ხელისუფლებამ ახალი ხაზი აირჩია - ერთი კვირის წინ თუ რუსეთით აშინებდა ხალხს, ახლა ქურდების, უფრო სწორად, კანონიერი ქურდების სეზონი დადგა. მართალია, ზოგიერთ მაკომპრომენტირებელ სერიებში საკუთარი წევრები და ქურდები ერმანეთში აერიათ, მაგრამ ალბათ, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ყოველ შემთხვევაში ჩიორა თაქთაქიშვილისთვის. როგორ დასრულდება ეს შეშლილი კვირა და რა დაემართა ხელისუფლებას, ამაზე განმარტებები ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა გაეროს 67-ე ასამბლეაზე, პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, ციხეში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებამ თითქოს ეჭვქვეშ დააყენა ახალგაზრდა დემოკრატია, მაგრამ სასწრაფოდ მიიღეს ზომები, დამნაშავეები დასაჯეს და დემოკრატია გადაარჩინეს. რამდენად დამაჯერებელი იყო მიხეილ სააკაშვილი, განსაკუთრებით გაეროს შენობის გარეთ, ემიგრანტთა აქციის ფონზე?
- ალბათ, დამაჯერებლობა იზომება არა მხოლოდ იმით, რაც ითქმება, არამედ იმით, ვინც ისმენს, არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელი იყო იქ მყოფი აუდიტორიისთვის.
ჩანდა თითქმის ცარიელი დარბაზი...
- ეს გაეროს სხდომებისთვის უცხო არ არის, მაგრამ რამდენად დამაჯერებელი იყო ეს ქართული მოსახლეობისთვის, ამის დასტურია, ის, რაც მაგალითად მოიყვანეთ - მიტინგები გარეთ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილმა გაეროში იმ ეფექტს მიაღწია, რაც სურდა?
- ვერ გეტყვით რა სურდა, სააკაშვილი არ არის იმდენად გულუბრყვილო პოლიტიკოსი, რომ მიაჩნდეს, ტრიბუნასთან გამოსვლით გადაფარავს კადრებს, რომელმაც მოიარა მსოფლიო.
რაც შეეხება ბოლო დღეებში ხელისუფლების შიდა პოლიტიკას, ის გულმოდგინედ ეძებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ქურდებთან კავშირებს. ჯერ გოგა ხაინდრავას საფრანგეთში „ქურდებთან ვიზიტი“ შემოგვთავაზა, შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ წევრების, კახა კალაძის და გუბაზ სანიკიძის აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ კანონიერ ქურდებთან კონტაქტები იკვეთება...
- ასეთი მასალები გვახსოვს, როდესაც სააკაშვილს უნდოდა ბურჯანაძის გაუვნებელყოფება, გვახსოვს, როდესაც გაჩეჩილაძეს ებრძოდა, გვახსოვს, რაც ხდებოდა ბადრი პარატკაციშვილთან დაკავშირებით. ასე რომ, შეიძლება, ითქვას, ასეთმა მასალებმა უკვე თავისი თავი ამოწურა და არავისთვის დამაჯერებელი აღარ არის, რადგან წინა კამპანია არჩევნების შემდეგ აღარ გაგრძელდა - ეს ნიშნავს, რომ რეალურად მათ უკან არაფერი არ იყო.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ მასალებს, მაგალითად, ხაინდრავას ისტორიაში იმდენი რამ არის ღიმილისმომგვრელი, დაეჭვებაც აღარ არის საჭირო. ჯერ ერთი, რომ მოქმედება ხდება გაცილებით ადრე, ვიდრე თბილისში ოპოზიციური პარტიების ერთობაზე დაიწყებოდა ლაპარაკი, რატომ უკავშირებენ ივანიშვილს ამ ამბავს, გაუგებარია, სრულიად ღიმილისმომგვრელია ძალით მიბმა. თუ ადამიანმა მოინახულა ნაცნობი, რომელიც არის ქურდი, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მზადდება, მითუმეტეს ღიმილისმომგვრელია მხედრიონის ხსენება ფრანგულ მასალებში. თუკი ასეთი რამ რეალურად არსებობს, ეს ხომ საქართველოდან ნაკარნახები ვარიანტია. თან მხედრიონის ხსენება, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ძველი მხედრიონელი ხელისუფლებაში ჰყავს სააკაშვილს, გოგა ხაინდრავასთან მიმართებაში მხედრიონის ხსენება აგრეთვე არ არის სერიოზული.
