"ნაციონალთა" მზაკვრული გეგმა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ

ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანიები, არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე, ყოველდღიურად გაუშვებენ ეთერში მაკომპრომეტირებელ მასალებს "ქართული ოცნების" ლიდერებსა და კოალიციის წევრებზე, რომლებიც ფალსიფიკაციის გზითაა შექმნილი და ამ ეტაპზე კუდ-ში ინახება.

აღნიშნულის შესახებ "ივერონს" კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით ამ ეტაპზე, იძულებულია, ინკოგნოტოდ დარჩეს.
წყაროს ინფორმაციით, აპრილში კუდ-ში, "ქართული ოცნების" ლიდერთა და აქტივისტთა საუბრებისა და შეხვედრების ფალსიფიცირება დაიწყო.
"ამ პროექტს სათავეში დათა ახალაია და სოსო თოფურიძე ჩაუდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავდაცვის სამინისტროში გადავიდნენ, პროექტის ხელმძღვანელებად ბოლო მომენტამდე დარჩნენ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში პარალელურად ჩართულნი არიან სოდ-ის შესაბამისი სამსახურებიც. პროექტის მიზანია, მოახდინოს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ლიდერების და მათი აქტიური წევრების კომპრომეტირება. ამ პროექტის განხორციელებისთვის, შსს-მ 6 მილიონ დოლარად ღირებული სუპერთანამედროვე ტექნოლოგიები ამერიკაში შეიძინა. "მოდულის" შენობაში უხვად აქვთ მომარაგებული ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წარმომადგენელთა პირადი და სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. ასევე, პარტიის წევრთა და ლიდერთა სხვადასხვა შეხვედრები. ამ შეხვედრებს და სატელეფონო საუბრებს იწერდნენ კუდ-ის და სოდ-ის აგენტები. ამჟამად მიმდინარეობს ამ ჩანაწერების ფალსიფიცირება იმ დონეზე, რომ ნაყალბევის რეალურისგან გარჩევა ექსპერტიზის გარეშე შეუძლებელი იქნება", - განუცხადა "ივერონს" წყარომ.

მისივე განცხადებით, იმ ჩანაწერებში, რომელთაც მალე გაუშვებენ კონკრეტული ტელეკომპანიები, საუბარი იქნება ბიძინა ივანიშვილის მომხრეების მხრიდან როგორც ცალკეული პოლიტიკოსების, ასევე ამომრჩევლების მოსყიდვაზე.

"ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ გააყალბებულ სატელეფონო საუბრებსაც "ქართული ოცნების" ლიდერებსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებს შორის. ასევე იმ რუს პოლიტიკოსებთან, რომელთაც განსაკუთრებული ანტიქართული განწყობა აქვთ. გავრცელდება აუდიო-ჩანაწერები, სადაც რუსი სამხედროები და სპეცსამსახურის თანამშრომლები "ქართული ოცნების" წევრებს "სთავაზობენ" ყველა სახის დახმარებას, თუ ქვეყანაში სიტუაციის არევას მოახერხებენ", - განაცხადა წყარომ.

წყაროს ინფორმაციით, უხვად გავრცელდება ვიდეო-ჩანაწერებიც, სადაც "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს სხვადასხვა ავანტიურისტულ გეგმებზე ესაუბრებიან. გარდა ამისა, არსებობს რეალური ჩანაწერები კოალიციის წევრთა სატელეფონო საუბრებისა, სადაც ისინი შეგნებულად საუბრობენ არეულობასა და დესტაბლიზაციაზე. ეს პიროვნებები მართლაც "ქართული ოცნების" წევრები არიან, ოღონდ სპეც-სამსახურების მიერ შეგზავნილი და ტელეფონზე თუ პირადი შეხვედრებისას ერთმანეთს სპეც-სამსახურების მიერ შედგენილი ტექსტით ესაუბრებიან.