"პატიმრების წამებაში მხილებული პირები სამეგრელოს რეგიონში "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსად პატიმრების წამებაში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი მეგის ქარდავა დაინიშნა. ქარდავას გარდა, სამეგრელოს რეგიონში მმართველ პარტიას წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ეხმარება ასევე პატიმრების წამებაში მხილებული მეორე პირი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა. ძმები ჭაკუები 23 სექტემბერს მმართველი პარტიის მიერ მოწყობილ მიტინგზე ხობის რაიონიდან წასაყვან ხალხს ორგანიზებას თავად უკეთებდნენ და ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პატიმრების წამებაში მხილებული პირები ახალაიას საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობენ / "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსად მეგის ქარდავა დაინიშნა.
"მართალია, "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში არც ერთ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ზუგდიდის შტაბის უფროსი ლაშა მებონიაა, მაგრამ კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ზუგდიდის შტაბს ფაქტობრივად მეგის ქარდავა ხელმძღვანელობს. "შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელი არის მეგის ქარდავა. ავტომანქანით, დროშით მოფრიალე ქარდავა შეგიძლიათ ხშირად დაინახოთ ზუგდიდის ქუჩებში და რაც ალასანიამ განაცხადა, ეს სიმართლეა", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახურის უფროს ვაკო ავალიანი. მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ზუგდიდის წარმომადგენელ კახა მიქაიას თქმით კი, "ბაჩო ახალაიას მთელი გარემოცვა, რომელიც საპყრობილეებში ხალხს აწამებდა, მთელი ეს "კამანდა" დღეს ზუგდიდშია და როლანდ ახალაიას ეხმარება", - აღნიშნავს გამოცემა.
"მეგის ქარდავა ზუგდიდელია და ის ახლა ზუგდიდში იმყოფება. ასე რომ, როლანდ ახალაიას შტაბის უფროსად რომ დანიშნონ, არც გამიკვირდება. რაც შეეხება ჭაკუას, ის და მისი ძმა დიმა ჭაკუა დააფიქსირეს კადრებში ხობში 23 სექტემბერს. კოალიციის ხალხმრავალი მიტინგის მეორე დღეს სააკაშვილის ბრძანებით "ნაციონალებმა" შეკრება რომ მოაწყვეს, ხობიდან ხალხი ნახირივით ძმებმა ჭაკუებმა მორეკეს. ისინი ხობიდან არიან და ამიტომაც სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ ხობში ადამიანებს მობილიზაციას. საერთოდ, ბაჩო ახალაიას "კამანდა" აქტიურად არის ჩართული მთავარი ახალაიას - როლანდ ახალაიას საარჩევნო კამპანიაში. სადაც ბაჩო ახალაიაა, იქ მისი მარჯვენა ხელია მეგის ქარდავა. ასევე ახალაიას "კამანდიდანაა" დავით ჭაკუა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო და დიმა ჭაკუა, რომელიც ხობში კუდ-ს ხელმძღვანელობდა", - აცხადებს კახა მიქაია, რომლის თქმით, "საერთოდ არ უმოქმედია იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანები პატიმრების წამებაში არიან მხილებული და ეს საზოგადოებამ გაიგო. ისინი ჩვეული რიტმით განაგრძობენ აქტიურობას და როლანდ ახალაიას ეხმარებიან", - განაგრძობს გამოცემა.
"ხელისუფლება ამ ფონზეც კი ბედავს, ჭაკუები და მეგის ქარდავა სამეგრელოში ჩამოიყვანოს და აქტიურად ჩართოს ისინი როლანდ ახალაიას საარჩევნო კამპანიაში. სამეგრელოში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო. ეს ხალხი არ შეცვლილა და არც შეიცვლება", - მიიჩნევს კახა მიქაია. ცნობისთვის, დავით ჭაკუა პატიმრების წამების შესახებ გავრცელებულ სადისტურ კადრებშიც არის ნაჩვენები და ის ამ ფაქტის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს კიდეც, თუმცა იმის ნაცვლად, რომ მის მიმართ გამოძიება დაწყებულიყო, ის დღესაც მმართველი პარტიის აქტიური კოორდინატორია. ასევე ჯერჯერობით დაკითხული არ არის მეგის ქარდავა და უფრო მეტიც, ის ამჟამადაც შს სამინისტოს თანამშრომელია. კონკრეტულად, რა თანამდებობა უჭირავს დღეს ქარდავას სამინისტროში, პრესსამსახურში არ პასუხობენ. თუმცა ცნობილია, რომ ქარდავა ჩნდება ყველა იმ უწყებაში, სადაც კი ბაჩო ახალაიას ნიშნავენ", - დასძენს გამოცემა.