ვის გულისხმობთ სააკაშვილის მთავრობაში?
- ჰყავს, ჰყავს...
კიდევ გავრცელდა სხვა აუდიოჩანაწერები, სადაც ქურდებს „ოცნებისთვის“ ხმების შეგროვებას სთხოვენ, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ვითომ ქურდი ვინმე რევიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. როგორ ფიქრობთ, რა დაემართათ „ნაციონალებს“ ადრე მათი ფილმები უფრო დამაჯერებელი იყო ხოლმე...
- უარი თქვეს რა, იმ რეალობის ანგარიშგაწევაზე, რაც არის, რაღაც ქაოტურ ნაბიჯებს დგამენ. მეც ველოდი, რომ გაცილებით ეფექტურად იმუშავებდნენ, ჰქონდათ ამისი ყველანაირი შესაძლებლობა, მაგრამ დაიწყეს ისევ ძალადობაზე აქცენტირება. მიტინგების დარბევებს ვხედავთ, შეხვედრებზეც დარბევებია, ისევ ქვებს ისვრიან, ისევ გაყალბებები, ანუ ყველაფერ იმის კეთება დაიწყეს, რის გამოც ხალხი მათ მიმართ უარყოფითად არის განწყობილი და რატომ თვლიან, რომ თუ ადამიანს ატკენ, ქვას ესვრი, მოატყუებ თან ისე, რომ იკითხება ეს ტყუილი, აუცილებლად მოგცემს ხმას - აი, ეს არის გაუგებარი.
გავრცელებული ინფორმაციით, ციხეშიც შევიდნენ „ნაციონალები“ და პატიმრებს 5-იანების შემოხაზვას სთხოვენ. არც ეს ამბავი მოხიბლავს ამომრჩეველს და ბოლო დროს რა ნაბიჯსაც დგამს ეს ხელისუფლება ერთმანეთზე უარესია თუნდაც მისი იმიჯისთვის...
- ზოგიერთი ექსპერტი ამბობს ხოლმე და მე არ მიყვარს ამ ტერმინის გამოყენება, აგონიაში არიანო. მართლაც ასეთი გაუაზრებელი, სპონტანური ნაბიჯებია, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ იციან, დამარცხდებიან...
გახსოვთ, 11 სექტემბერს, ქვემოდან ცეცხლი და ნგრევა რომ მოდიოდა და ცათამბრჯენიდან ხტებოდნენ ადამიანები? - რაღაც ასეთ პანიკურ ნაბიჯებს დგამენ. ვიცით, ფსიქოლოგიიდან და ფსიქიატრიიდან, რომ პანიკის დროს ადამიანს არ შეუძლია სწორი შეფასება - პანიკაში არიან...
ქართული ოცნების დაახლოებით 60-მდე წევრი უკვე დააპატიმრა ხელისუფლებამ. არის თუ არა ეს სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, დაკავებულთა უმეტესობას სწორედ საკვანძო საკითხები ჰქონდა ჩაბარებული, ესენი არიან საარჩევნო შტაბების უფროსები, კოორდინატორები საარჩევნო კომისიის წევრები...
- შეიძლება აიყვანონ 50 კოორდინატორი, ამას პირობითად ვამბობ - ამ ნაბიჯით ისინი 500-მდე მერყევ ადამიანს უბიძგებენ იმისაკენ, რომ ამ ქვეყანაში, სადაც ასე იქცევიან, ცხოვრება არ შეიძლება.
გავიხსენოთ, როგორი მომხრეები იყვნენ სააკაშვილისა უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც შორიდან უყურებდნენ საქართველოს. დღეს იმათ ჩაიხედეს უფრო მეტად ქართული ცხოვრების დეტალებში და დღეს ისინი ჩვენზე უფრო აქტიურად იბრძვიან სიტუაციის შესაცვლელად.
ის მერყევი ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ, საით წასულიყვნენ, გადაწყვეტილებას ადვილად მიიღებენ - ასეთი ნაბიჯებით მათთვის უკვე ნათელი ხდება ხელისუფლების მოქმედების სტილი, მისი სამზარეულო. მე პატიოსან მერყევებზე ვლაპარაკობ და არა მათზე, ვისაც ხელფასები აკავებთ. ასეთი მერყევი ადამიანების დიდ ნაწილს ამ ნაბიჯებით უბიძგებენ იმისკენ, რომ ხელისუფლება შესაცვლელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხელისუფლება, რომელიც, დაჭერებზე ორიენტირებულია, ძალადობაზე ორიენტირებულია, ხვალ ყველა მათგანზე იძალადებს. ამიტომ თვითგადარჩენის ინსტიქტი კარნახობს მათ, სხვა თუ არაფერი, ხელისუფლება შესაცვლელია.
