საქართველოს ოკუპირებული რეგიონები შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩდნენ. ჩაკეტილი ე.წ. საღზვარი და ტყვეობაში მოქცეული მოსახლეობა.
ანალიტიკოსები კი საქართველოს ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ და პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დროულად გაგზავნას ურჩევენ.
მათი აზრით, ოკუპანტები ვირუსის გავრცელების საფრთხეს მხოლოდ საბაბად იყენებენ და მის უკან გარკვეული მიზნები აქვთ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ისინი ამ ფორმით მოსახლეობას რუსული პასპორტების აღებას დააძალებენ.
ენგურის ხიდი 10 იანვრიდან დღემდე ჩაკეტილია. ამის გამო კი იზოლაციაში მოექცა და შიმშილისთვის განწირულია 10 ათასობით ადამიანი. აფხაზეთში საოკუპაციო ხაზის მიღმა უყურადღებოდ საკვების, მედიკმენტების და ყოველდღიური ჰიგიენური საშუალების გარეშე დარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ.
საოკუპაციო რეჟიმმა როკის გვირაბი და ენგურის ხიდი ჩაკეტა. მოქალაქეები, რომლებსაც სურთ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, ამბობენ, რომ რიგში დგომა დღეების განმავლობაში უწევთ.
ე.წ. საზღვარი ჩაკეტა ოკუპირებულმა ცხინვალმაც. მიზეზად გრიპის ვირუსი სახელდება. ადგილზე არსებული ვითარება კი, მოსახლეობის თქმით, კატასტროფულია. აფხაზეთი და ცხინვალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.
„რეზონანსთან“ გალის მკვიდრი მზია გოგია ყვება, რომ მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, რადგან მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ენგურს აქეთ ასაღები პენსიაა. ხიდზე გადმოსასვლელად ოკუპანტები ქრთამის სახით 300 ლარს ითხოვენ.
ხოლო რამდენიმე მოქალაქე ენგურის ხიდზე მხოლოდ ავადმყოფობის გამო ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გაუშვეს. გოგია ამბობს, რომ ოფიცილურად ხიდის ჩაკეტვის მიზეზს არავინ ასახელებს, თუმცა მოსახლეობაში ამბობენ, რომ საქართველოში არსებული გრიპის ვირუსია.
„სოფელში სრულიად გამოუვალი მდგომარეობაა. საკვები არა აქვს. მაღაზიები დაცარიელებულია. ყველას სახლში რა მარაგიც გვქონდა ამოგვეწურა. ზოგს საყიდელი ფულიც არა აქვს, რადგანაც ზუგდიდში გადმოდიოდნენ და პენსიას იღებდნენ. არც პენიის ასაღებად გვიშვებენ და არც პროდუქტების საყიდლად. სახლში მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს. რა ვაჭამოთ, არ ვიცით. კაციშვილი ჩვენი მომკითხავი არ არის. თუ გადაგიშვებენ, 300 ლარს ფულს გთხოვენ.
ან საბუთები უნდა გააკეთო, რომ ცუდად ხარ და მკურნალობა გჭირდება. ამ საბუთებსაც ვაი უბედურებით აგროვებენ, მაგასაც ხომ ფული უნდა. მეზობლები ერთმანეთს ზეთს, მარილს და შაქარს ვუნაწილებთ. ყველას თავისი გაჭირვება აქვს. არაფერს გვეუბნებიან, როდის გახსნიან ხიდს. არც მიზეზს გვინმარტავენ რატომ არ გვიშვებენ. ახალ წელს ჩამოსული სტუმრები არიან დარჩენილები, უკან ზუგდიდში ვეღარ მიდიან. არც მედიკამენტები და არც არაფერი არ გვაქვს. ვსხედვართ და ვილოდებით როდის შიმშილით ამოვიხოცებით“, - აცხადებს „რეზონანსთან“ გოგია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი კი ამბობს, რომ ცხელი ხაზი ამოქმედებულია და უყურადღებოდ არცერთი ზარი არ რჩება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ასეთ დროს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საჭიროა, რომ ცხინვალთან და სოხუმთან მუდმივი კონტაქტები ჰქონდეს. მისი აზრით, გარედან ლაპარაკი, კრიტიკა და ხელების ქნევა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.
