"ლაზიკას“ ოინები, ანუ გახდება თუ არა "ჩქინი ნოსა“ ზუგდიდის მერი?!

პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებიას ინფორმაციით, ზუგდიდის მერის არჩევნებში შესაძლოა, კენჭი საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა იყაროს.

ამის შესახებ პუბლიცისტი სოციალურ ქსელში წერს.

ნაჭყებიას თქმით, უცნობია, რატომ ამოტივტივდა ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამერების იდეა. თუმცა, ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა რაღაც ავანტიურა იმალება.

"არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ სოციალურ ქსელში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ვაკანტურ ზუგდიდის მერის არჩევნებში კენჭი შესაძლოა ექს-პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა იყაროს.

ისიც არ ვიცი, რამ „შეაყვარა“ სანდრა რულოვსს სამეგრელო, განსაკუთრებით მისი „დედაქალაქი“ ზუგდიდი, მაგრამ, ექს-პირველი ლედის სილუეტი პერმანენტულად სამეგრელოს ცარგვალზე რომ ჰკიდია, ცხადია.

ჯერ იყო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდიდან მაჟორიტარობა მოინდომა - როგორც ამბობდნენ, მაშინ წკიპზე იყო მისი გამარჯვება და ადგილობრივი ინტელიგენციის თავგამოდება რომ არა, ადვილად შესაძლებელად ეჩვენებოდათ ქ-ნი რულოვსი ზუგდიდის „რჩეულად“ მოგვვლინებოდა საქართველოს პარლამენტში

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იჯდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა, მაშინ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, საბოლოოდ რა პოზიციაზე დადგებოდა სამეგრელო.

მაშინ გადავრჩით!

ახლა ნამდვილად უცნობია, რატომ ამოტივტივდა ზუგდიდში ქ-ნ სანდრა რულოვსის გამერების იდეა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღმა რაღაც ავანტიურა რომ იმალება, ფაქტია: სხვათაშორის, დაეჭვების საფუძველს გვაძლევს მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გააქტიურება, განსაკუთრებით, მისი პირდაპირი ეთერი „რუსთავი-2“-ის გადაცემა „აქცენტებში“, სადაც მან ჩვეული პოპულიზმით ისაუბრა 10 მილიარდიანი ინვესტიციის საქართველოში შემოტანაზე. განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა „ლაზიკის“ პროექტის განხორციელებას, რომელსაც ექს-პრეზიდენტის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამეგრელოს აღორძინებისთვის!

ბუნებრივია, ამ განცხადებით სააკაშვილმა „კოჭი გაუგორა“ ზუგდიდელებს. მთავარია, წამოეგებიან თუ არა ისინი მის მიერ გადაგდებულ ანკესზე და ვიხილავთ თუ არა ქ-ნ რულოვსს ზუგდიდის „ძლევამოსილ“ მერად!

არ ვიცი, ზედმეტად გადაჭარბებულია თუ არა, მაგრამ, პირად საუბრებში უკვე მარჩიელობენ, რომ შეიძლება რულოვსმა ზუგდიდში მხარდაჭერა მიიღოს, რადგან, სააკაშვილის მიმართ ნოსტალგია დღესაც დიდია!

მდაა!!!

ეტყობა, ან მეხსიერება ღალატობთ ჩემს საყვარელ ზუგდიდელებს, ან... ღირსებაზე ხელი ჩაიქნიეს და წარსულს გააყოლეს სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე, რომელიც საკუთარ ტყავზე ყველაზე მეტად სამეგრელომ გამოსცადა ძლევამოსილი ახალაიების კლანის წყალობით!

ეტყობა, წარსულს ჩაბარდა სამეგრელოს ტყის ამაზრზენი კადრებიც...

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზუგდიდის მერი, სხვა თუ არაფერი, ზუგდიდელი მაინც ხომ უნდა იყოს?! არ ვიცი, რა პოზიცია ექნება „ქართულ ოცნებას“ და ვის დაუპირისპირებს ქ-ნ სანდრას ზუგდიდის მერის არჩევნებში და რამდენად რეალურია მისი გამარჯვება, მაგრამ, სანდრას ზუგდიდში გამერების იდეაც კი მაღიზიანებს.

ისე, უნდა ვაღიარო: ნამეტანი გულჩვილი ხალხი ვართ მეგრელები - თავის დროზე ჰოლანდიელი „პრინცესას“ ნამღერმა მეგრულმა მელოდიამ მაშინ გული აგვიჩუყა და მოფერებით მას „ჩქინი ნოსა“ (ჩვენი რძალი) შევარქვით. ამ ემოციებს უკან ხომ არ წავიღებთ და „ჩქინი ნოსას“ ხომ არ გავაწბილებთ?!

მომიტევონ ჩემმა ძვირფასმა ზუგდიდელებმა, მაგრამ, მიმიფურთხებია იმ სამეგრელოსთვის, სანდრა რულოვსს ზუგდიდის მერად რომ აირჩევს!” - წერს ზაურ ნაჭყებია სოციალურ ქსელში.