სასკოლო გამოცდები უქმდება, ხოლო უნივერსიტეტები 2020 წლიდან საგნებზე გადასალახ ბარიერს თავად დააწესებენ
სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დიდი ცვლილებები იწყება. 2019 წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. 2020 წელს კი ე.წ. კატის გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე 2020 წლიდან სავალდებულო აღარ იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, თითოეულ საგანზე გადასალახ ბარიერს დააწესებენ თავად უნივერსიტეტები და ასევე შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.
განათლების ექსპერტი ზურაბ ვახანია აცხადებს, რომ დაანონსებული ცვლილებები განათლების ისედაც დაბალ ხარისხს კიდევ უფრო დაბლა დასწევს.
მისი თქმით, სკოლებში გამოცდების გაუქმება ცოდნის ხარისხს გააუარესებს, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეულ საგნებზე გადასალახი ბარიერის დაწესების უფლების უნივერსიტეტებისთვის გადაცემა, ეს საერთოდ საშინელებაა.
„ჩვენი უმაღლესი განათლება სინამდვილეში ნახევრად დიპლომების სავაჭრო დახლი იყო და ახლა, თუკი გადასალახი ბარიერის დაწესების უფლება უმაღლეს სასწავლებლებს ექნება, ყველა შეეცდება კიდევ უფრო დაბლა დასწიოს ბარიერი, რომ არცერთი ფულის გადამხდელი არ გაუშვას ხელიდან და უმაღლესი სასწავლებლები მთლიანად დიპლომების სავაჭროდ გადაიქცევა. ეს საშინელებაა,"- აცხადებს ვახანია.
ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 28 იანვარს გამართა. პრეზენტაციაზე ითქვა, 2019 წელს ე.წ. კატის გამოცდებს მე-11 კლასელები აღარ ჩააბარებენ, მე-12 კლასელებისთვის კი წელს არაფერი იცვლება და იმ მოსწავლეებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.
მე-12 კლასში საატესტატო გამოცდები გაუქმდება 2020 წლისთვის. ცვლილებებია ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც.
ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისათვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ან ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).
უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის;
ჩარიცხვა ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
როგორც პრეზენტაციაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, გრანტის განაწილების წესზე მუშაობა მიმდინარეობს და შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.
„ჯერ სამუშაო პროცესია და უახლოეს მომავალში გეტყვით არჩევითი საგნით განისაზღვრება თუ არა გრანტი", - აღნიშნა გორგოძემ.
2019 წელს კი ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ ერთი რეგულაცია იცვლება, რომელიც არჩევით საგანს შეეხება.
გორგოძის თქმით, აბიტურიენტების ნაწილი შანსების გასაზრდელად რამდენიმე არჩევით გამოცდას ირჩევდა და თუ რომელიმე საგანში ჩაიჭრებოდა ან თუნდაც ავად იყო და ვერ გამოცხადებოდა, მაშინ ის უკვე გრანტის მიღების შანსს კარგავდა, რაც ამ აბიტურიენტების მიმართ უსამართლო იყო. ეს რეგულაცია წელსვე შეიცვლება.
„მაგალითად, აბიტურიენტს შეიძლება ამერჩია ქიმიაც, ფიზიკაც და ბიოლოგიაც, შემდეგ კი მენახა, სად უფრო მაღალი ქულა მივიღე. ეს ქულები განსაზღვრავდა ჩემს ჩარიცხვასა და გრანტს. ამიტომ ასეთი ყველაზე მოტივირებული აბიტურიენტების შანსები იზრდებოდა.
"თუმცა, ცუდია, რომ თუ მაგალითად, ერთ-ერთ გამოცდაზე ვერ მივედი, გრანტის მიღების თვალსაზრისით ყველაფერი წყალში ეყრებოდა. წელს აღარ იქნება დამოკიდებული აბიტურიენტი, ერთ-ერთ გამოცდაზე ჩაიჭრა, თუ ვერ გამოცხადდა. ეს წესი 2019 წლიდან აღარ იქნება და აბიტურიენტს გრანტის მიღების საშუალებას მისცემს", - განაცხადა გორგოძემ.
