განათლების სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმა არის გაბედული, კარგი და წინგადადგმული ნაბიჯი

განათლების სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმა არის გაბედული, კარგი და წინგადადგმული ნაბიჯი

კერძო სკოლა "ლოგოსის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია განათლების სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ამ რეფორმით გაბედული და კარგი ნაბიჯი გადაიდგა წინ.

"2020NEWS“-თან საუბარში გია მურღულიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში განათლების ხარისხის ასამაღლებლად ერთერთი მთავარი ფაქტორი კვალიფიკაციური მასწავლებლების ყოლაა.

"მთავარი ცვლილება, რაც  ერთგვარი სული არის ამ რეფორმის, არის ის, რომ  სახელმწიფო და საზოგადოება მეტად უნდა ენდოს სკოლას.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ამ რეფორმაში ვხედავ სკოლის დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის ამაღლებას და კიდევ ზოგადი განათლების მნიშვნელობის ამაღლებას. ეს არის ძალიან მნიშნელოვანი მომენტი. ჩვენთან, საქართველოში ზოგად განათლებას ისეთი წონა სამწუხაროდ არ აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს. მთელი  აქცენტი გადატანილია უმაღლესი განათლებისკენ. ბევრი ფიქრობს, რომ მხოლოდ უმაღლესი განათლება აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, რომ თავისი სოციალური სტატუსი მოიპოვოს,  გზა- კვალი იპოვოს და  წარმატებას მიაღწიოს. ეს ასე არ არის. ზოგად განათლებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს გამოიხატება ისეთი დოკუმენტით,  როგორიც არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. დოკუმენტი 2004 წელს არის მიღებული, სადაც ჩამოყალიბებულია სახელმწიფოს განაცხადი და მოთხოვნა სკოლების მიმართ. ამ დოკუმენტში  ჩამოყალიბებულია,  ვის ზრდის ქართული სკოლა და ეს არის ზოგადი განათლების ბიბლია. მთელი უბედურება ის არის, რომ დოკუმენტი მიღებული კი არის, მაგრამ როგორც მე ვუყურებ, მაინცდამაინც არავინ დაინტერესებულა, რამდენად და რა ხარისხით სრულდება ეს დოკუმენტი.

მეორე მომენტია, რომ მკვეთრად ცენტრალიზებულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს განათლების სისტემა. თითქოს შეიძლებოდეს, ერთი რომელიმე მისამართიდან   საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 2000 სკოლის მართვა. პირველი, რაც მე განათლების სამინისტროს ამ ნაბიჯებში დავინახე, სამინისტრო ძალიან გაბედულ და კარგ ნაბიჯს დგამს დეცენტრალიზაციისკენ. ოღონდ უნდა, რომ ეს პროცესი გონივრულად წარიმართოს“, - აღნიშნა გია მურღულიამ.

გია მურღულია ფიქრობს, რომ სკოლებში გამოცდების გაუქმებით კორუფცია დაბრუნდება, მხოლოდ ოპონენტების ემოციური არგუმენტია.

"ოპონენტების ძალიან ბევრი არგუმენტი მოვისმინეთ და ოპოზიციური აზრი  ყოველთვის საჭიროა, ოღონდ ერთი რამ უნდა ვთქვათ, ემოციური არგუმენტები უფრო ჭარბობს და არა რაციონალური. ძალიან ბევრი ადამიანი იცავს განათლების ძველ სისტემებს და გამოცდებს, თითქოს ამან რამე საარაკო წარმატება მოუტანა ქართული განათლების სისტემას. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ განათლების სისტემაში სერიოზული პრობლემები გვაქვს.

ატესტატი რომ მიეღო სახელმწიფოსგან მოსწავლეს, უნდა ჩაებარებინა რვა გამოცდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამას ემატებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ოთხი გამოცდა.

ამ  12 გამოცდის შესახებ, რა შეიძლება რომ ვთქვათ? პირველ რიგში ის, რომ  საატესტატო  გამოცდები შემოიღეს იმიტომ, რომ სკოლის პრესტიჟი და მნიშვნელობა ამაღლებულიყო და ბუნებრივია, ეს კარგი მიზანია ყოველთვის. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ  ჩვენი მოლოდინი ამან ვერ გაამართლა.  პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან ამ გამოცდას არაფერი აკავშირებდა.  ჩვენ გვინდოდა იმის შემოწმება, რამდენად კარგად აითვისა მოსწავლემ ზოგადი განათლება სკოლაში. ამის დადასტურებას ვცდილობდით, ამ რვა გამოცდით,  თუმცა პრაქტიკულად ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს ეს გამოცდა არ ეხებოდა და არც  ამოწმებდა. მეორე ამბავი კი ის არის, რომ  კატის გამოცდები ხშირად სცოდავდა ობიექტურობის თვალსაზრისით. იყო შემთხვევები და ასეთი შემთხვევები არ იყო ძალიან ცოტა, რომ დაახლოებით, ერთნაირ შედეგებს აჩვენებდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც მთელი ცხოვრება კარგად სწავლობდნენ და ისინი, რომლებიც პრაქტიკულად გამოცდისთვის გადაემზადდნენ“.

