ივანიშვილი მედიის სრული თავისუფლების პირობას იძლევა

ივანიშვილი მედიის სრული თავისუფლების პირობას იძლევა

"ქართული ოცნების" ლიდერი პირობას დებს, რომ, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მედია სრულიად თავისუფალი იქნება. ამისთვის ის მთავარ პირობად პოლიტიკური ნების არსებობას მიიჩნევს. ხოლო კონკრეტულად რისი გაკეთება იქნება საჭირო, ეს თავად მედიის წარმომადგენლებმა უნდა გადაწყვიტონ - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, სასტუმრო "რედისონში" მედიის წარმომადგენლებთან "პრესის ასოციაციის" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ივანიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ დღეს მედია არ არის თავისუფალი და განსაზღვრული სეგმენტი მთლიანად ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია. ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში კი პირობას დებს, რომ ეს ვითარება მთლიანად შეიცვლება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ივანიშვილი მედიის სრული თავისუფლების პირობას იძლევა.

"ყველაზე კონკრეტული იქნება ის, რომ კანონი იკანონებს და მედიის საქმიანობაში ჩარევას ვერავინ გაბედავს. მე არ გადავწყვეტ, კანონში რისი შეცვლაა საჭირო, რადგან მე ერთპიროვნულად არ მივიღებ გადაწყვეტილებებს, როგორც ამას ერთმა კაცმა მიგვაჩვია. თქვენ თვითონ თქვით, რა არ მოგწონთ და კანონების მიღების პრობლემა არ იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა. "მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა კი ამის საპასუხოდ შესთავაზა, რომ შეიქმნას კომისია თავისუფალი მედიის წარმომადგენლების მიერ და ისინი სამ თვეში ერთხელ შეხვდნენ პირადად ივანიშვილს არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის მზად არის, სამ თვეში კი არა, ასეთ კომისიას თვეში ერთხელ შეხვდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ თემაზე საუბარს კი ივანიშვილსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორ გიორგი ჭანტურიას შორის შელაპარაკება მოჰყვა, რომელიც "პალიტრის" ჟურნალისტ თამარ ცაგარეიშვილის შეკითხვამ გამოიწვია. კითხვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხებოდა, რომელიც, ივანიშვილის განცხადებით, თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და საზოგადოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საკუთარ თავს ამ კითხვის დასმის უფლებას არ მისცემდა, შეხვედრაზე მაუწყებლის წარმომადგენლებიც რომ არ ყოფილიყვნენ, რომლებსაც მისი ვარაუდით, არხის ბედი შესაძლოა, არანაკლებ აღელვებთ. შეკითხვამ გიორგი ჭანტურია გააღიზიანა და აღნიშნა, რომ რადიო "პალიტრისგან" შენიშვნას ვერ მიიღებს, რადგან "ის მხარეა", რამაც შეხვედრაზე მყოფი მედიასახლ "პალიტრის" წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია", - განაგრძობს გამოცემა.

"საკუთარი სიტყვების არგუმენტად გიორგი ჭანტურიამ ეუთო-ს მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილი რეიტინგი დაასახელა, რომელშიც მისი თქმით, "პალიტრა" ყველაზე მიკერძოებულ რადიოდ არის წარმოდგენილი". ჭანტურიამ შეხვედრა "საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკისთვის გამიზნულ შეკრებად" მიიჩნია და პროტესტის ნიშნად შეხვედრა ხმაურით დატოვა. სიტყვიერმა დაპირისპირებამ სასტუმრო "რედისონის" შესასვლელში გადაინაცვლა, სადაც კამათი მამუკა ღლონტსა და გია ჭანტურიას შორის გაგრძელდა - ღლონტმა მას ხელისუფლებისგან მართული უწოდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა მაინც გაგრძელდა და მედიაში გასატარებული რეფორმების გარდა, საუბარი მიმდინარე საკითხებსაც შეეხო", - დასძენს გამოცემა.

"გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი და "პრესის ასოციაციის" წარმომადგენელი ლაშა ტუღუში, რომელიც ამ შეხვედრას უძღვებოდა, აღნიშნავს, რომ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან არჩევნების წინ მედიასაშუალებებსა და მის ხელმძღვანელებს, აგრეთვე პოლიტიკაში დღეს ერთ-ერთ ძირითად მოთამაშეს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდათ შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის პირდაპირ რეჟიმში დაესვათ კითხვები და თავისი მოსაზრებები გამოეხატათ მედიის, პოლიტიკის, არჩევნების, სასამართლოს, კონფლიქტებისა და ბევრ საკითხთან დაკავშირებით. "საინტერესო იყო ივანიშვილის მოსაზრებების გაცნობა. შეუძლებელია ყველა მოსაზრება ერთნაირი ან მისაღები იყოს. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ და ვიცხოვროთ დღევანდელ რეალობაში. მივესალმები მსგავს შეხვედრებსა და ფორმატს. მე სხვა ასეთი ღია და გამჭვირვალე შეხვედრა არ მახსოვს, სადაც მედიასაშუალების წარმომადგენლებს შეეძლოთ ეკამათათ. ჩვენ ასეთი პირდაპირი ხიდის საშუალება კიდევ ბევრჯერ უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა ტუღუშმა, რომლის აზრით, "საჭიროა მსგავსი შეხვედრები კიდევ გაიმართოს, რადგან ბევრი საკითხი მხოლოდ ზოგადად შეფასდა, არადა დაკონკრეტება აუცილებელი და მნიშვნელოვანია", - წერს სტატიის ავტორი.