კომპანიებს გაზი გაუძვირდა და მარტიდან ყველა მეწარმე გაზრდილ ტარიფს გადაიხდის. აქამდე მხოლოდ თბილისში მოქმედებდა გაზრდილი ტარიფი, ახლა ცნობილი გახდა, რომ დანარჩენ საქართველოში პირველი მარტიდან ამოქმედდება ახალი გადასახადი, რომელიც ძველს 9 თეთრთი აღემატება.
2019 წლის 1-ლი მარტიდან „სოკარ ჯორჯია გაზი“ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასურს ზრდის, რაც 1 კბ/მ-ზე 95 თეთრი იქნება.
კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით. ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ, 1-ლი მარტიდან.
როგორც „სოკარ ჯორჯიას“ დირექტორის პირველმა მოადგილემ ანტონ სამსონაძემ განაცხადა, პირველი მარტიდან კომერციული სექტორისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება 9 თეთრით მოიმატებს.
„გადაწყვეტილება განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით და ამავე დროს, სემეკის მიერ დადგენილი განაწილების ტარიფის ცვლილებით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოსახლეობას, რომელიც სოციალური ტარიფით იღებს გაზს, ეს არ შეეხება.
გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის „სოკარ ჯორჯია გაზი“ უკანასკნელია, ვინც ამ კორექტირებას ახდენს. ყველა სხვა კომპანიებმა უკვე დააკორექტირეს თავისი ტარიფები. გადასახადი პურის საცხობებისთვის უცვლელი რჩება და ეს „სოკარის“ კეთილი ნებაა, რათა მოსახლეობამ ვერ იგრძნოს კომერციული ტარიფის ცვლილება, პურის გაძვირების ნაწილში“, - განაცხადა ანტონ სამსონაძემ.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზის გაძვირება მოსალოდნელი იყო. იგი ლოგიკურად მიიჩნევს გამანაწილებელი კომპანიის გადაწყვეტილებას, რადგან მას აზერბაიჯანიდან დოლარში შესაძენი გაზი, ლარის გაუფასურების გამო გაუძვირდა.
„რეალურად, იგივე დაემართებოდა საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფსაც, სახელმწიფოს რომ არ აეღო თავის თავზე და არაპირდაპირი სუბსიდირებით არ მოეხდინა შესასყიდი გაზის ფასის დაწევა. ამის გამოიყო რომ საყოფაცხოვრებო სექტორში შევინარჩუნეთ თითქმის იგივე ტარიფი, რაც გასულ წელს იყო.
გარდა ამისა, ბიზნესის სექტორი დერეგულირებულია. სახელმწიფოს უფლება არ აქვს, რომ მათთვის შესასყიდი ფასი თავისი ბიუჯეტიდან გადაიხადოს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ არაბიძემ.
ფაქტია, რომ გაზის ტარიფის გაძვირება ძალიან ცუდი იქნება ბიზნესისთვის, რადგან სპეციფიკიდან გამომდინარე ბევრი რამ ენეგომატარებლებზეა დამოკიებული. ამიტრომ „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე პროდუქციაზე ფასის მომატებას არ გამორიცხავს.
„რაც კი შეიძლება ცუდი ვთქვა, სწორედ ამ თემას ეხება. ეს ძალიან ცუდი იქნება ბიზნესისთვის, ლარის კურსი დიდი ხანია ასეა, მაშინ რატომ არ შეცვალეს ტარიფი? ჩვენი წარმოება ნატურალურ პროდუქციაზეა დაფუძნებული, დანამატები არ გვაქვს. ძირითადი ორიენტაცია გვაქვს გაზზე, რომ სტერილიზაცია და პასტერიზაცია 4-ჯერ გავაკეთოთ. დიდად ვართ დამოკიდებულები ამ ენერგიაზე. ვცდილობთ, რეზერვები გამოვნახოთ და პროდუქციას ფასი არ მოვუმატოთ, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. მოგვივიდა წერილები, რომ ფასის მომატებას აპირებენ. წარმოებას არ შევამცირებთ, ვეცდებით სხვა რესურსებით დავაკომპენსიროთ, თუ არადა, რაღაც ეტაპზე მოგვიწევს ფასის მომატება“, - განაცხადა გოგლიძემ.