განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაგეგმილ დიდ ცვლილებებს „რეზონანსთან“ აფასებს. ზურაბიშვილი სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებასა და ასევე 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის არასავალდებულოდ გადაქცევას მიესალმება.
მისი აზრით, ზოგადი უნარების გამოცდა საქართველოსნაირ სასწავლო სისტემას არაფერში სჭირდებოდა და ეს მხოლოდ ფუჭი დროის და ფინანსების ხარჯვა იყო. საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით კი ფიქრობს, რომ მისი გაუქმება საშუალო განათლების სისტემას ვერც დააზიანებს და ვერც გააუმჯობესებს.
„რეზონანსი“: სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დიდი ცვლილებები იწყება. 2020 წლიდან სავალდებულო აღარ იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, თითოეულ საგანზე გადასალახ ბარიერს დააწესებენ თავად უნივერსიტეტები და ასევე შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა. როგორ აფასებთ ამ ცვლილებებს?
დავით ზურაბიშვილი: სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რომ ზოგადი უნარების ჩაბარება უნივერსიტეტებისთვის ნება-ყოფილობითი გახდა. ეს მაინც სრულად გაუქმება არ არის. უბრალოდ სავალდებულო აღარაა.
საერთოდ, ასეთი ტესტები ევროპის არცერთ ქვეყანში არ გამოიყენება. ეს გამოიყენება მხოლოდ აშშ-ში. ეს ტესტები იქაც იმის გამო იქნა მოფიქრებული, რომ ამერიკაში სასკოლო პროგრამები ძალიან დეცენტრალიზებულია და ერთი და იგივე საგანს სრულიად განსხვავებულად სწავლობენ. უნივერსიტეტში ამ სკოლის მოსწავლეებისთვის რომ მიღების სტანდარტული და ერთნაირი წესი ყოფილიყო, ამიტომ მოიფიქრეს ეს უნარჩვევების ტესტები. ეს არ იყო იმისთვის შემოღებული, რომ ამით დაედგინათ რომელი უფრო ნიჭიერი იყო ან არ იყო.
„რ“: ჩვენთან ამ უნარების ტესტების შემოღების მთავარი მიზანი რა იყო?
დ.ზ.: როდესაც საქართველოში ამ ტესტების შემოტანა გადაწყვიტეს, მე მაშინაც, სააკაშვილის დროს, ხელისუფლებაში ვიყავი, ვიკავებდი განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. ამის მომხრე მაშინაც არ ვიყავი, რადგანაც ამის აზრს ვერ ვხედავდი.
იმ ქვეყნებში, სადაც ერთიანი სასწავლო გეგმა არსებობს და საგნები ყველა სკოლაში სტანდარტულად ისწავლება, იქ ასეთი ტიპის ტესტების შემოღება უბრალოდ უაზრობაა.
ჩვენ თუ მოსწავლის ცოდნის გაგება გვინდა, იგივე ქართულში გავაკეთოთ საგამოცდო ტესტები და იქ ჩავდოთ ასეთი კითხვები. მითუმეტს უნარების ტესტი სხვა საგნების ჯამის განმსაზღვრელი არ უნდა ყოფილიყო. ანუ ბავშვი თუ უნარებში მაღალ ქულას არ მიიღებდა, საგნებში რაც გინდა კარგი ქულები მიეღო, მაინც ვერ ხვდებოდა სასწავლებელში სადაც უნდოდა და ქულები აკლდებოდა.
გარდა ამისა, მისი მენეჯმენტიც კი ძალიან ძვირი ჯდება. მაგალითად, დამზადება, ჩამოტანა, გაყიდვა და ამის შესაბამისი მოგება არ არის. არანაირი კვლევა არ არსებობს, რომ ვინც უნარების ტესტს აბარებს, ის კარგი სტუდენტი იქნება.
„რ“: ამის შემდეგ, თუკი გადასალახი ბარიერის დაწესების უფლება უმაღლეს სასწავლებლებს ექნება, ყველა ხომ არ შეეცდება, რომ კიდევ უფრო დაბლა დასწიოს ბარიერი, რათა არცერთი ფულის გადამხდელი ხელიდან არ გაუშვას?
დ.ზ.: რანაირად შეიძლება მისაღები გამოცდების ერთი გამოცდის არსებობა ან არარსებობს უნივერსიტეტებისთვის სახელმძღვანელო და გადამწყვეტი საკითხი გახდეს?! ეს არაფერ კავშირში არ იქნება. შემდეგ ვინ როგორ ისწავლის, იმაზე იქნება დამოკიდებული და არ უნარები ვინ რა ქულით ჩააბარა.
ჩვენ მგონია, რომ ახლა უმაღლეს სასწავლებლებში ნაკლები პრობლემები გვაქვს. სტრუქტურულად, ინსტიტუციონალურად უნივერსიტეტებში ყველაფერი სწორად გაკეთდა.
„რ“: სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმება ცოდნის ხარისხს კიდევ უფრო გააუარესებს. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ კუთხით?
დ.ზ.: სკოლებში გამოცდების გაუქმება სიტუაციას არც გამოასწორებს და არც გააუარესებს. არაფერს არ შეცვლის, უბრალოდ ეს იყო ზედმეტი ხარჯი და დროის ფლანგვა. სკოლებია მისახედი, თორემ უნივერსიტეტებს ამ კუთხით არაფერი დააკლდება. პირიქით, უმაღლეს სასწავლებლებს ამის მეშვეობით შეუძლია, რომ გაფილტვრაც მოახერხონ.
უბრალოდ სკოლაში სერიოზული რეფორმა გვაქვს დასაგეგმი. უნდა გავწეროთ, როგორ უნდა მოხდეს საშუალო განათლების რეფორმა, რადგანაც სრულ კატასტროფაში ვიმყოფებით. 2004-2005 წლებში თუ უნივერსიტეტის განათლების კუთხით ბევრი სწორი ნაბიჯი გადაიდგა, საშუალო განათლების კუთხით სრული კატასტროფა გვაქვს.