ავტორიტეტიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ შიშობს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის მანკიერი სისტემა, რაც პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს წინასაარჩევნო გარემოში, კვლავაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს. ორგანიზაციის მიერ 26 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიში ეხმაურება დაკავებისა და დაპატიმრების ფაქტებს ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციების ფონზე. რა კონკრეტული ნაკლოვანებები შეინიშნება ადმინისტრაციული პატიმრობის სისტემაში?
საქართველოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის წესის გამოყენება პოლიტიკური აქტივისტებისა და მანიფესტანტების იზოლირების მიზნით არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს თვითნებური დაკავების აღკვეთასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ნათქვამია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში და იქვეა მოყვანილი გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოლიციამ 28-ზე მეტი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 21 სექტემბრის შემდეგ, ანუ მას აქეთ, რაც, პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების პასუხად, საპროტესტო აქციები დაიწყო.
ანგარიშში მითითებულია, რომ პოლიციამ 4 ინციდენტის შედეგად, მსგავს გარემოებებში, დააკავა სულ ცოტა 7 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშში მოყვანილია ადმინისტრაციული წესით პატიმრობამისჯილი რამდენიმე პირის მაგალითიც. მათ შორის არის დავით ფაცაცია, რომელსაც 40 დღე მიუსაჯეს, ხოლო დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადაშვილის საპატიმრო ვადა 10 დღეს შეადგენს. აქვე ხაზი ესმება ცაგურიას ცემასთან დაკავშირებულ ვარაუდებსა და მოსაზრებებს.
"პოლიციას ეკისრება პასუხისმგებლობა შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი და შეუძლია დააკავოს დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მაგრამ უნდა იყოს ნათელი გარანტიები თვითნებურ დაკავებათა წინააღმდეგ”, - ნათქვამია ანგარიშში და, როგორც მისმა ავტორმა, ”ჰიუმან რაითს უოჩის” უფროსმა მკვლევარმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გიორგი გოგიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბოლო პერიოდის დაძაბულობამ კიდევ უფრო უკეთ გამოკვეთა ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები, რაზეც მისი ორგანიზაცია დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას და რაზეც საუბარია 2012 წლის იანვრის ვრცელ ანგარიშშიც. ”ჰიუმან რაიტს უოჩი” მაშინვე აღნიშნავდა, რომ მოსალოდნელი იყო საკანონმდებლო მანკიერებათა კიდევ უფრო მწვავე გამოვლენა წინასაარჩევნო პერიოდში.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გიორგი გოგია ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებების სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე და აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ”ადეკვატური დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება”. ადვოკატებისა და დაკავებულების მონათხრობზე დაყრდნობით, ჩვენი რესპონდენტი საკმაოდ მწვავე პრობლემაზე საუბრობს:
”სასამართლოში გვაქვს საქმე ძალიან სწრაფ სამართალწარმოებასთან. ხშირ შემთხვევაში ადვოკატს ეძლევა არასაკმარისი დრო, მაგალითად, 10 წუთი, რომ საქმის მასალებს გაეცნოს და მოამზადოს ადეკვატური დაცვა. შემდეგ უკვე მას აღარ ეძლევა საშუალება დამატებით მოწმეები დაკითხოს ანდა კითხვები დაუსვას თუნდაც სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენლებს.”
ჩამოთვლილი უფლებების დაცვა და შესაბამისი პროცედურების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა, გიორგი გოგიას აზრით, გადაუდებელი აუცილებლობაა. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ უფროსი მკვლევარი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ ამჟამად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გასამართლებულს უფრო ნაკლები სამართლებრივი უფლებები აქვს, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებულს, მაშინ როცა პატიმრობის ვადები დიდ განსხვავებას არ იძლევა:
”მიუხედავად იმისა, თუ რა კვალიფიკაციას მისცემს შიდა სამართლებრივი რეგულირება ამა თუ იმ სამართალდარღვევას, - არის ეს ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი, - როდესაც საუბარია 90-დღიან თავისუფლების აღკვეთაზე, თავისი ბუნებით ეს არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.”
ადმინისტრაციულ დაკავებათა პრაქტიკის მწვავე ნაკლოვანებებზე საკმაოდ ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია თუ სახალხო დამცველის აპარატი. როგორც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი ნათია იმნაძე ეუბნება 27 სექტემბერს რადიო თავისუფლებას, სისტემაში კვლავაც რჩება მწვავე პრობლემები:
”მიუხედავად იმისა, რომ 90 დღე თავისუფლების აღკვეთის საკმაოდ სერიოზული ვადაა, მოსამართლეები არ თვლიან საჭიროდ, რომ მეორე მხარესაც მოუსმინონ. ვიდეომასალას როდესაც წარუდგენს დაკავებულის მხარე, მოსამართლე არ თვლის საჭიროდ, რომ უყუროს კადრებს და მოწმეთა და თვითმხილველთა ჩვენებები განიხილოს. უმრავლეს შემთხვევაში ის პოლიციის ჩვენებას ეყრდნობა. და, მით უმეტეს, 90-დღიანი ვადა სრულიად დაუშვებელია იმ სრულიად გაუგონარ და არაადამიანურ პირობებში, როგორშიც ამ ადამიანებს პატიმრობის ვადის მოხდა უწევთ.”
ამ კონტექსტში გავიხსენოთ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 26 სექტემბრის მოწოდება. გიგა ბოკერიამ უწყებათშორისი კომისიის სახელით, როგორც ამ კომისიის თავმჯდომარემ, პოლიტიკურ ძალებს ძალადობაზე უარის თქმის, ხოლო სამართალდამცველებს სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციით მიმართა:
”ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ამ ძალადობის გავრცელება არ მოხდეს და ამისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი, კანონის ფარგლებში. ამავე დროს, მინდა მოვუწოდო მათ, რომ იმ შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია (და მჯერა, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება იყოს), გამოყენებულ იქნეს შედარებით მსუბუქი ზომა დასჯის (იქ, სადაც ეს არის რაციონალური), მაგალითად - ჯარიმა.”
მართალია, ”ჰიუმან რაიტს უოჩის” უფროსი მკვლევარი გიორგი გოგია თვლის, რომ ასეთი მიდგომა სიტუაციას გარკვეულწილად განმუხტავს, მაგრამ უმთავრესი პრობლემა მაინც დარჩება. პრობლემების სათავეს, მისი თქმით, წარმოადგენს 1984 წელს მიღებული და ზედმიწევნით მოძველებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელშიც, რამდენიმე წლის წინ საპატიმრო ვადების 30-დან 90 დღემდე გაზრდის გარდა, თითქმის არაფერი შეცვლილა. ეს კოდექსი არ განმარტავს და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ითვალისწინებს დაკავებულ პირთა უფლებებს. გოგია სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ, პროცესის დაწყების მიუხედავად, პარლამენტმა ვერ მოახერხა ახალი კოდექსის მიღება.
რადგანაც ადამიანთა დაკავება თუ დაპატიმრება ჯერ ისევ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მეტისმეტად მოძველებული და ბუნდოვანი კოდექსის მიხედვით ხდება, ეს წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ვალდებულებებთან. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” უფროსი მკვლევარი გიორგი გოგია თვლის, რომ ”ადმინისტრაციული პატიმრობის თითოეული საქმე, არსებული კანონმდებლობის პირობებში, პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას.”