პრეზენტაციაზე გორგოძემ განაცხადა, რომ ცვლილებების დაანონსებამდე ჩაატარეს კვლევა და გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. ერთ-ერთი პრობლემა გამოცდების რაოდენობაა.
განათლების ექსპერტი ზურაბ ვახანიას თქმით, სკოლებში ე.წ. კატის გამოცდები გასაუქმებელი იყო, იმიტომ რომ, ეს გამოცდა არ ვარგა, ძალიან მარტივია და გაყალბებული, მაგრამ სკოლებში გამოცდები აუცილებლად უნდა არსებობდეს.
"კატის გამოცდების ფორმატი არ ვარგა, ძალიან ადვილია, ამასთან განათლების სამინისტრო ვერ აკონტროლებს და ამდენი თანხა ფუჭად იხარჯებოდა. ეს გამოცდა არაფრის მომცემია. გამოცდა გაყალბებულია - კარნახი და გადაწერა ხდება და რა აზრი აქვს ასეთ გამოცდებს და მასში მილიონების ხარჯვას? გარდა ამისა, ძალიან ადვილია. თუ ბავშვი ვერ პასუხობს ერთ კითხვას, გამოუგდებს უფრო ადვილს, მერე კიდევ უფრო ადვილს და ბოლოს მე-12 კლასელი რაღაც მე-3 კლასის საკითხს გასცემს პასუხს და იღებს ქულას, მერე ერთს ალალბედზე გაარტყამს და გადალახული აქვს ბარიერი.
"უაზრობაა. თუმცა სკოლებში გამოცდები აუცილებად უნდა იყოს და არა მარტო მე-11 და მე-12 კლასებში. თუკი ხარისხზე ლაპარაკობს სამინისტრო, მაშინ სახელმწიფო უნდა ატარებდეს გამოცდებს დაბალ კლასებშიც კი, რომ სკოლამ პასუხისმგებლობა იგრძნოს და ხარისხზე იყოს ორიენტირებული. დღეს მოსწავლის განათლების ხარისხზე არავინ ფიქრობს, იმიტომ რომ, ეს არსად არ ჩანს. გაცილებით მეტი და სისტემური სახელმწიფო გამოცდების გარეშე ცოდნის გაუმჯობესებაზე ლაპარაკი ზედმეტია,"- ამბობს ვახანია.
მისივე თქმით, ყველაზე მიუღებელია ის, რომ ეროვნულ გამოცდებში ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და საგნებზე გადასალახი ბარიერი უნივერსიტეტებმა უნდა განსაზღვრონ.
„საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე ზუსტად და სანდოდ ზოგადი უნარების ქულა გვიჩვენებს, რამდენად მზად არის ბავშვი სტუდენტობისთვის. ამ გამოცდაზე ჩანს, რამდენად აქვს აზროვნების უნარი ბავშვს.
"ვინც ზოგადი უნარების ტესტს ვერ აბარებს, ის უბრალოდ არ არის სტუდენტობისთვის მზად და უნივერსიტეტში გატარებული წლებიც დაკარგულია და ფინანსებიც დაკარგულია, იმიტომ რომ, ვერ ისწავლის ვერაფერს. ეს უკვე დადგენილია მეცნიერულად და პრაქტიკულად.
"ასევე, გაუგებარია ის, რომ საგნებზე გადასალახ ბარიერს უმაღლესი სასწავლებლები დააწესებენ. სახელმწიფო ბარიერი სულ არ იარსებებს?! ეს მთლად საშინელებაა. ჩვენთან ისედაც სასაცილო ბარიერი იყო, იმდენად დაბალია და ახლა თუ ეს თუ უმაღლესებს მიანდეს, ისინი უფრო დაბლა დასწევენ, რომ არცერთი ფულის გადამხდელი არ გაუშვან ხელიდან.
"ჩვენი უმაღლესი განათლება ნახევრად ისედაც იყო დიპლომების სავაჭრო დახლი იყო და ეს უფრო მეტად გამოიწვევს მაგას. ცოდნის დონე კი არ მოიმატებს, კიდევ უფრო სავალალოდ დაეცემა დაბლა. პირიქით, არსებული ბარიერი უნდა ამაღლდეს, თუ გვინდა, რომ უმაღლეს განათლებაში რაღაც სწავლის მაგვარი იყოს," - დასძენს ვახანია.