"არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებამ თავად უნდა შეცვალოს, გარედან ზეწოლის გარეშე; ეს მისთვის უფრო მომგებიანი იქნება. თუ უარს იტყვის, მაშინ ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რომ ოპოზიციის წნეხს გაუძლოს" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორიცულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
პაატა ზაქარეიშვილი: პირადად მე მივესალმები ოპოზიციის ინიციატივას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებთი. მაგრამ ოპოზიციამ მხოლოდ ეს საკითხი უნდა დაყენოს. დამატებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა ყველაფერს გააფუჭებს. თუ რაიმე ისე არ გამოვა, ხელისუფლება ხელს ოპოზიციას შეახოცავს, ამიტომ უნდა იყოს მხოლოდ ერთი საკითხი და ეს არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
ჩემი აზრით, ხელისუფლებამ არსებული საარჩევნო სისტემა თავად უნდა შეცვალოს, გარედან ზეწოლის გარეშე, რადგან მისთვის უფრო მომგებიანი იქნება და მეტი შანსი აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების. თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარს იტყვის, მაშინ ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რომ ოპოზიციის წნეხს გაუძლოს.
"რეზონანსი": ამ თემას არ უკავშირდება, თუმცა აქტუალურია და კვლავ ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხება. ამ საქმესთან დაკავშირებით 16 პირია დაკავებული, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" მათ მიმართ პოლიტიკურ ანგრიშსწორებად აფასებს.
პ.ზ: ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით თავიდანვე ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩანაწერები უნდა შენარჩუნებულიყო, რადგან ამ პრობლემას ისევ წავაწყდებოდით. ასეც მოხდა და სამარცხვინო კადრების გავრცლება დღესაც ხდება. ამით ჩრდილი ადგება ყველას, პირველ რიგში ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ, ეს მათი გაკეთებული არ არის. მე როგორც ერთი მოქალაქე, შეიძლება არ გამოვრიცხო, რომ ამ კადრების გავრცელება ახლოს იდგეს "ნაციონალურ მოძრაობასთან", ანუ ვიღაც გარეწრებმა ჩაიგდეს ხელში და როგორც კი კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება ხელისუფლებაში, მაშინვე ავრცელებენ. მაგრამ ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვინც ეს ჩაიფიქრა, ბესელიას დისკრედიტაციის მიზნით, ბესელია უფრო გააძლიერა და პოპულარული გახდა. ებრძვი იმ ადამიანს, რომელიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის იბრძვის, შენ უტევ სიმართლეს და მებრძოლ ადამიანს, საზოგადოება ბესელიას მიმართ სოლიდარული გახადა.
"რ": ექსპერტთა აზრით, ამ ეტაპზე ხელისუფლებამ უკან დაიხია, მოსამართლეების საკითხი შეჩერდა, თქვენ როგორ ხედავთ მოვლენების შემდგომ განვითარებას?
პ.ზ: მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ სამი რამ უნდა გააკეთოს. პირველი, მოსამართლეების სია, რომელიც პარლამენტში იყო წარდგენილი, სრულიად უნდა გამორიცხოს. უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს გადახალისება და რეფორმები ჩატარდეს. მესამე, გადავადდეს ან გაუქმდეს მოსმართლეთა უვადოდ არჩევა. თუ ხლისუფლება ამ სამ ნაბიჯს არ გადადგამს, პრობლემა პრობლემად დარჩება.