როდესაც სააკაშვილი მოსახლეობას ხვდება, ავტობუსებით გადაჰყავთ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, გარს მაინც საკმაოდ ბევრი ხალხი არტყია, საქართველოში დარჩნენ ადამიანები, ვინც გულგრილია იმ კადრების მიმართ რამაც მთელი მსოფლიო შეაძრწუნა?
- უკვე საკმაოდ გამოცდილი ხალხი ვართ ქართველები პოლიტიკაში, არაერთხელ გვინახავს, რომ ადამიანებს რჩებათ სიყვარული და არ შეუძლიათ რეალობის დანახვა, თუკი ძალიან უყვართ ვინმე...
სააკაშვილი უყვართ თუ რაღაცის დაკარგვის ეშინიათ?
- ბევრი არის ისეთი, რომ სააკაშვილი უყვარს და არ შეუძლიათ, თავისი ერთხელ არჩეული სიყვარულის გადაფასება, რაც შეძლო ძალიან ბევრმა ხელოვანმა, ჟურნალისტმა, რომელიც სააკაშვილის გვერდით იდგა წვიმაში, ვარდების რევოლუციის პერიოდში. ეს დიდი ვაჟკაცობაა, ყველას არ შეუძლია. ეს ერთი ფენაა. არის მეორე და მესამე, ისინი, ვინც დამოკიდებულები არიან სააკაშვილზე თანამდებობრივად ან ფინანსურად და ისინი, ვინც შიშის გამო არიან ამ ხელისუფლებასთან ანუ - სიყვარული, ფული და შიში.
ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ისე იქცევა ეს ხელისუფლება, შეიძლება ბარიერიც კი ვერ გადალახოსო, შეიძლება ბარიერს მიღმა დარჩეს მმართველი პარტია?
- ბარიერის ვერგადალახვა ძნელად დასაშვებია, რადგან დაბალია ბარიერი და სამაგისო ხალხი დარჩება ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლებისვის დამღუპველი არის 50%-ზე ნაკლები კვოტა. გინდ გადაულახავთ ასეთ შემთხვევაში ბარიერი და გინდ არა. ამიტომ, ისინი ბარიერის გადალახვას არ დასჯერდებიან, მათ სჭირდებათ მნიშვნელოვნად უფრო მეტი და ამ პირობებში რა შეიძლება მოხდეს, ადვილი წარმოსადგენია - ძალადობაზეა გადასული ახლა ხელისუფლება და სავარაუდოა, რომ ძალადობის პოლიტიკას გააგრძელებს.
თუმცა, საქართველოში იმყოფება ეუთოს გრძელვადიანი წარმომადგენლობა და აშშ-მ ცალსახად განაცხადა, რომ დაელოდებიან ეუთოს დასკვნას და არჩევნების შედეგს მხოლოდ მას შემდეგ აღიარებენ. ბევრი უცხოელი ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ეს ყველაფერი რამდენად გაუხსნის ხელისუფლებას გზას გაყალბებისა და ძალადობისაკენ?
- მაინც ხალხია გადამწყვეტი, აგერ ლუკაშენკოს უკვე მერამდენე არჩევნებია 1994 წლის მერე და მაინც არის პრეზიდენტი. ასე რომ, მათ აღიარებას არ ვამბობ, რომ არ გაითვალისწინებს, მაგრამ შეიძლება არც გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. ასე რომ, ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ საკმაოდ რთულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე.
ხელისუფლება სრულიად უმართავია, განსაკუთრებით, პატიმართა წამების კადრების გამოქვეყნების შემდეგ, თუმცა უცხოეთიდან როგორც მოსალოდნელი იყო, უმწვავესი შეფასებები ჯერჯერობით ნაკლებად ისმის...
- უჩვეულოდ მწვავე შეფასებები არის, მაგრამ აქტიურად არ ისმის იმიტომ, რომ ვფიქრობ, არ უნდათ სიტუაციის უარესად დაძაბვა. მათაც ეშინიათ იმისი, რომ შეიძლება, სიტუაცია გამოვიდეს კონტროლიდან. არ უნდათ ქაოსი ქვეყანაში.