ელიტარული კორუფცია LIVE-ში?!

ელიტარული კორუფცია LIVE-ში?!

იანვარში პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა ოპოზიცია ელიტალურ კორუფციასთან დაკავშირებული კრიტიკისთვის სასაცილოდ აიგდო და მოსთხოვა - ერთი ფაქტი მაინც დამისახელეთო.

საპარლამენტო ოპოზიციამ მაშინ მიხეილ სააკაშვილის "ცნობისმოყვარეობა" ვერ დააკმაყოფილა, თუმცა 27 სექტემბერს გავრცელდა მასალა, რომელიც შესაძლოა, ელიტალური კორუფციის ვიდეოფაქტად გამოდგეს. ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოძიება უკვე დაწყებული იქნებოდა.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრას ასახავს. მასალის მიხედვით, შეხვედრის მონაწილეები რაღაც ბიზნესპრობლემას განიხილავენ. უფრო ზუსტად, ეს პრობლემა პატარკაციშვილს შეექმნა და ის პრეტენზიებს ხელისუფლების წარმომადგენლებს უყენებს.

გთავაზობთ ამონარიდს პატარკაციშვილის საუბრიდან. სტილი დაცულია:"ბეჟუაშვილმა ხო "შეგვიკიკინა" რა. ხომ არაფერს ვამბობ იმ სიგარეტის იმაზე რა. ფული მაქვს გადახდილი, ასე მოვილაპარაკეთ. ვიჯექით სუფრაზე - გიგი, კეზერაშვილი. რომ მითხრა ბეჟუაშვილმა, არა მე ამას ვერ გავუქვითავ ვალებსო, მე თავისი ვალებით წამოვიღე. ჩემივე ორგანიზაცია, რომელიც თქვენ მოგეცით, ვალებით წამოვიღე. მაშინ ჩვენ მილიონ ნახევარზე გვქონდა საუბარი, ჰოდა, ისინი რომ იჯდნენ, მითხრეს, რომ ერთნაირი თანხებიაო და მოდი გავყოთო. კი ბატონო, მაგის კაცი ვარ მე. ამის მერე წავიდნენ, მე ყველაფერი გავაფორმე...გიგის ვუთხარი ამასწინათ - თუ გადამაგდეთ, მითხარით და არ არის პრობლემა მეთქი". შემდეგ შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ 30 მილიონზე, რომელიც სავარაუდოდ, ამ ორგანიზაციას ჯარიმის სახით დააკისრეს თუ "შეაწერეს".

საუბარი შედგა დაახლოებით 2005 წელს, რადგან პატარკაციშვილი "საწყალ ჟვანიას" ახსენებს ანუ პრემიერი უკვე გარდაცვლილია. კონკრეტულად რა საკითხზეა საუბარი, უცნობია. თუმცა ფაქტია - საქმე ეხება რაღაც პრივატულ შეთანხმებას ბიზნესმენს, თბილისის მერს (თუ პატარკაციშვილის მიერ დასახელებული "გიგი" სხვა გიგია, ბოდიშს ვითხოვთ), მაშინდელ ფინანსურ პოლიციის უფროს კეზერაშვილსა და ბეჟუაშვილს შორის. ასევე, საუბარია დიდ ფულზე, ბიზნესმენი თავს "გადაგდებულად" მიიჩნევს და ამას "შესჩივის" მაშინდელ შს მინისტრს. საინტერესოა, რომელ ბეჟუაშვილს ახსენებს პატარკაციშვილი - 2005 წელს დავით ბეჟუაშვილი პარლამენტარი იყო, მისი ძმა გელა კი უშიშროების საბჭოს მდივანი.

ამ ვიდეომასალამ ალბათ, ვერავინ გააკვირვა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ წლების მანძილზე ბიზნესმენების დაწიოკების საქმეებში გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი მუდმივად ფიგურირებენ. თუმცა მაგალითად, ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში გამომძიებლები უკვე დაინტერესდებოდნენ - ხომ არ გაიშიფრა ფულის "დაწერვის" და ელიტარული კორუფციის მორიგი სქემა?

პატარკაციშვილს, ალბათ, ეს არ ეხება - გარდაცვლილი ბიზნესმენი იყო და არა სახელმწიფო მოხელე. სამაგიეროდ, სამართალდამცველებს წესით, კითხვები უნდა გაუჩნდეთ დღევანდელ პრემიერთან, დეპუტატ ბეჟუაშვილთან ან დაზვერვის ხელმძღვანელ მის ძმასთან, თბილისის მერთან და თავდაცვის მინისტრობიდან ბიზნესში წასულ კეზერაშვილთან.

ასეთ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. მაგალითად, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 2011 წელს იმისთვის გაასამართლეს, რომ პარიზის მერობისას სახელმწიფო თანხები საარჩევნოდ გამოიყენა. თუმცა ასეთი რამ, სამწუხაროდ, მხოლოდ სამართლებრივ ქვეყნებში ხდება.