აკაკი გოგიჩაიშვილის „60 წუთის“ საქმეს რეზო შავიშვილის კარიერა შეეწირა

აკაკი გოგიჩაიშვილის „60 წუთის“ საქმეს რეზო შავიშვილის კარიერა შეეწირა

კორუფციის პრობლემამ საქართველოში შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური, არამედ საერთაშორისო თვალსაზრისით.

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, დასავლურ პრესაში უკვე გამოჩნდა სტატიები, რომელთა ავტორები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ სტერეოტიპს საქართველოს განსაკუთრებული კორუმპირებულობის შესახებ. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საქართველო ალბათ ამ თვალსაზრისით ბევრად არ აჭარბებს რუსეთს, სომხეთს, უკრაინას, მოლდოვას ან აზერბაიჯანს. ზოგიერთი თვალსაზრისით, შესაძლოა უკეთესი მდგომარეობაც გვქონდეს: ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით თბილისში არც ერთი შეკვეთილი მკვლელობა არ მომხდარა, მაშინ, როდესაც სანკტ-პეტერბურგი ამ თვალსაზრისით მსოფლიო დედაქალაქად იქცა.

მაგრამ „სახელმწიფო სტრუქტურათა კორუმპირებულობის“ დონით, საქართველო პირველ ადგილზეა - ყოველ შემთხვევაში, ასე ითვლება დასავლეთში და დასავლურ ისტებლიშმენტშიც თანდათანობით მკვიდრდება ეს სტერეოტიპი: „საქართველო ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში“.

უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ჭეშმარიტია ეს სტერეოტიპი – მთავარია, რომ იგი დამკვიდრდა ისტებლიშმენტში და არ შეიძლება ამან უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ქართულ-დასავლურ ურთიერთობებზე.

კიდევ უარესი, - დასავლურ პრესაში უკვე გამოჩნდა მოსაზრება, რომ „არ ღირს საქართველოსთვის სერიოზული დახმარების გაწევა, რაკი ეს ქვეყანა ესოდენ კორუმპირებულია“.

ისევ და ისევ, ეს სრულებითაც არ გახლავთ ჩვენთვის უწყინარი შეხედულება – იგი თანდათანობით მკვიდრდება და ხორციელდება პოლიტიკის სახით.

ცნობილია, რომ დასავლური ისტებლიშმენტი, ზოგადად, ადვილად ითვისებს ასეთ სტერეოტიპებს პრესიდან, რომელიც, თავის მხრივ, საზრდოობს ქართული პრესის მასალებით! ყოველ შემთხვევაში, დიდწილად.

აქ გასაკვირი არაფერია – არსებობს ინფორმაციული სივრცის შექმნის მთელი სისტემა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ადგილობრივი ინფორმაცია. მცირე ნიუანსებით კი იქსოვება შესაბამისი სტერეოტიპი და იდეოლოგემა.

მეორე უმნიშვნელოვანესი წყარო არის პოლიტიკური ოპოზიციის განცხადებები, ანუ ის, თუ რამდენად ხდება კორუფციის თემა შიდაპოლიტიკური ბრძოლის ფაქტორი.

ამ თვალსაზრისით, საქართველო სავსებით გამორჩეულია. პოსტსაბჭოური სივრცის არც ერთ ქვეყანაში არ არის ასე ყბადაღებული კორუფციის თემა – თანაც ესოდენ უსაგნოდ და დაუკონკრეტებლად. აქ, როგორც ჩანს, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური თვისებები მჟღავნდება: ვერსად (საქართველოს გარდა) ოპოზიცია ვერ შეძლებს უსაგნოდ, დაუკონკრეტებლად ილაპარაკოს კორუფციაზე და არ დაასახელოს კონკრეტული გვარები, კონკრეტული კორუმპირებული უწყებები და ა.შ.

ამგვარი „ეროვნული სპეციფიკა“ და თავისებურება ნათლად წარმოჩინდა „რუსთავი 2“-თან და „60 წუთთან“ დაკავშირებულ გამაოგნებელ ისტორიაში. დავაკვირდეთ ამ ისტორიის რამდენიმე ასპექტს.

უპირველეს ყოვლისა, აკაკი გოგიჩაიშვილის ტრაგიკული მაგალითი ადასტურებს, რომ ადვილია გაუთავებელი, აბსტრაქტული, უსაგნო, დაუკონკრეტებელი ლაპარაკი ზოგადად კორუფციაზე, მაგრამ რთულდება, როგორც კი თემა საგნდება, იწყება კონკრეტული საუბარი, რომელიც ეხება კონკრეტულ პერსონებსა და დაჯგუფებებს.

აკაკი გოგიჩაიშვილმა სწორედ კონკრეტული საუბარი დაიწყო კონტროლის პალატის მასალებზე დაყრდნობით და უმალვე დადასტურდა განსხვავება: გადაცემებს მოჰყვა მძვინვარე რეაქცია, საქმეში ჩაერთვნენ სამართალდამცავი ორგანოები, გავლენიანმა წრეებმა აიძულეს პრეზიდენტი, მოეხდინა რეაგირება და ა.შ.

