საქართველოსთვის ხორბლის მომარაგების 3-დან 2 წყარო უკვე დაიშრიტა. რუსეთის შემდეგ, ექსპორტზე შეზღუდვა უკრაინამაც დააწესა. ჩვენ, ძირითადად, სწორედ ამ ორ ქვეყნაში მოწეულ ხორბალს მოვიხმარდით. ამის შემდეგ, ქართველ იმპორტიორები, იძულებით, ევროპულ ნედლეულზე გადაერთვებიან.
რუსეთის შემდეგ ხორბალზე შეზღუდვებს უკრაინაც აწესებს. უკრაინის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ 2010 წლის ბოლომდე შეზღუდოს ხორბლის ექსპორტი, რათა მოახერხოს ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა. უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის, ნიკოლაი პრისიაჟნუკის თქმით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი განიხილავს საკითხს კვოტების მოცულობასთან დაკავშირებით, რომელიც ხორბლის მწარმოებლებთან იქნება შეთანხმებული.
აგროპოლიტიკის სამინისტრო ეთანხმება მოსაზრებას, რომ წლის ბოლომდე მხოლოდ 2,5 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი მოხდეს. აღნიშნულ მოცულობაში გათვალისწინებული არ არის 1 მლნ ტონა ხორბალი, რომელიც პორტებში იმყოფება. შეზღუდვა არ შეეხება სიმინდს.
საქართველოსთვის ეს შეზღუდვა საკმაოდ რთული გადასატანი იქნება. საქმე ისაა, რომ ჩვენ ქვეყანაში ხორბალი, ძირითადად, სწორედ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა. მარცვლეულის იმპორტი ხორციელდებოდა ყაზახეთიდანაც. ამ 3 წყაროდან 2 უკვე დაიშრიტა. რას მოიმოქმედებნ ქართველი იმპორტიორები?
ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის, “ბუნგეკავკასიის”წარმომადგენელმა საქართველოში, კოკი ოსიპოვის ინფორმაციით, ხორბლის 70-80 პროცენტი რუსეთიდან შემოდის.
“ამის შემდეგ კი, რუსულ ხორბალს ალტერნატიული წყაროებიდან მიღებული ხორბალი შეცვლის. სექტემბრის ბოლოს ხორბალს გერმანიიდან შემოვიტანთ”, - აღნიშნავს ოსიპოვი.
რასაკვირველია, რუსულთან შედარებით, გერმანული ხორბლის ფასი უფრო ძვირი იქნება. ოსიპოვის თქმით, თუ 1 ტონა რუსული ხორბალი 330 დოლარი ღირს, გერმანული მინიმუმ 345 დოლარი ეღირება.
პური რომ გაძვირდება, ამას ყველა შეეგუა. წისქვილკომბინატებში აცხადებენ, რომ ქარხნები მათგან ერთდროულად 2 კვირის მარაგს ყიდულობენ და, შესაბამისად, ფქვილზე ფასის ზრდა პურის ფასზეც 2 კვირის შემდეგ უნდა აისახოს.
პურის გაძვირების შესახებ საუბრობენ “ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაშიც” და აცხადებენ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფქვილის ფასი 34 ლარიდან 39 ლარამდე გაიზარდა. ასოციაციის ინფორმაციით, წისქვილკომბინატი “კარმენი” ფქვილს 37 ლარად ყიდის, რუსთავში მდებარე “პროგრესი” - 39 ლარად, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე განთავსებულ წისქვილ-კომბინატებში ერთი ტომარა ფქვილის ფასი - 39-40 ლარია.
ის, რაც საქართველოში აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში მოხდება, ჩვენს მეზობლად უკვე მოხდა. აზერბაიჯანის ზოგიერთ რაიონში პური ერთბაშად 25-დან 37 ცენტამდე გაძვირდა, ზოგან კი ფასები 20%-ით ერთ დღე-ღამეში ავარდა. არ გამორიცხავენ, რომ მისმა ღირებულებამ 50 ცენტსაც მიაღწიოს.
აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები არ მალავენ, რომ იმპორტირებული მარცვლეულის გაძვირების გათვალისწინებით, შემოდგომაზე ქვეყანაში ფასების ზრდა გარდაუვალია. გამყიდველების თქმით, პურის გაძვირება ფქვილის ფასების ზრდამ გამოიწვია: 1 ტომარა 20-დოლარიანი ფქვილი ახლა უკვე 23 დოლარზე მეტი ღირს. პურის გაძვირებას ექსპერტები და მოსახლეობა უახლოეს პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ელიან.