ამიერიდან 200 ათას ლარამდე ოდენობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ახალი ზღვარი უკვე ძალაში შევიდა. ახალი რეგულაცია შარშან დაწესდა, მაგრამ იგი 100 000-იან ზღვარს ითვალისწინებდა. წელს ეს ნიშნული გაორმაგდა. ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ საგანგაშოა და ამიტომაც აუცილებელი გახდა მოქმედი ნორმის გამკაცრება.
„თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 200 000 ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი“ - ასეთია კანონის ახლადამოქმედებული ნორმა.
აქამდე ზღვარი 100 ათას ლარამდე იყო, ინიციატივის მიზანი კი სესხების დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება გახლდათ. ამ კუთხით გარკვეული ცვლილება არის, თუმცა დოლარიზაციის მაჩვენებელი საგრძნობლად არ დაკლებულა, შესაბამისად, ზღვარიც კიდევ ერთხელ გაიზარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას, გრძელვადიან პერსპექტივაში საპროცენტო განაკვეთებზე დადებითი გავლენა ექნება. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს რამდენიმე სუსტი მხარე, მათ შორის დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე და მნიშვნელოვანია, მათთან გასამკლავებლად ნაბიჯები გადაიდგას.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. დარწმუნებული ვარ, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც და ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დაიწევს“, - განაცხადა ბახტაძემ.
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ეს ტენდენცია შესაძლოა უკვე მომდევნო თვეებიდან გახდეს შესამჩნევი.
„ცვლილება, ალბათ, უფრო შემდგომ პერიოდში იქნება მოსალოდნელი, მაგრამ არა იანვარში. ჯერჯერობით ვითარება დიდად არ შეცვლილა. წინასწარ ვერ ვიმსჯელებთ, რა შეიცვლება საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. ახალი რეგულაციების გამოისობით სესხების გაცემა შემცირებულია. ამაზე შესაძლებელია ემოქმედა სეზონურობას და იმ ფაქტორსაც, რომ წინა პერიოდში დაანონსდა ამ რეგულაციის ძალაში შესვლა და იანვრამდე მეტი აქტიურობა იყო.
პირველი კვარტლის ბოლოს გვეცოდინება, თუ საითკენ წავიდა საპროცენტო განაკვეთები, ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ვიმსჯელოთ.
როგორც წესი, განაკვეთებზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, რეალურად დღევანდელ სიტუაციაში დანახარჯები ინდივიდუალურად სესხის განხილვასთან დაკავშირებით გაიზარდა“, - აცხადებს ძნელაძე.