დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულია 16 პირი. მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ოთხი წევრია. ორი აქტივისტი. ირმა და ინგა ხაროიშვილების აყვანა ბათუმის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მოხდა. ასევე სამეგრელოში ორი მამაკაცის დაკავება მოხდა, რომლებიც პარტიის აქტივისტები არიან. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის" მონაწილე გიორგი გასვიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი კახა ხვისტანი „რეზონანსთან“ ადასტურებს. ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში მიაკითხეს და იქ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ასაჯაროვებენ დაკავებულების ვინაობას და არც სხვა დეტალებზე საუბრობენ.
დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ქალების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქცევა ხელისუფლების მხრიდან, რათა დანაშაულის გადაბრალება „ნაციონალებზე“ მოხდეს. მათივე ინფორმაციით, ქალბატონებს გაურკვეველი ვიდეო-ფაილები სოციალურ ქსელში ჩაუყარეს. მათ კი ამის შესახებ საჯაროდ დაწერეს და სამართალდამცველები გააფრთხილეს. ამიტომაც წარმოუდგენელია, რომ მათზე ამ დანაშაულის გადაბრალება მოხდეს.
„შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებულია 16 პირი. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს,“ - განაცხადა კრიმინალური პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ბორცვაძის განცხადებით, გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამავრცელებელი სხვა პირების დადგენის მიზნით.
ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს, რადგან გარდა გამავრცელებელი პირების პასუხისმგებლობისა, მთავარია ის, ვისგანაც წამოვიდა თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მივესალმები გამოძიების სწრაფად მოქმედებას, რა თქმა უნდა, ეს დასაწყისია და არ არის დასასრული, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში. დაკავებულ პირთა რაოდენობაც მეტყველებს ამაზე, თუმცა, ეს რიცხვი როგორც ჩანს, გაცილებით მეტია. ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს, რადგან მთავარია გარდა გამავრცელებელი პირების პასუხისმგებლობისა, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული, ის, ვისგანაც წამოვიდა თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება. ვინც იყო ინიციატორი ამ უკანონო ჩანაწერის გავრცელების, ვინც იყო ამ დანაშაულებრივი ქმედების სათავეში. ამაზე ველოდები პასუხს გამოძიებისგან. ის, რომ გუშინაც ვრცელდებოდა ეს უკანონო ჩანაწერი, ამის თაობაზე ინფორმაცია ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა და სწრაფი მოქმედება და პრევენციული ღონისძიებებია საჭირო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტის დაკავებას თინა ბოკუჩავა ეხმაურება. დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ენმ-ს აქტივისტებს ვიდეომასალა მიზანმიმართულად გადაეგზავნათ, რათა შემდგომ მათი დაკავება მომხდარიყო.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება იმიტომ, რომ არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე. სუს-მა ვირუსულად შემდგომ ათობით ჩვენს მხარდამჭერს და ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით, გაუგზავნა ეს კადრები, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ხვდებოდნენ, ვინმე უნდა დაესაჯათ. ცხადია, ისინი ვერ დასჯიან, ადამიანს, ვინც ეს დაკვეთა გააკეთა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის თავად ამ ქვეყნის მართველი ბიძინა ივანიშვილი,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
ბოკუჩავა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობისგან“ „მტრის ხატის“ შექმნის მორიგ მცდელობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
„ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რაც ჩაიდინა თავად ივანიშვილმა და რაც შემდგომ დაავალა სუს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნებს, რომ დიახ, ათეულობით ჩვენი მხარდამჭერისთვის გადაეგზავნათ ეს კადრები. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს თავად იმ პიროვნებას, ვინც ეს თავიდან გაავრცელა,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავა სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ავტორი დააკავონ. დეპუტატის თქმით, მსგავსი კადრების გავრცელება ძირითადად ქალი პოლიტიკოსების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ემსახურება.
იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მთავარია ვინ იყო ამ კადრების თავი წყარო და არა ის, ვინც კანონი არ იცოდა, მიიღო ვიდეო და არცოდნის გამო გაავრცელა. თუ წყარო არ დადგინდა, ამ ადამიანების დაკავებას აზრი არ ექნება, რადგანაც ის პიროვნება მაინც შეეცდება, რომ ამ ჩანაწერების გავრცელება მოხდეს.
„ჩვენ გავინტერესებს ვინ არის უმთავრესი დამნაშავე. ახლა მეც რომ მომივიდეს ეს ვიდეო, ვიცი კანონი და მას გაუხსნელადვე წავშლი. თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის და ასე მაშინ ნახევარი საქართველო შეიძლება დასაჭერი გახდეს. ეს გამოდის მაშინ უკვე, რომ მოსახლეობის ინტერნეტ კონტროლი იწყება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ახლა მარტო ბესელიას კი არა ყველას ინტერნეტ ტერორით გვაშინებენ. ძალიან მინდა მედიას ვთხოვო, რომ საზოგადოებას კარგად განუმარტეთ, ნებისმიერი ასეთი სახის მასალა თუ მიიღეთ, ვირუსი იქნება, რაც იქნება, მომენტალურად გაანადგურეთ და არავის გაუზიაროთ, თორემ გამოდის, რომ ამ მოტივით შეუძლიათ ყველას ბრალი წარუდგინონ. ეს კი ძალიან საშიში ამბავია და გრიპის ვირუსივით გავრცელდება.
ასე „ოცნებას“ შეუძლია ნახევარი საქართველო დაიჭიროს, ეს სამართლებრივად სრულიად შესაძლებელია, იმ მუხლით, რაც თავის დროზე ჩვენი მოთხოვნით მიიღეს, მაგრამ პრაქტიკა სრულიად მიუღებელი და მახინჯია. ასეთ დროს მივიღეთ სიტუაცია, რომ ანკესი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი წამოეგოს“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“.
საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებითა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ვაჭრობა. მისი თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება თუკი სამინისტრო ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ქმედით ღინისძიებებს ახორციელებს. თუმცა აუცილებელია, რომ გამოძიებამ არა მხოლოდ იმ ადამიანების დაკავებაზე იზრუნოს, რომლებმაც კანონის არცოდნის გამო გაავრცელეს ჩანაწერები, არამედ მოხდეს იმ პირების დადგენაც, რომლებმაც ეს მათ მიზანმიმართულად გასავრცელებლად გადაუგზავნეს.
“ერთხელ და სამუდამოდ, მკაცრად უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებმა, ვინც რაიმე ფორმით შეიძლება, ამ პროცესში იყოს ჩართული, ამიტომაც მე მხოლოდ მივესალმები, თუკი სამინისტრო ქმედით ღონისძიებას ახორციელებს და ეს კონკრეტული შემთხვევა გახდება სამაგალითო, რომ მომავალში სხვებმა არ გაბედონ ადამიანის პირადი ცხოვრებისა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. არა მხოლოდ გამოქვეყნებაზეა საუბარი, არამედ, რა თქმა უნდა, ჩაწერაც, ფარული მიყურადებაც უკანონოა, როდესაც ეს ყველაფერი შესაბამისი ორგანოების მონაწილეობის გარეშე ხდება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ არ შეიძლება, ისეთი სიბინძურის კეთება, რასაც სხვა ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჰქვია. ყველა უნდა გაფრთხილდეს და მსაგვის მასალების მიღების შემთხვევაში არ გაავრცელონ”,- აღნიშნა მან.