ასეთი უცნაური შედეგის  ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მურღულია არაკვალიფიციურად შედგენილ ტესტებს ასახელებს.

"ასეთი შედეგი გამოცდების ორგანიზების და  ტესტების არაკვალიფიციურად შედგენის ბრალია. სასურველს ვასაღებდით რეალობად და ვიღებდით ისეთ სურათს, რომელიც არ ახასიათებდა ქართული განათლების სისტემას. ბუნებრივია, ამდენი ნაკლის ვითარებაში კატის გამოცდა, ვერ შეასრულებდა იმ ფუნქციას, რომელიც თავიდან დააკისრეს. ბევრი ნაკლი დაუგროვდა ძალიან“.

გია მურღულია ფიქრობს, რომ უნარების გამოცდის შედეგებით არ უნდა იღებდეს გრანტს სტუდენტი.

"განსაკუთრებით აქცენტირებით ლაპარაკობენ უნარების თემაზე. აქამდე უნარების ტესტირების შემდეგ მიიღებოდა გადაწყვეტილება,  ვინ მიიღებდა გრანტს სასწავლებელში და ვინ - არა. ცენტრალიზებული  შერჩევა ხდებოდა ბავშვების უნივერსიტეტებისთვის. დადასტურებულია, რომ უნარებში ვინც მეტი ქულა აიღო, სრულიად არ სწავლობდნენ უკეთესად, ვიდრე ნაკლებქულიანები. არანაირი კორელაცია აქ არ დასტურდება, ამიტომ ბუნებრივია, ეს უნარების გამოცდა თავდაპირველად გაცხადებულ მიზანს ვერ აღწევს. ზოგიერთები ამბობენ, რომ უნარების გამოცდის გადატანა შერჩევით განზომილებაში თითქოს აზიანებს უნარების სწავლებას სკოლაში, რაც არის აბსოლუტურად აბსურდი. ყველა სკოლას მოეთხოვება, რომ უნარები საფუძვლიანად განუვითაროს თავის მოსწავლეებს. ისე, რომ სწავლების ხარისხს პრინციპულად  არაფერი არ უნდა მოაკლდეს, ეს ამოცანა ქართული სკოლების წინაშე ამ გამოცდის გარეშეც იდგა“, - აცხადებს გია მურღულია.

მისივე აზრით, ქვეყანაში განათლების ხარისხის გარანტი კვალიფიციური მასწავლებელია.

"რა თქმა უნდა, გამოცდების ჩაბარების დაკავშირება პირდაპირ ცოდნის  ხარისხთან  პრინციპული შეცდომაა. იდეალური გამოცდებიც რომ ყოფილიყო როგორც კატი, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდები, ვერაფრით ვერ გადაწყვეტდა განათლების ხარისხის პრობლემას საქართველოში. ამას სხვა ფესვები, ძირები და განზომილებები აქვს.  პირველ რიგში, აუცილებელია  შესაფერისი პროგრამა, რომელიც კი იხვეწება  ბოლო წლებში, მაგრამ  მაინც არ არის ისეთი, როგორიც ჩემი აზრით სასურველია, იმიტომ რომ ბევრ კომპონეტს დახვეწა სჭირდება. მეორე რიგში მასწავლებელთა და სკოლის ხელმძღვანელთა კომპეტენცია, ეს არის გადამწყვატი ფაქტორი. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ  კარგი მასწავლებელი არის განათლების ხარისხის პირველი გარანტი, ამას ძალიან დიდი კვლევაც არ სჭირდება“, - განაცხადა მურღულიამ.

მისი თქმით, სკოლებში ყველაზე მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია ვასწავლოთ ბავშვებს.

"რამდენიმე წლის წინ ჩატარდა საერთაშორისო კვლევა. ერთადერთი კითხვით მიმართეს 30-დან 60 წლამდე ადამიანებს - თუ რა გამოადგათ იმ მასალიდან, რაც სკოლაში ისწავლეს და რის უკეთესად სწავლებას ისურვებდნენ, რომ ცხოვრებითვის უკეთესად მომზადებულიყვნენ. უპასუხეს, რომ ყველაზე მეტად დააკლდათ, რომ  სკოლაში არ ასწავლიდნენ საჯაროდ აზრის გამოთქმის ხელოვნებას და  კომუნიკაციის უნარს არ უვითარებდნენ. მთელი ჩვენი ცხოვრება, ეს არის ადამიანის ურთიერთობა მეორე ადამიანთან და საზოგადოებასთან. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ეს. სამწუხაროდ,  ამის აქცენტირება არ ხდება სკოლაში. კომუნიკაცია, საჯაროდ აზრის გამოხატვა და არგუმენტირება უნდა ვასწავლოთ ჩვენს ბავშვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა  და ბევრი მოზრდილი ადამიანი ხვდება, რომ კარგი იქნებოდა, ეს ბავშვობაში სკოლაში ესწავლებინათ მისთვის“, - აღნიშნა გია მურღულიამ "2020NEWS"-თან.