ვინ არის რუსეთის ფავორიტი უკრაინის არჩევნებში და რას უნდა ელოდოს საქართველო 2020 წლისათვის

ვინ არის რუსეთის ფავორიტი უკრაინის არჩევნებში და რას უნდა ელოდოს საქართველო 2020 წლისათვის

„რუსეთის ერთ-ერთი ამოცანა არის იმის დამტკიცება, რომ რუსეთი უკრაინის მეგობარი ქვეყანაა. რუსული პროპაგანდისტული მანქანის უტიფრობას საზღვარი არ აქვს.

"ცალკე თემა გახლავთ ის დახვეწილი თანამედროვე ფორმები, რომელსაც ისინი ევროპულ და ამერიკულ ცხოვრებაზე გავლენის მოსახდენად იყენებენ; თანამედროვე კომუნიკაციის საშუალება, - სოცილაური ქსელები, ე.წ. ფეიქნიუსები და ა.შ. რაც სწორედ ამ გზით ვრცელდება. ამ საქმეში საკმარისად ფართო არსენალია ჩართული," - აღნიშნავს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

რუსეთი უკრაინის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს; უკრაინაში მიმდინარე წლის მარტის თვეში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რაზეც რუსეთი გარკვეული ბერკეტების გამოყენებასა და აღნიშნულ არჩევნებში ჩარევის მცდელობაშია, - ამის შესახებ ამერიკის ეროვნული დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2019 წლის მსოფლიო საფრთხეებს შეეხება. ანგარიში ამერიკის სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენაზე, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუთსმა წარადგინა. წერს „ამერიკის ხმა."

„რუსეთი და მისი მეზობლები," - ქვეთავში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დამხობასა და ხელისუფლებაში ნაკლებად ანტირუსული პარლამენტის მოყვანას ცდილობს, - მისი ამოცანაა გავლენა მოახდინოს, როგორ მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამასთანავე შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებზეც.

„რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს ისეთი პრობლემებით უკრაინაში, როგორებიცაა არამდგრადი ეკონომიკა, გავრცელებული კორუფცია, კიბერსივრცე, ასევე საზოგადოებრივი უკმაყოფილება", - აღნიშნულია ანგარიშში.

კონკრეტულად რა ხერხებსა და მეთოდებზეა საუბარი, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რუსეთმა უკრაინის არჩენებზე, „რეზონანსი" აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსებს ესაუბრა.

ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას სწორედ იმ თანამედროვე ხერხებს გაუსვა ხაზი, რაც დღეს არსებობს და აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია პროპაგანდისტული ბერკეტების გამოყენება და რისი გამოყენებაც 2014 წლიდან არ შესუსტებულა.

„ხერხები, ეს იქნება პოლიტიკური ძალების პირდაპირი მხარდაჭერა, რომელთაც თავის პრგრამაში მეტ-ნაკლებად ლოიალური დამოკიდებულება აქვთ რუსეთისადმი.

"ამასთანავე, ეს არის ძალიან მძლავრი პროპაგანდისტული წნეხი, რომელიც დაწყებული 2014 წლიდან, არ შესუსტებულა, მაგრამ არჩევნებთან დაკავშირებით თავისი პროფილის ნიუანსებს სწორედ ამ მიმართულებით წარმართავს," - აცხადებს მენაღარიშვილი.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე უკრაინის პოლიტიკურ ფიგურებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღევანდელი რეიტინგის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს რეიტინგმა საგრძნობლად დაიწია. მიზეზად ჩიტაძე იმ წარუმატებლობას ასახელებს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს შეეხება.

ჩიტაძე უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ბატკივშინას" ლიდერ იულია ტომიშენკოს შანსებზე საუბრობს, რომელიც ასევე უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს და აღნიშნავს, რომ ტიმოშნეკოს დღეს გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე პოროშენკოს.

„პოროშენკო რუსეთისთვის არასასურველი კანდიდატი არის, რადგან ის პროდასავლურ ლიდერად ითვლება, თუმცა პოროშენკოს რეიტინგი უკრაინაში გარკვეულწილად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი 2014 წელს არჩეულ იქნა პრეზიდენტად, მან ისე წარმატებულად ვერ განახორციელა ის კონკრეტული რეფორები, რომელიც უკრაინას ევროკავშირთან დაახლოებდა სხვადასხვა მიმართულებით.