ამის შედეგად მეორე მხარე კიდევ უფრო იკეტება და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შიმშილისთვის ვწირავთ. ყოფილი მინისტრი აცხადებას, რომ ასეთი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, თუმცა სამინისტროს მხრიდან მიდიოდა მოლაპარაკებები და სიტუაციაში გარკვევა. ამის შედეგად კი შენს მოსახლეობას უხსნი რა ხდება და როდის მოიხსნება ეს ბარიერები. ხოლო როდესაც თავად საქართველოს ხელისუფლებასაც ინფორმაცია არა აქვს რა და როგორ ხება, თავადაც პანიკაში ვარდება და სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება.
„ეს კრიზისი, რაც ახლა ამ ერთი თვის განმავლობაში შეიქმნა, სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის და კომუნიკაციის არ არსებობამ გამოიწვია. რას ქვია ამდენი ხანი შენი მოსახლეობა შიმშილობს და შენ ხელების ფშვნეტის მეტს არაფერს აკეთებ. კომუნიკაციის არ არსებობას კი საქართველოს მხრიდან აგრესიული განცხადებები ემატება. კრიტიკას სჯობია, რომ მათთან დალაპარაკება მოხდეს.
“არანაირად მოსაწონი არ არის, რაც ახლა ოკუპირებულ რეგიონში ხდება, მაგრამ თითის ქნევით საქმე უფრო ფუჭდება. იქ ხალხი ყოველდღიურად შიმშილისთვის არის განწირული.
“თუ კი მართლა ადამიანის უფლებებზე ვფიქრობთ და არა პოლიტიკასა და პოპულიზმზე, მაშინ სხვა მეთოდით უნდა ვიმოქმედოთ. ჩავრიოთ საქმეში უფრო აქტიურად გაერო, ჟენევის ფორმატი გამოვიყენოთ. სამწუხაროდ გალის შეხვედრები დაიხურა. სად ველაპარაკოთ ამ ხალხს?.
“დიალოგზე უკეთესი ახლა არაფერი არ არის. საჭიროა, რომ შუამავლი გვყავდეს და ამ ხალხს რამით დავეხმაროთ. 25 წელია ვუყურებ კონფლქიტებს და ასეთი გაუცხოვება მხარეებს შორის, როგორიც ცხინვალს, სოხუმსა და თბილისს შორის არის, ჯერ არ ყოფილა.
“ისეთ ელემენტარულ რაღაცეებზე ხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, რომ მიკვირს. რა დროს პოლიტიკაა, ხალხი შიმშილით გვეხოცება. მოვძებნოთ რამე გამოსავალი, რომ ასეთ მძიმე სიტუაციაში ხალხმა თავი მიტოვებულად არ იგრძნოს“,-აცახდებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ვირუსის საბაბით ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა ფარსია და მოსახლეობას ამის შემდეგ პასპორტიზაციის კუთხით გარკვეეული ნაბიჯების გადადგმას აიძულებენ. ზაქარეიშვილის აზრით, როდესაც ოკუპანტებმა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აგრესიული რიტორიკა გაისმა, ამ სიტუაციით სარგებლობა გადაწყვიტეს.
„გალის ომბუდსმენმაც კი მოსახლეობის სასარგებლო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საკუთარ მოსახლეობას ასე არ უნდა ექცეოდნენ. თვით აფხაზურ საზოგადოებაშიც კი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია. ამიტომაც ჩვენმა ხელისუფლებამ ნაკლები პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს და შექმნილ სიტუაციას როგორ უშველოს იმაზე იფიქროს“,-აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.