პოლიციის იმედზე ყოფნა, რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი. სამხედრო პროკურატურას აქვს იმის კომპეტენციას, რომ გამოიკვლიოს და არ დაიმალოს ასეთი ფაქტები. თუ ეს სამხედრო პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი, უკეთესი იქნება. აშკარაა, რომ თავდაცვის სამინისტროს გარკვეულ წარმომადგებლები ცდილობდნენ დაემალათ ეს ფაქტი და მიეჩქმალათ. არ გვაქვს უფლება, ასეთი ინციდენტები დაიმალოს, არ იქნას გამოძიებული და არ დადგინდეს რეალური მიზეზი. მიზეზით დადგენით გამოჩნდება რა ტენდენციას აქვს ადგილი.
„სასურველია შეიქმნას სამხედრო ომბუდსმენის ცალკე ინსტიტუტი, - თავდაცვიის ძალები არის განსაკუთრებით ცალკე სტრუქტურა. სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტიუტი ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი, სასურველია ქვეყნის მთავარ სარდალთან შეთანხმებით, - პრეზიდენტთან. ამასთანავე, დროა პედაგოგიური ტიპის ღონისძიებების გაძლიერება დავიწყოთ თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, სასურველია შემოღებულ იქნას ოფიციალური დეპარტამენტი, ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის დეპარტამენტიც," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.