თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ხელშეკრულების ვადა, შესაძლოა, კიდევ 30 წლით გაუხანგრძლივდეს. სანაცვლოდ კი კომპანია ახალი ტერმინალის მშენებლობას დაიწყებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ადგილობრივი ავიაციას არაფერში წაადგება, რადგან თურქული კომპანიის ინტერესებში არ შედის საქართველოში ავიასფეროს განვითარება.
თბილისის აეროპორტის თურქულ ოპერატორთან ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2027 წელს იწურება. „ტავ ჯორჯიას“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათ მსგავსი მოლაპარაკების შესახებ არაფერი სმენიათ, თუმცა სხვაგვარი ცნობები ვრცელდება კულუარებში.
მთავრობა თბილისსა და ბათუმში აეროპორტების გაფართოებას განიხილავს. ამ ინციატივით საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა. ქობულია ამბობს, რომ საკითხზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს და არ გამორიცხავს, დედაქალაქში აეროპორტის ახალ ლოკაციაზე მშენებლობასაც, მიზეზად კი გაზრდილი მგზავრთ ნაკადი სახელდება.
კონფიდენციალური წყარო ამბობს, რომ მთავრობას გადაწყვეტილება თითქმის უკვე მიღებული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ „ტავ ჯორჯიასთან“ პრობლემები არაერთხელ შექმნილა, ამის მაგალითად კი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აუდიტის დასკვნაც საკმარისია. 2014 წელს საერთაშორისო აუდიტმა დაადგინა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკები საფრთხის შემცველი იყო და „ტავ ჯორჯიას“ ასაფრენი ბილიკების მოწესრიგება დაავალა.
„პრაიმტაიმის“ ცნობით, სწორედ ასაფრენი ბილიკების მოუწესრიგებლობა იყო მიზეზი, რის გამოც სასამართლომ კომპანიას „საქართველოს ავიახაზებისთვის“ კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რადგან მოუწესრიგებელი ასაფრენი ბილიკები თვითმფრინავებს პრობლემებს უქმნიდა.
საერთაშორისო აუდიტის სკანდალური დასკვნის შემდეგ „ტავ ჯორჯიამ“ ასაფრენი ბილიკების მოწესრიგება დაიწყო. ცნობილია, რომ „ტავ ჰოლდინგი“ მსოფლიოს 20 ქვეყანაში 75 აეროპორტს მართავს. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აეროპორტები უნდა იყოს მთავრობის კონტროლის ქვეშ და არა კერძო კომპანიების, ვინაიდან ავიაცია არის ძვირიანი ბიზნესი და საავიაციო სექტორიდან მიღებული შემოსავალი უნდა რჩებოდეს მთლიანად ქვეყანაში.
სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ თურქული კომპანიის ინტერესებში არ შედის საქართველოს ავიაციის განვითარება. როგორც „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვასო ურუშაძე ამბობს, თბილისთან ახლოს ახალი აეროპორტის აშენება, რომლის შესახებაც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, არარეალურია, რადგან ამ მიმართულებით მრავალი პრობლემა და გამოწვევაა. თურქული ოპერატორის ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ 150 კმ რადიუსში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა შეზღუდულია, ხოლო აჭარაში კი არსებული რელიეფური მდგომარება აეროპორტისთვის ახალი ლოკაციის შერჩევას ართულებს.
„არის ბევრი შესაძლებლობა, რომ გადაიხედოს „ტავ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულება. მაგალითად, იქ პირდაპირ არის ჩანაწერი, რომელიც ზღუდავს 150 კმ რადიუსში ალტერნატიული აეროპორტის ფუნქციონირების შესაძლებლობას და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან კონკურენციის შესახებ“, - აცხადებს „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი.
ურუშაძე პრობლემებს შორის ასახელებს საავიაციო ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციასაც, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის.
„ჩვენი სახელმწიფოს ქონება, ამ შემთხვევაში აეროპორტები გადაცემული გვაქვს გარკვეული წლით იჯარით სხვა კომპანიისთვის, რომელიც ერთგვარ კონკურენციაშიც კი არის ჩვენთან. ეს არის თურქული კომპანია „ტავ ჯორჯია“. მათ ინტერესებში არ შედის ის, რომ საქართველო საავიაციოდ განვითარდეს იმგვარად, რომ მომავალში ის გახდეს კონკურენტუნარიანი რეგიონში და კონკურენცია გაუწიოს თურქეთს“, - ამბობს „ბიზნეს მედიასთან“ ურუშაძე.