რუსეთის ეკლესია საქართველოს ღიად ემუქრება. საქმე რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებას ეხება, რომელსაც წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობას კარგად ესმის საეკლესიო რეალობა და იცის, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო.
რუსეთის საპატრიარქოს მუქარას ქართველი თეოლოგები "რეზონანსთან" ეხმაურებიან და ამბობენ, რომ რუსი სასულიერო პირები ღია შანტაჟზე გადავიდნენ. ეს არის დამოუკიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფა და დამცირება, რასაც ჩვენი საპატრიარქოს მხრიდან საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. მათი აზრით, ნებისმიერი სხვა ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი ღია მუქარა რომ ყოფილიყო, საპროტესტო ნოტას გაუგზავნიდნენ, მაგრამ ჩვენი ეკლესია ამას ვერც გაბედავს. ამის მიზეზი კი შეიძლება საქართველოს საპატრიარქოს უძლურება და შიში იყოს, ან კიდევ რუსული აგენტურის ქსელი, რომელსაც ჩვენს ეკლესიაში, დიდი ხანია, ფესვები აქვს გადგმული.
ალფეევმა კომენტარი გამოთქვა ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე: რომ საქართველოს მიერ უკრაინის ავტოკეფალიის ცნობის პასუხად რუსეთმა შეიძლება აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა ცნოს. ქართველი თეოლოგები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ეკლესიამ რუსეთიდან მომდინარე ამ თავხედურ განცხადებებს უნდა უპასუხონ.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადება უმძიმესია, მით უმეტეს ადამიანისგან, რომელსაც ეკლესიაში მაღალი თანამდებობა უკავია, საგარეო განყოფილების თავმჯდომარეა. ამ განცხადებით მან საქართველოს ეკლესიაში არსებული მდგომარეობის ლუსტრაციაც კი მოახდინა და საქართველოს ეკლესიაში საკუთარი მოკავშირეები გათქვა.
"ალფეევმა თქვა, რომ საქართველოს ეკლესიაში არის რამდენიმე სასულიერი პირი, რომლებიც დესტრუქციულად და არამართებულად იქცევიან. არიან ახალგაზრდა ეპისკოპოსები, რომლებიც ისედაც პატრიარქის წინააღმდეგ ოპოზიციურად არიან განწყობილები. ეს იმას ნიშნავს, რომ ის, ფაქტობრივად, ჩვენი უწმინდესის ავტორიტეტით შეეცადა განსხვავებული აზრის მქონე მღვდელმსახურების დისკრედიტაციას.
"აქედან გამომდინარე, ეს საკმაოდ მზაკვრული და ცბიერი განცხადება იყო. ერთია, რომ პატრიარქი პატივსაცემი და დასაფასებელი ფიგურაა, თუმცა წმინდა სინოდი აზრთა ჭიდილს გულისხმობს და განსხვავებული აზრი ვინმეს დაუმორჩილებლობას ან წინააღმდეგ წასვლას არ გულისხმობს," - ამბობს ტიგინაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ნეიტრალური პოზიცია აქვს, ეს კი, სახარების მიხედვით, პილატეს პოზაა, რომელიც მორალურად უფრო უხერხულია, ვიდრე ის, რომ გქონდეს მცდარი, მაგრამ გულახდილი პოზიცია.
"ეს ადამიანი ყველანაირ ეტიკეტს და ზნეობრივ ფორმას სცდება, რადგან მას უფლება არა აქვს, სრულიად დამოუკიდებელ საქართველოს ეკლესიას შანტაჟის ენით ესაუბროს. მით უმეტეს რუსეთი საქართველოს ეკლესიასთან ვალშია, რადგან ზიანისა და ზარალის მეტი მისი მხრიდან არაფერი გვახსენდება. რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ნებისმიერი სხვა რომელიმე ეკლესიის მიმართ ასეთი განცხადებით რომ გამოსულიყო, რა თქმა უნდა, ამას ძალიან მკაცრი და ხისტი შეფასება მოჰყვებოდა.
"თუმცა ჩვენს სინამდვილეში არა თუ ამ მუქარაზე, არამედ იმაზეც კი, რომ ისინი ჩვენი პატრიარქის ტიტულს არ სცნობენ და რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უწმინდესს ცხუმ-აფხაზეთის ტიტულით არ მოიხსენიებენ, ჩვენს საპატრიარქოს რეაგირება არა აქვს. საუკეთესო შემთხვევაში ეს დუმილი გამოწვეულია ჩვენი ეკლესიის უძლურებით, რომ ძალა აღმართს ხნავს და ვერ ეწინააღმდეგებიან. ჩვეულებრივ შემთხვევაში კი საქართველოს ეკლესიაში რუსული აგენტურა საკმაოდ ფესვგადგმულია," - აცახდებს თეოლოგი "რეზონანსთან".
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა კი ფიქრობს, რომ საპატრიარქო ცდილობს, სინოდი შულავერის კომიტეტად აქციოს.
"დღეს არის მცდელობა, რომ საპატრიარქომ სინოდი აქციოს შულავერის კომიტეტად, რომელიც თავისი იდეოლოგიური მრწამსით სრულად უნისონში მოდის რუსეთის ინტერესებთან. თუმცა მას კიდევ აქვს არჩევანი, რა გზით წავიდეს," - ამბობს მირცხულვა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მომდინარე ეს განცხადება მიმართულია არა ეკლესიის ან ხელისუფლების მისამართით, არამედ გამიზნულია საზოგადოების დასაშანტაჟებლად და ახლა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, წამოეგება თუ არა ამ შანტაჟს.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია კი მოსკოვში იმყოფება. ორი მღვდელმთავარი და ერთი დეკანოზი რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობს. ამავე შეხვედრაზე მეუფე ანდრია გვაზავასთან და ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგთან ერთად იმყოფებოდა მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევიც.
რუსული ეკლესიის მუქარის პარალელურად, ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის წევრმა, მეუფე ანდრია გვაზავამ, პატრიარქ კირილს საქართველოს პატრიარქის მისალოცი წერილი წაუკითხა.
"ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ ღვთის ჩანაფიქრით პირველი იერარქის ჯვარს ატარებთ. ამ ხნის განმავლობაში და თქვენი ცხოვრების მანძილზე თქვენ დიდი ინტელექტუალური და სასულიერო ძალისხმევა გამოიჩინეთ იმისთვის, რომ წვლილი შეგეტანათ არამხოლოდ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში.
"მომავალში გისურვებთ ნაყოფიერ ღვთისმსახურებას ჩვენს რთულ და მოულოდნელობით სავსე დროში... ყველას განსაკუთრებული გამოწვევა და პრობლემა გვაქვს, მაგრამ ახლა თქვენც, ჩვენც და სრულიად მართმადიდებლური სამყარო აღმოვჩნდით სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენს ქმედებებზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, თუ როგორ სივრცეში ვიცხოვრებთ ყველა.
"რაც უფრო დიდია გამოწვევა, მით უფრო დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე," - ნათქვამია წერილში.