ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე საქართველოს საპატრიარქოს დუმილს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.
"2020NEWS“-თან საუბარში ზაზა აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიამ ეს ნაბიჯი მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროსთან შეთანხმებით უნდა გააკეთოს.
"დადებითად ვაფასებ, რომ საქართველოს საპატრიარქო ჯერჯერობით არ იღებს გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით. ბევრი საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ის, რომ კონსტანტინეპოლმა ცნო უკრაინის ავტოკეფალია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ უნდა ცნოს. უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია საკითხი, არის თუ არა კონსტანტინეპოლის მხრიდან რომელიმე ავტოკეფალიის ცნობა მხოლოდ მისი პრივილეგია. მის ამ გადაწყვეტილებას აუცილებელია თუ არა, რომ დაეთანხმოს ყველა სხვა მართლმადიდებლური ეკლესია? არავინ უარყოფს, რომ უკრაინის ეკლესიას, როგორც საკმაოდ დიდმრევლიან ეკლესიას (მგონი 10 – 12 მილიონამდეა მისი მართლმადიდებლური მრევლი), აქვს ძალიან ძველი ისტორია, არაჩვეულებრივი და უძველესი ეკლესია-მონასტრები, რომლბიც კულტურის დიდი ცენტრებია. არავინ უარყოფს, რომ ეს ეკლესია იმსახურებს ავტოკეფალიას, თუმცა კონსტანტინოპოლისთვის არავის მიუნიჭებია უფლება, რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, რომელიმე ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. არც ერთი კანონიკური სამართლის ძეგლი არ გვეუბნება ჩვენ, რომ კონსტანტინოპოლს აქვს უზენაესი უფლება თვითონ გადაწყვიტოს სხვა ქვეყნის და სხვა ტერიტორიის ავტოკეფალიის საკითხი. კონსტანტინოპოლი საუკუნეების განმავლობაში ცნობდა კიევს მოსკოვის იურისდექციაში. ახლა ამას რომ აკეთებს მოსკოვის გარეშე, მე მგონი, ცოტა სახიფათო ტენდენციაა. მართლმადიდებლურ სამყაროს პაპი არ გვყავს, რომ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ თხუთმეტი დამოუკიდებელი ეკლესია, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე რაღაც ცვლილებებს თვითონ არეგულირებს“, - აცხადებს აბაშიძე.
ისტორიკოსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს.
"რუსები ყველაფერზე არიან წამსვლელები. შეიძლება მათ აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭონ, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან კანონიკური საფუძველი ამას არ ექნება. ჩვენ ახლა პრაქტიკულად ვათანაბრებთ ერთმანეთთან კონსტანტინოპოლს და მოსკოვს. არავითარი გათანაბრება არ შეიძლება მათი. მეორეც - რა უფლება აქვს მოსკოვს აფხაზეთის ტერიტორიაზე? - არავითარი. რუსები ყველაფერზე წამსვლელები არიან და სავსებით გასაგებია, მათი ხელი ამ ყველაფერში, მაგრამ აფხაზეთის ავტოკეფალიის ცნობა-არცნობა, მათი მხრიდან ფიქტიური იქნება. მათ არანაირი უფლება არ აქვთ ჩემს იურისდექციაში მყოფი ეკლესია დამოუკიდებლად ცნონ. ისევე როგორც კონსტანტინოპოლს არ აქვს უფლება, რუსეთის იურისდექციაში მყოფ ტერიტორიას ავტოკეფალია მიანიჭოს, მანამდე, სანამ მოსკოვთან არ მოილაპარაკებს.
ჩვენ თუ ახლა კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას დავეთანხმებით, არ იქნება სწორი. ჩვენ ჩვენი ტომოსი უნდა გამოვცეთ უკრაინის ავტოკეფალიის ცნობის, პოლონეთმა თავისი, ბულგალეთმა თავისი, სერბეთმა თავისი, მე ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ კონსტანტინოპოლის ტომოსი ყველა დანარჩენისთვის სავალდებულო არ არის.
მე ვამბობ, რომ ეს არის ცალკე აღებული ეკლესიის მიერ სხვა ეკლესიის ტერიტორიის ცნობა ავტოკეფალურად. თუ ყველა სხვა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგივე გაიმეორა, ყველამ ერთად, კრებითად, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ ჩვენ უბრალოდ კონსტანტინოპოლს მივანიჭეთ მხოლოდ ამის უფლება, ეს ძალიან ცუდია, ეს უფლება კონსტანტინოპოლისთვის არავის მიუნიჭებია არასოდეს“, - აღნიშნავს აბაშიძე.
ისტორიკოსის აზრით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მართლმადიდებლური სამყარო დუმს და უკრაინის ავტოკეფალიას არ აღიარებს.
"ბევრი იკავებს თავს იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. ზეგ ან მასზეგ რომ მოინდომოს კონსტანტინოპოლმა და დააკმაყოფილოს აფხაზების თხოვნა და მიანიჭოს მათ ავტოკეფალია, ჩვენ ვაღიარებთ, თუ არა ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის ავტოკეფალიას? - მე უფრო მეტად ამის საფრთხეს ვხედავ, ვიდრე რუსეთმა რომ აღიაროს აფხაზეთის ავტოკეფალია. იმიტომ რომ აფხაზები ბოლო დროს მიიდრიკნენ კონსტანტინოპოლისკენ და აფხაზები მათ სთხოვენ ავტოკეფალიის აღიარებას, ან ავტონომიის მინიჭებას კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში. დღეს ბართლომე გვპირდება, რომ აფხაზეთს არ აღიარებს, მაგრამ ჩვენ რა ვიცით კონსტანტინოპოლის მომდევნო პატრიარქი რას იზამს?! კონსტანტინოპოლს ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ეს საკითხი“, - აცხადებს აბაშიძე.
ცნობისათვის, 6 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი გადასცა კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს. ტომოსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სტამბოლის წმ. გიორგის ტაძარში გაიმართა, ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.