რაზე ისაუბრეს თადუმაძემ და სარალიძემ - „მთავარ პროკურორს არასწორ ინფორმაციებს აწვდიან“

რაზე ისაუბრეს თადუმაძემ და სარალიძემ - „მთავარ პროკურორს არასწორ ინფორმაციებს აწვდიან“

მთელი დღის განმავლობაში პროკურატურასთან სიტუაცია დაძაბული იყო. ზაზა სარალიძე, რომელიც დილიდან პროკურორებთან შეხვედრას ითხოვდა, საგამოძიებო უწყების ეზოში შევიდა. თუმცა, მას დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს. მთავარ პროკურატურაში კი აცხადებდნენ, რომ მასთან შეხვედრას საქმის სამივე პროკურორი სამშაბათს გამართავს, რაც ზაზა სარალიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

მთავარ პროკურატურასთან  ზაზა სარალიძის ადვოკატებიც იმყოფებოდნენ. სარალიძე პროკურატურასთან შეუძლოდ გახდა, მან თვითდაზიანების მიყენება სცადა, ამის საშუალება კი მასთან ერთად მყოფმა პირებმა არ მისცეს. სარალიძესთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფებოდა.  

მას შემდეგ, რაც სარალიძემ საგამოძიებო უწყების ეზოში დარჩენა გადაწყვიტა და შეხვედრის მოთხოვნით პროკურატურას ვადა დღის ბოლომდე მისცა, მასთან კომუნიკაციაზე მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გავიდა და შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა. სარალიძე პროკურორთან ადვოკატებთან ერთად შევიდა.

მან თადუმაძის კაბინეტში ერთი საათი დაჰყო. სარალიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შეხვედრა შედგება ყველა იმ საქმის  პროკურორთან, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და ასევე მისი შვილის საქმეს იძიებს. 

მისივე განცხადებით, შალვა თადუმაძეს საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციას აწვდიან. სარალიძე ამბობს, რომ გენერალურმა პროკურორმა არ იცის ის პრეტენზიები, რომელიც მას საქმეების წარმოებასთან დაკავშირებით აქვს. „შთაბეჭდილება მრჩება, რომ შალვა თადუმაძეს ჩემი შვილის საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციებს აწვდიან“, - აღნიშნა მან.  

სარალიძის თქმით, დეზინფორმაცია სწორედ საქმის პროკურორებიდან მომდინარეობს. მისივე თქმით, გენერალური პროკურორისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო, მაგრამ თადუმაძე მას საქმის შესწავლას დაჰპირდა. ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მომავალ სამშაბათს შეხვედრა იგეგმება, რომელსაც საქმის განმხილველი პროკურორები და გენერალური პროკურორი დაესწრებიან.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავარი პროკურორი არ იყო საქმის კურსში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შევხვდებით იმ პროკურორებთან ერთად, ვინც წარმართავს საქმეებს.

“თადუმაძემ მითხრა, რომ იმ დეტალებს, რაზეც მე პრეტენზია მქონდა, შეისწავლის თავად და შემდეგ მასთან ერთად მე დავუსვამ კითხვებს პროკურორებს. გენერალურ პროკურორს ის პროკურორები, რომლებიც წარმართავენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, არასწორ ინფორმაციებს აწვდიან. სიმართლე გითხრათ მიჩნდება ასეთი განცდა და ეს თადუმაძესაც ვუთხარი“, - აღნიშნა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან და უფლებადამცველ ალეკო ცქიტიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ლონდარიძე ამბობს, რომ მომავალ კვირაში, 12 თებერვალს შედგება მთავარი პროკურორის მონაწილეობით შეხვედრა საქმის პროკურორებთან, სადაც ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. 

"ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არის კომუნიკაციის ნაკლებობა პროკურატურასთან. არცერთი პროკურორი არ გვაყენებს საქმის კურსში. სწორედ ეს დავაფიქსირეთ შალვა თადუმაძესთან. გარკვეული ინფორმაცია მან არ იცოდა და ეს არც დაუმალავს.

აღნიშნა, რომ მოიკითხავს ამ ინფორმაციას და შევთანხმდით, რომ სამშაბათს, 12 თებერვალს დღის მეორე ნახევარში გაიმართოს შეხვედრა. მას დაესწრებიან როგორც ძირითადი საქმის, ასევე მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის პროკურორები. რაც შეეხება შეხვედრის დაგვიანებას, მათ აღნიშნეს, რომ საქმის განმხილველ პროკურორებს არ ეცალათ", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.