„მაგთიკომსა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გასაზრდელად ამ ეტაპზე მიზეზი არ აქვთ, თუმცა ამ კომპანიებმა საკუთარი მომსახურების გაძვირების სურვილი მაინც გამოხატეს.
ამ სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში მობილურ ოპერატორთა ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ აქციზიც გაუუქმდათ, ამის მიუხედავად, აღნიშნულ კომპანიებს მაღალი მოგების მიღება სურთ.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიების უმრავლესობა „სილქნეტისა“ და „მაგთიკომის“ ოლიგოპოლიური შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რაც მცირე და საშუალო ოპერატორების ბაზრიდან გაძევებაში გამოიხატა.
პარალელურად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ „სილქნეტმა“ უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და, სავარაუდოდ, „მაგთიკომიც“ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. კახა ბექაური იმასაც ადასტურებს, რომ ქართულ ბაზარზე სატელეკომუნიკაციო ტარიფთა გაძვირების საფუძველი და წინაპირობა არ არსებობს და ორივე კომპანიამ არასწორ დროს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს ორი დიდი ძალის მქონე ოპერატორი („სილქნეტი“ და „მაგთი“) ბაზარზე გაძვირებით თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. კომისიას უფლება აქვს, საცალო ზღვრული ტარიფები დააწესოს“,-აცხადებს კახა ბექაური, რომლის აზრითაც, ეჭვს იწვევს ორი მსხვილი ოპერატორი კომპანიის ერთდროული გადაწყვეტილება ტარიფების ზრდის თაობაზე, რაც კარტელური გარიგების ეჭვებს აჩენს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფაქტია, ამ კომპანიებმა („სილქნეტი“ და „მაგთი“) ჩვენს მოსახლეობასა და მარეგულირებელ კომისიას კბილი მოუსინჯეს იმისთვის, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა ჩვენს საზოგადოებას და მარეგულირებელს გაძვირებასთან დაკავშირებით. საკომუნიკაციო ბაზარზე ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ მხოლოდ სამი კომპანია მოქმედებს- „მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“, თუმცა საუბარია იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში „ბილაინი“ გადის ბაზრიდან. მანამდე კი რის გაძვირებასაც ჩვენი კომპანიები აპირებენ, იმის შემცირებაზეა საუბარი ევროპის მასშტაბით.
„მაგალითად, ევროპაში საუბარია 4 ჯი ინტერნეტის მინიმალური ფასებით შემცირებაზე, თუ საერთოდ უფასოდ გაცემაზე, ურთიერთჩართვის ტარიფების შემცირებაზე. ჩვენთან კი რატომღაც ყოველთვის გაძვირებაზეა საუბარი. ყველაფერს თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ამ კომპანიებმა ჩვენი ქვეყნის სოციალური ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ და თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინონ, რადგან ცხოვრება მძიმეა, გადასახადები განუწყვეტლივ იზრდება, შემოსავლები მცირდება. ასეთ დროს ეს კომპანიები ისეთ პროდუქციას აძვირებენ, რომელიც აღარ არის ფუფუნების საგანი და ყოველდღიური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს.
კარგია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ პრინციპული მიდგომა გამოავლინა და თავიდანვე განაცხადა, რომ არ არსებობს ობიექტური პირობები, რათა კომპანიებმა მომსახურება გააძვირონ“, - განმარტა პაატა აროშიძემ და 25-ლარიან პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის გაძვირებასაც 30 ლარამდე აპირებენ.
ეკონომისტის განმარტებით, ამ მიმართულებითაც ევროპაში ტარიფები მცირდება და, თუ ევროპასთან დაახლოება მხოლოდ განცხადება არ არის, მაშინ ევროპელებისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად ხელმისაწვდომია ინტერნეტი. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენს მოსახლეობას ხარჯები გაეზრდება, ეს ნიშნავს, რომ თანდათან შემცირდება ინტერნეტთან წვდომა. ამიტომ ეს საკითხიც დასაფიქრებელია.
„ცხადია, უსაზღვროა მობილური კომპანიების სურვილი, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ. ამიტომ ვიღაცამ უნდა დაუდოს მათ უსაზღვრო სურვილებს საზღვარი და ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება. ამ კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი საზოგადოების მდგომარეობა, რომ გარდა ბიზნესის კანონისა, რასაც კომერციალიზაცია, მოგება ჰქვია, არსებობს სოციალური პასუხისმგებლობაც“.