აქვე უნდა ითქვას, რომ შევარდნაძის რეაქციაც ძალზე ნიშანდობლივია. შევარდნაძეს არ დაუვალებია პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქმის გამოკვლევა მაშინ, როდესაც „60 წუთი“ მის ნათესავებს და მათი ბიზნესის „სახელმწიფო კრიშებს“ შეეხო. მაგრამ როდესაც შევარდნაძესთან მივიდნენ „მწერალთა კავშირის“ ხელმძღვანელები – შევარდნაძის რეაქცია მყისიერი იყო, ვინაიდან მისი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა განსაკუთრებული ყურადღება ქართული ელიტური ინტელიგენციისადმი.

ამიტომ, გასაკვირი ის იქნებოდა, შევარდნაძეს ხელი რომ არ მოეწერა ამ მოთხოვნაზე – რათა ძალოვან უწყებას გამოეკვლია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს „60 წუთის“ მიერ გამომზეურებული კონტროლის პალატის ბრალდებები „მწერალთა კავშირის“ მიმართ.

თუმცა, თავდაპირველი ვარიანტი იმავდროულად ითვალისწინებდა ტელეკომპანიის ფინანსურ რევიზიას, მაგრამ ეს მოთხოვნა, როგორც ჩანს, უარყოფილია, ვინაიდან კერძო ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობის შემოწმების უფლება მხოლოდ საგადასახადო ინსპექციას აქვს – ისიც არა „შეკვეთით“, რასაკვირველია.

ერთი შეხედვით, თითქოს უსაფუძვლოა ასეთი ეჭვი, მაგრამ იგრძნობა, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტიდან რეზო შავიშვილის ნებაყოფლობით გადადგომაც რაღაცნაირად უკავშირდება „60 წუთსა“ და მთელს ამ ისტორიას, ვინაიდან იმთავითვე ცხადი იყო, რომ ტელეჟურნალისტი სწორედ კონტროლის პალატის მასალებს ეყრდნობოდა, რომელიც სავსებით ლეგალურად მოიპოვა.

კიდევ ერთი ძალზე ნიშანდობლივი მომენტი: დავაკვირდეთ, როგორ არის ამ ორომტრიალის დროს გაჩუმებული საპარლამენტო ოპოზიცია. თითქოს არც არაფერი ხდება საგანგაშო, თითქოს არც ებრძვის ვინმე თავისუფალ პრესას.

არადა, „თავისუფალი პრესის“ დაცვა ხომ პოლიტიკურ ოპოზიციას ხელს უნდა აძლევდეს? მაგრამ მისი დუმილი იმითაა გამოწვეული, რომ ამ ე.წ. „ოპოზიციას“ არ სურს გაანაწყენოს ის ძალზე გავლენიანი ფინანსური და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომელთაც „60 წუთი“ დაუპირისპირდა თავისი ჟურნალისტური გამოძიებით.

აქედან უეჭველად გამომდინარეობს დასკვნა: საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას ეპოქა, როდესაც „პოლიტიკური ოპოზიცია“ და „თავისუფალი პრესა“ მოკავშირეები იყვნენ. დღეს ისინი გამიჯნულნი არიან, თუმცა ეს ვითარება უფრო მეტად სწორედ ოპოზიციის უზნეობაზე მეტყველებს. მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ასეთ ვითარებაში იქცევა დამოუკიდებელი მედია ჭეშმარიტ „მეოთხე ხელისუფლებად“ და აღარ შეასრულებს „პოლიტიკური ოპოზიციის“ დანამატისა და რუპორის ფუნქციას, როგორც ოდესღაც.

ყველაზე მეტად შემაშფოთებელი მთელს ამ ისტორიაში ისევ და ისევ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებაა. რეზო შავიშვილის თქმით, აკაკი გოგიჩაიშვილს ნამდვილად ემუქრება სერიოზული საფრთხე, ვინაიდან მისი გადაცემა შეეხო აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროებს და ათეულობით ძალიან ძლიერ კლანს, ამიტომ თუ ისინი შურისძიებას გადაწყვეტენ, შემკვეთის დადგენა ძნელი იქნება.

რეზო შავიშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ვარაუდს, რომ მისი გადადგომა უფრო „60 წუთს“ უკავშირდება, ვიდრე „მოქალაქეთა“ ფრაქციის ლიდერის კრიტიკულ გამოსვლებს, განცხადებებს.

გასაგებია, რას გულისხმობს რეზო შავიშვილი შეკვეთაში. ღმერთმა დაგვიფაროს, აქამდე მივიდეს საქმე, მაგრამ უარყოფითი შედეგი მომხდარს უკვე ექნება: დასავლეთში ზემოხსენებული სტერეოტიპი კიდევ უფრო გაძლიერდება და გამუქდება, თუ დაფიქსირდა კრიტიკული გასვლისათვის ჟურნალისტის დასჯის ფაქტი.

თუმცა, ზოგიერთი სიმპტომი მეტყველებს, რომ საქმე აქამდე არ მივა. უპირველეს ყოვლისა, ამას თვით ედუარდ შევარდნაძე არ დაუშვებს, ვინაიდან ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ პრეზიდენტი თავისი ხუთწლიანი მმართველობის პერსპექტივას კვლავაც დასავლეთის მხარდაჭერას უკავშირებს.