"ქარდავა ახალაიების მარჯვენა ხელად ითვლება. ის პენიტენციარულ სისტემაში ბაჩო ახალაიასთან ერთად, 2006 წელს მივიდა და #7 საპყრობილის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 2007-2009 წლებში როლანდ ახალაიას სამეგრელოს საოლქო პროკურორობისას მუშაობდა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ. ამ დროს უწყების კუდ-ის უფროსის თანამდებობაზე ბაჩო ახალაიას ძმა - დათა ახალაია იმყოფებოდა. მეგის ქარდავა ასევე სამხედრო პოლიციის უფროსი იყო მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროს ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. ქარდავა შს სამინისტროში კი მას შემდეგ გადავიდა, როცა 2012 წელს ახალაია შს მინისტრად დაინიშნა, თუმცა რა თანამდებობაზე, უცნობია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქარდავას სახელი პატიმრების წამებასთან დაკავშირებით პირველად სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშში მოხვდა და ომბუდსმენი ჯერ კიდევ მაშინ მოითხოვდა მის მიმართ სს პასუხისმგებლობას. დღეს ქარდავას სახელს პატიმრების მიმართ სხვა ბევრ არაადამიანურ მოპყრობასთან ერთად ორი ყველაზე გახმაურებული ამბავიც უკავშირდება. ერთია თადარიგის ოფიცრის, მზვერავი სერგო თეთრაძისა და მეორე - ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-შეძენისათვის ბრალდებული მალხაზ არქანიას წამება", - წერს სტატიის ავტორი.
"მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს ენგურის ხიდზე და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა თავად არქანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისგან წამებისა და არადაამიანური მოპყრობის სანაცვლოდ ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას, რომ თითქოს ის მონაწილეობდა 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში. არქანიას სცემეს, საკუთარი ჩვენება შეაჭამეს, ჯერ გაუპატიურებით დაემუქრნენ და შემდეგ მისი გაუპატიურება სცადეს. პარალელურად, ფოტოებს უღებდნენ და ამ ფოტოების ინტერნეტში გავრცელებით ემუქრებოდნენ. მალხაზ არქანიას წამების უშუალო მონაწილე სწორედ მეგის ქარდავა გახლდათ, რომელიც არქანიას საწამებლად #8 საპყრობილეში სპეციალურად შევიდა. არქანიამ წამების ამსახველი წერილი მაშინ ომბუდსმენს გადაუგზავნა და ამით გახმაურდა ეს ფაქტიც", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა, მეგის ქარდავა პატიმარ სერგო თეთრაძის წამებაშიც დაადანაშაულა. "ვიდეომასალა უნდა გაკეთებულიყო საინტერესო ადამიანების წამებაზე. საინტერესო ადამიანებად ითვლებოდნენ ისინი, ვინც სააკაშვილის იდეოლოგიური მტრები იყვნენ. რაკი გაბედეს სააკაშვილის წინააღმდეგ წასვლა, მკაცრად უნდა დასჯილიყვნენ. მათ შორის კანონიერი ქურდებიც ხვდებოდნენ და პოლიტიკოსებიც. დაზვერვის პოლკოვნიკი ალექსანდრე თეთრაძე სწორედ ასეთი "საინტერესო ადამიანი" იყო", - აცხადებს ბედუკაძე. მისივე მტკიცებით, ის სწორედ ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას პირადი დაკვეთით გაუპატიურებისას შემოაკვდათ", - დასძენს სტატიის ავტორი.