ლუკა კურტანიძე:

ლუკა კურტანიძე: "არც ერთ ჩემს სიტყვას უკან არ წავიღებ. ესენი არიან ნაძირლები და ვირთხები!"

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ორი ვიდეომასალა, სადაც კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლუკა კურტანიძე გელათის საკრებულოს წევრს, თენგიზ სამხარაძეს ემუქრება, ხოლო მეორე ჩანაწერში კი _ კაბალას გამგებელს ჯემალ ნიაზოვს.

ადასტურებს თუ არა დეპუტატობის კანდიდატი ვიდეო ჩანაწერების სიზუსტეს, "გურია ნიუსი" ამასთან დაკავშირებით ლუკა კურტანიძეს ესაუბრა.

_ ბატონო ლუკა, მედია საშუალებით და იუთუბზე გავრცელდა ვიდეომასალა სადაც თქვენ ერთ-ერთ მოქალაქეს ხმამაღალი და გაღიზიანებული ტონით ესაუბრებოდით (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)...

_ ამ უბედურების შემყურე, როგორც ყველა, აღვშფოთდი იმ კადრებით, სადაც ციხეებში ახალაიები, მერაბიშვილები და ვირთხა სააკაშვილები აგინებენ საქართველოს. როგორ აგლეჯენ სულს ბავშვებს, აწამებენ, ცხვრებივით გამოჰყავთ და თმებით ათრევენ! მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამას მშვიდად და ემოციების გარეშე უყურებს. სულის შეძვრამდე განადგურებული ვიყავი.

შეხვედრები მქონდა ლაგოდეხის რაონის სოფლებში კაბალაში და განჯალაში, სადაც აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. იქაურმა მოსახლეობამ მითხრა, რომ აქ არის ერთი ადამიანი, რომელიც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, რაც კი არჩევნები ყოფილა, ყველა მათგანში მონაწილეობს, ათასი სიყალბე შეიძლება მოიფიქროს და ყველა მთავრობას ერგებაო.

ადამიანები გადაღალეს თავისი სიბინძურეებით, თავისი პოლიტიკანობით. ის, რომ დღეს უჭირთ აქაურებს, სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურებაა. ჩვეულებრივი ნაძირლები არიან.

ამ სიბინძურის შემდეგ, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა, მითხრეს, ეს ადამიანი დადის, აგიტაციას ატარებს, პრობაციონერებს აშინებს; თუ ვინმეს მიწის პრობლემა აქვს, პრობლემის გამუქებით ემუქრება; ვისაც პატარა მარკეტი აქვს წართმევით ემუქრება.

_ ანუ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებული არ არის?

_ იქ არ არის ნაჩვენები მთლიანი კადრი. ამოჭრილია, სადაც ვკითხე: თქვენ მოგწონთ ის, რაც ნახეთ?! თქვენ შვილზე წარმოიდგინეთ, შვილიშვილზე. როგორ შეიძლება ასეთ საზოგადოებაში ცხოვრობდეთ? პასუხი, რომელიც გამცა კადრებში არ არის, სადაც დედაბუდიანად აგინებს ამ ხელისუფლებას.

მე სრული ადამიანური ემოციით უთხარი, თავი დაანებოს ხალხის შეშინებას და სიბინძურეების კეთებას, რომელიც ამ ხელისუფლებას აძლიერებს. როგორ შეიძლება ამ ხელისუფლებას, იმ კადრების ნახვის შემდეგ, პრეტენზია ჰქონდეს კიდევ ხელისუფალი ერქვას? ეს არ უნდა მოითმინოს საზოგადოებამ. დღეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარის დრო. ყველამ საკუთარი შვილი წარმოიდგინოს პატიმრების ადგილზე.

როგორ შეიძლება ადამიანს მშვიდად გეძინოს, როდესა 15, 16, 17 წლის ახალგაზრდებს თმებით ითრევს ვიღაცა ე.წ. პოლიციელი თუ სამართალდამცავი. სირცხვილია! ამის შემდეგ, როგორ შეიძლება ვიღაცას ემოციის გარეშე ელაპარაკო. როგორ არ უნდა გააფრთხილო ეს ადამიანი, ნუ ჩაიდენს სიბინძურეს არა მარტო კანონის წინაშე, არამედ ღვთისა და ერის წინაშე? ეს ადამიანები უმკაცრესად იქნებიან დასჯილი. კიდევ "მიშა-მიშას" ძახილი ნიშნავს, რომ შენს ქვეყანას და ერს ღალატობ.

არც ერთ ჩემს სიტყვას უკან არ წავიღებ. ესენი არიან ნაძირლები და ვირთხები. თქვენ და თქვენს მკითხველს პატივს ვცემ და მეტს ვერაფერს ვუწოდებ. ეს ყველაზე მსუბუქი შეფასებაა მათთვის. ეს ადამიანები სოროში რომ ჩაძვრებიან, იქ უნდა ჩაყვე და ამომდუღრო. რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს ადამიანები ძალიან საშიშნი იქნებიან საზოგადოებისთვის. თუ საზოგადოებამ ამ ადამიანებს პასუხი არ მოთხოვა და შემდეგ არ უმკურნალა, სხვანაირად არ შეიძლება.

დღეს, ერთმა შენიშვნა მომცა, როგორ შეიძლება ვირთხა უწოდეთ ადამიანსო. შე დალოცვილის შვილო, მთელი ერი გააუპატიურეს, მთელი ერი თმებით ათრიეს, ქვეყანა დაგვინგრიეს, აგვირიეს, ბინძური ხელებით კიდევ ძალადობენ, როგორ შეგიძლიათ ასეთი რამ თქვათ?! ამ ნაძირლებმა 26 მაისს მე მათრიეს და გამატყავეს. ჩემს თავს არ დავეძებ, ჯანდაბაში ყოფილა ჩემი თავი. მაგრამ 15, 16 წლის ბავშვს რომ თმებით ათრევენ, რატომ არ წარმოიდგენ შენს შვილს?! შენს შვილიშვილს?! რატომ არ გინდა საზოგადოება გამოფხიზლდეს?!