„პოროშენკოს რეიტინგი შედარებით დაეცა. ამიტომაც, გარკვეული შანსი აქვს ტიმოშნეკოს, რომელიც ასევე პროდასავლურ ლიდერად ითვლება. რაც შეეხება უკრაინის საზოგადოების პროდასავლურობას, უკრაინის მოსახლეობის დაახლოებით 50% მხარს უჭერს უკრაინის პროევროპულ კურსს. იულია ტიმოშენკოს, როგორც პროდასავლურ ლიდერს, დღეს უკვე მეტი შანსი გააჩნია და რეიტინგიც უფრო მაღალი აქვს, ვიდრე პოროშენკოს," - აღნიშნა მან.

ჩიტაძე რუსეთისთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატურას ასახელებს, რომელიც რუსეთის ინტერესების გამტარებელია:

„რუსეთისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატურა არის ბოიკო, - ეს ის პოლიტიკოსია, რომელიც პრორუს ლიდერად ითვლება. რუსეთი ყველანაირად შეეცდება მხარი დაუჭიროს ბოიკოს კანდიდატურას.

"2017 წელს ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგად, უკრაინის მოსახლეობის 16% მხარს უჭერს უკრაინის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, რომ ამ 16%-მა ბოკიოს დაუჭიროს მხარი.

„რუსეთი შეეცდება მის დამხარებას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით, გარკვეული ფარული ფინანსების გამოყოფით. მთავარ პრობლემას არა პოროშენკოს ჩამოგდება, არამედ ისევ პროდასავლური ლიდერის ხელისუფლებაში მოსვლა წარმოადგენს," - ამბობს ის.

ის მოვლენები, რაც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს და რაც შეიძლება არჩევნების დროს, მარტში განვითარდეს, მსგავს სცენებს საქართველოში რამდენად უნდა ველოდოთ, თუნდაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პროპაგანდისტული ქმედებებს არა მარტო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, არამედ ნებისმიერ მომენტში უნდა ველოდოთ, როდესაც რუსეთს ამის შესაძლებლობა მიეცემა. მან მაგალითად ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მოიყვანა და აღნიშნა, რომ საზოგადოება „მარტივად იღებს ასეთ სატყუარას."

„არამარტო 2020 წელს, ნებისმეიერ მომენტში, როდესაც რუსეთს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გაუჩნდება. არავითარი კავშირი არჩევნებთან არ აქვს თემას, ლუგარის ლაბორატორიას, მაგრამ საქართველოში დაძაბულობის მომენტში ტემპერატურის მოსამატებლად ვნახეთ რა ხერხები იქნა გამოყენებული.

„სამწუხაროდ, საზოგადოება მარტივად იღებს ასეთ სატყუარას. ამიტომაც იყო ის აურზაური ატეხილი, რაც განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ჩანდა. რუსეთი, როგორც კი რაიმე საშუალებას ნახავს, გამოიყენებს ნებისმიერ მეთოდს და მათ შორის ამის მსგავსაც," - განაცხადა ირაკლი მანაღარიშვილმა.

ჩიტაძის აზრით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას რუსეთი თავის გავლენებს აამოქმედებს და ეცდება გარკვეული ხერხებიც გამოიყენოს იმ პოლიტიკური პარტიის გასამარჯვებლად, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია, - ასეთ პარტიად ჩიტაძე „ქართულ ოცნებასა" და „პატრიოტთა ალიანსს" ასახელებს.

„რუსეთი ამ შემთხვევაში მხარს დაუჭერს მმართველ პარტიას და „პატრიოტთა ალიანსს," მაგრამ რუსეთი აცნობიერებს იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსს" რეიტინგი არ გააჩნია იმისთვის, რომ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს. რუსეთი თავისი მხარდაჭერით ამ შემთხვევაში შესაძლოა შეეცადოს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა" 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

„რაც შეეხება მმართველ პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება" აცხადებს, ის არის პროევროპული, - რეალურად, საქართველო „ქართული ოცნების" მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად სცილდება ევროპას," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.