რუსები სოფელ კოდასთან ტერიტორიის მიტაცებას გეგმავენ - მცოცავი ოკუპაციის ახალი დეტალები

რუსები სოფელ კოდასთან ტერიტორიის მიტაცებას გეგმავენ - მცოცავი ოკუპაციის ახალი დეტალები

საქართველოს მცოცავი ანექსია გრძელდება. უკვე ორი დღეა, რაც სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალი მავთულხლართი გაავლეს და ადგილობრივი ოჯახის, ბატონისაშვილების ბაღი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს.

აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა ლუდა სალიამ გაავრცელა. ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნული ფაქტის შესახებ, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებს აცნობა.

„რეზონანსთან“ მოძრაობის წევრი და ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აცხდებს, რომ ადგილზე გავლებული მავთულხლართები მათაც დააფიქსირეს. ბერულავა გვიყვება, რომ, გარდა ამისა, ბაღის ტერიტორიაზე, სპეციალურად გათხრილ სანგარში მათ რუსი „მესაზღვრეებიც“ შენიშნეს, რომლებიც კონტაქტზე არ გამოსულან და მათი მისვლის დროს თავები სანგრებიდან არ ამოუწევიათ, ასევე ცდილობდნენ, რომ მათი გადაღება და სახეების დაფიქცირება არ მომხდარიყო.

ბერულავა ამბობს, რომ სოფლის ცენტრში მიტოვებული შენობაა, რომელიც ოკუპანტების მხარეს არის მოქცეული. ზუსტად იქ არიან გამაგრებულები რუსი ოკუპანტები და იქიდან მთელს სოფელს უთვალთვალებენ. ასევე მათ ფოტოხაფანგები დააფიქსირეს, რომლის მეშვეობითაც ოკუპანტები ვიდეო და ფოტო გადაღებას ახორციელებენ. ამის შედეგად კი ადგილობრივების დაკავებას ახერხებენ, რომლებიც, მათი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარს კვეთენ.

ბერულავა ამბობს, რომ წნელისის ტყეში საღებავით მონიშნულია ხეები და სავარაუდოდ, ისინი ამ ტერიტორიის შემოღობვასაც მალე დაიწყებენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციითვე, ქარელის რაიონის სოფელ კოდას სიახლოვეს, საოკუპაციო ძალები ახალი ტერიტორიების მისატაცებლად ემზადებიან, მოძრაობის წევრის ლაშა ბერულავას თქმით, სოფელ წნელისთან მათ ტყეში გზა უკვე გაიყვანეს და ხეები ყვითელი საღებავით მონიშნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ახალი საოკუპაციო ხაზი გავა და ქართული სოფლები რამდენიმე ათეულ ჰექტარ მიწას კიდევ დაკარგავენ.

„ჩვენი ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციას არასდროს არ ეყრდნობა ხოლმე. ჩვენ მოქალაქეები გვიკავშირდებიან და ყოველდღიურად ოკუპანტების გადაადგილებას და მოქმედებას გვატყობინებენ. ამის შემდეგ კი მივდივართ და სიტუაციას ადგილზე ვეცნობით.

„სიტუაცია კი ასეთია, რომ ფაქტობრივად ერთ-ერთი მოსახლის ღობე სრულიად აკაფული იყო და შემოვლითი გზა გაჭრეს. საუბრია ფეხით მოსიარულე რუს ოკუპანტ პატრულებზე, რომლებიც ბილიკების მეშვეობით დადიან და მთელს სოფელს ასე აკონტროლებენ.

„ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ძველი მავთულხლართები ახლით გამოცვლას, შესაბამისად სხვა ტერიტორია აღარ მიუტაცებიათ. ცოტა სასაცილოა, ასეთი მძიმე შემთხვევა რომ არ იყოს.

„მოსახლეობა სრულიად სხვა რამეს ამბობს. საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები ადგილობრივები ინფორმაციას გვაწვდიან, რომ კი გამოცვალეს ძველი ახალი მავთულხლართებით, მაგრამ კიდევ რამდენიმე ჰექტარით გადმოწიეს.

„სანგრები აქვთ გათხრილი და მორიგეობით ქართველებს უთვალთვალებენ. ჩემი თვალით ვნახე როგორ იყვნენ შიგნით ჩამალულები. როგორც კი მივადექით, მაშინვე სახის დამალვა დაიწყეს. ტელეფონით ვიღებდით, ველაპარაკებოდით ვინ იყვნენ და რა უნდოდათ ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ ხმაც არ გაგვცეს. თუმცა მათ ჩაცმულობაზე მივხვდით, რომ რუსები იყვნენ.

„რაც იქ ვიდექით თავი მაღლა არ ამოუწევიათ. სანამ არ წამოვედით, არ გატოკებულან. იქვე ლოკაციური მოწყობილობა ფოტოხაფანგი ედგათ, რომელიც სენსორზეა. აფიქისრებს როგორც მოძრაობას, ასევე ხმაურსაც. ხურვალეთის გარშემო ასეთი ხაფანგები ბევრი აქვთ დაყენებული“, - აცხადებს ბერულავა „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ხურვალეთში ამ დრომდე მოსახლეობასთან არც ადგილობრივი ხელისუფლების და არც სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი პირები არ გამოჩენილან. ადგილზე იმყოფება მხოლოდ პოლიცია, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრები, ასევე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები, რომლებიც ისედაც ყოველდღე დადიან.

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი კიდევ რამდენიმე მეტრით გადმოწიეს. ისინი ხელისუფლებისგან შველას ითხოვენ და ამბობენ, რომ რუსები ყოველდღე გამალებით მუშაობენ, აკეთებენ საფეხმავლო ბილიკებს, რათა მოსახლეობის გადაადგილება და მოძრაობა უკეთესად გააკონტროლონ.

ადგილობრივი მცხოვრები ლუდა სარია ამბობს, რომ მათ მეზობელს ოკუპანტებმა ეზო შუაზე გაუყვეს და მხოლოდ პატარა გასავლელი ბილიკი დაუტოვეს. სარია ყვება, რომ რადგანაც ახლა ზამთარია და მოსახლეობა ბაღებში არ მუშაობს, მათაც დრო იხელთეს და ჩუმ-ჩუმად ადგილების ნაწილს იპარავენ.

„საწოლის თავებით გაუკეთებიათ კარი, რომ იქიდან შემოვიდნენ და გავიდნენ. ორი კვირაა უკვე საფეხმავლო ბილიკებს აკეთებენ, რათა ტერიტორიის თვალთვალი უკეთესად შეძლონ. ახლა ზამთარია და მოსახლეობა თავის ბაღებში არ მუშაობს. ამათმაც დრო იხელთეს და ჩუმად ახალ-ახალ ტერიტორიებს ღობავენ.

„მოხუცი ქალია და მისი ეზო შუაზე გაუყვიათ. ნახევარი დაუტოვეს, რომ გარეთ სახლიდან გამოსვლა შეძლოს. ასევე ავტომობილებით მიაქვთ რაღაცეები და ვვარაუდობთ, რომ ახალ ტერიტორიებს შემოსაზღვრავენ“, - აცხადებს ლუდა სარია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი „რეზონანს“ განუცხადეს, რომ უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ე. წ. ბორდერიზაციის ნებისმიერი ფორმა არის უკანონო პროცესი და საკითხი იქნება განხილული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ერგნეთში.