საქართველო იღუპება. წამოწოლილი რომ ხარ და მეუბნები, ვაიმე, რა დროს ამ სიტყვების ლაპარაკიაო. კარგით რა... ილია ჭავჭავაძეს გაუხვრიტეს ტვინი, გენიოსი ვაჟა ფშაველა საუკუნეების შემდეგ ვაღიარეთ გენიოსად. მანამდე კი სუნიანს და რას არ ვეძახდით. აი ასეთი ერი ვართ. ადამიანები სიცოცხლეშივე უნდა დავაფასოთ.

ვინც ვირთხაა და ნაძირალა, იმას თავის ადგილი აქვს. სოროში უნდა იყოს ბოლომდე შემძვრალი და არასდროს იქედან არ უნდა გამოვიდეს. ასე თუ არ მიუდექით, დაიღუპება საქართველო. დღეს ქართველები ფულს იხდიან იმაში, რომ საქართველოდან გაიქცნენ. თქვე დალოცვილებო მთა და ბარი ყველგან არის. თუ ერი და სამშობლო არ იქნება, რად გინდა ცხოვრება?! ამ ბინძურებს ვებრძვი იმისთვის, რომ მართალი, ლაღი საქართველო და გაღიმებული ერი მინდა ვნახო. თქვე დალოცვილებო, თუ ჩემი სიტყვა არ მოგეწონათ. ადექით და თქვენ გააკეთეთ.

_ ვინ არის ეს ადამიანი?

_ საკრებულოში ერთ-ერთი ჩინოვნიკია. დადის და ხალხს აშინებს იმ კადრების შემდეგ. აგიტაციას ეწევა. ამ ნაძირალა სამხარაძემ 26 წელი სკოლაში მასწავლებლად იმუშავა. მივედი იმ შეგნებით, რომ ადამიანმა, რომელმაც ეს კადრები იხილა, ამის შემდეგ, იქნებ, ნამუსმა შეაწუხოს,-მეთქი და ვუთხარი _ ბატონო თენგიზ, არ გინდათ, ნუ ჩაყვებით ამ ბინძურ ხელისუფლებას, ნუ გააკეთებთ, რომ თქვენს შვილს, მეც და არავის არ დაგვედგომებოდეს ამ ქვეყანაში. თქვენთან მოვედი როგორც მასწავლებელთან, 26 წელი, რა ღირებულებებითაც თქვენ ასწავლიდით, იმ ღირებულებებით მინდა საქართველოში ვიცხოვრო,-მეთქი.

ამ ადამიანმა მწყობრიდან მაშინ გამომიყვანა, როდესაც მითხრა: " მეწყინა რაც ვნახე, მაგრამ ხომ აგეს პასუხი?!" ვინ აგო პასუხი?! ახალაიამ აგო პასუხი?! ვანო მერაბიშვილმა აგო პასუხი?! სააკაშვილმა აგო პასუხი თუ ვინ აგო?! ავადმყოფმა შემსრულებლებმა, რომლებიც ასრულებდნენ შეკვეთას! მერაბიშვილები და ახალაიები ამით სიამოვნებას იღებდნენ! ემოციის გარეშე როგორ შეიძლება ამაზე საუბარი? რამდენიმე დღე დარჩა 1 ოქტომბრამდე. მთელი ერი ძალიან შეგნებულად გადაუსვამს ხაზს იმ სიბინძურეს, რაც ტრიალებს.

ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებს მოვიშველიებ: "ცოტანი იქნებით? ბოლომდე იბრძოლეთ და ძალიან ბევრი გახდებით". 1 ოქტომბრამდე რკინისებური მოთმინებით მივალთ. ვინც ვირთხა და ნაძირალაა, იმას ვირთხა და ნაძირალას ვუწოდებ! ვინც მოსაფერებელია, მოვეფერები კი არა, ცრემლით დავბან ფეხებს.

მთელს მსოფლიოში მყავს სხვადასხვა ეროვნების მეგობრები _ აფრიკელი, იაპონელი, ამერიკელი, გერმანელი, მუსულმანები, შიიტები, სუნიტები, ქისტები, კათოლიკები, მართლმადიდებლები. უამრავი მეგობარი მყავს, იცით რატომ? მე არ ვარ ქსენოფობი, ან რა დროს ქსენოფობიაა 21-ე საუკუნეში? კბილები კარგად გამოირეცხოს იმან, ვინც ამბობს, რომ კურტანიძე ემუქრება ვინმეს. მე ვაფრთხილებ იმას, ვინც იმუქრება. მე რა უფლება მაქვს ნაძირალას და ვირთხას სიცოცხლე ავუკრძალო?! მაგრამ ვეუბნები, მე ვიბრძოლებ ბოლომდე ჩემი ერისთვის და სიცოცხელს შევწირავ საქართველოს. მე არ ვიბრძვი კარიერისთვის. პულტის დამჭერად ნამდვილად არ გამოვდგები. არასროს არ იქნება ლუკა კურტანიძე პულტის დამჭერი. კურტანიძე იქნება იქ, სადაც თითოეულ ადამიანს დაჩაგრავენ, ატირებენ. სოროში რომ ჩაძვრნენ, მდუღარეს ჩავასხამ და იქ ამოვბუგავ მაგათ. ეს არის ჩემი ემოცია, რომელიც არ შემიძლია არ ვთქვა ხმამაღლა!