ელჩი ლონდონში: „გამოძიება ყველას უნდა მიწვდეს“

ელჩი ლონდონში: „გამოძიება ყველას უნდა მიწვდეს“

რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ლონდონში ქართველი ემიგრანტების მიერ საქართველოს საელჩოს წინ გამართული საპროტესტო აქცია არის ასახული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ, ქართველმა ემიგრანტებმა ამ დანაშაულში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სიმბოლურად ცოცხები მიიტანეს. კადრებში, რომლებიც ქართულ მედიაში გავრცელდა, ჩანს როგორ გამოდის საელჩოს შენობიდან დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი გიორგი ბადრიძე და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ეუბნება „ცოცხი გაიკეთე უკან“.

ამ კადრებმა მთელი ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ქართველი დიპლომატი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. For.ge ბრიტანეთის ელჩს სულ სხვა საკითხზე სასაუბროდ დაუკავშირდა, მაგრამ ბუნებრივია ამ თემაზეც დავუსვით რამდენიმე კითხვა. გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ თავდაპირველად შეურაცხყოფა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მიაყენა, რაზეც იგი გაბრაზდა და იგივეთი უპასუხა, მაგრამ ვიდეო-კადრებიდან, რომლებიც საქართველოში გავრცელდა, ელჩის შეურაცხყოფის კადრები ამოჭრილია და მხოლოდ მისი ნათქვამი ჩანს. ობიექტურობა მოითხოვს, ადამიანს საშუალება მისცე, მომხდარის შესახებ თავადაც ისაუბროს. ამიტომ For.ge დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან, გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

გიორგი ბადრიძე: „ტყუილია, რომ მე საელჩოსთან მომიტინგე ადამიანებთან ჩავედი და შეურაცხყოფა მივაყენე. სინამდვილეში მე მათთან ჩავედი სოლიდარობის გამოსახატავად, ერთ-ერთი მომიტინგე მძიმე შეურაცხყოფით დამხვდა, რაზეც საკადრისი პასუხი გავეცი. როდესაც სცადა ეთქვა, რომ ეს ის არ იყო, რაც მე მეგონა, მაშინ ვუთხარი, რომ თუ ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოგიყენებიათ, ბოდიშს ვიხდი-მეთქი და ბოდიში მოვიხადე. ამის შემდეგ შედგა ჩვენი შეხვედრა და საუბარი.

საერთოდ ვინც ეს ვიდეო-მასალა გაავრცელა, იმას არავინ ეკითხება, რომ თუ ელჩი ჩამოვიდა და ამდენ გაბრაზებულ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა, მერე ეს ელჩი არ სცემეს? არავის ებადება ეს კითხვა?

ამდენად, თქვენ ამბობთ, რომ ჯერ თქვენ მოგაყენეს შეურაცხყოფა და თქვენ ამაზე უპასუხეთ?

- მე ვამბობ კი არა, არამედ არსებობს ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ყველაფერი სრულად არის ასახული, მაგრამ ამ ჩანაწერიდან ძალიან ოსტატურად არის ამოღებული და გავრცელებული მხოლოდ ჩემი პასუხი უმძიმეს შეურაცხყოფაზე. ამასთანავე, იმ კადრებიდან, რაც გავრცელდა, ასევე სრულად ამოჭრილია ჩემი და ამ ადამიანების შემდგომი ურთიერთობა.

რა იგულისხმება ურთიერთობის გაგრძელებაში?

- ამ ფაქტის უშუალო გაგრძელება იყო ის, რომ ეს ადამიანები მეუბნებიან, თქვენ ვერ გაგვიგეთო, მე კი ვპასუხობ, რომ მაშინ ბოდიშს ვიხდი და ამით ეს ინციდენტი ამოიწურა. ამის შემდეგ კი ჩვენი დიალოგი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ეს იყო მათი კითხვები და ჩემი პასუხები და ეს შეხვედრა სრულად არის ვიდეოფირზე აღბეჭდილი და ვისაც აინტერესებს, ამას ნახავს.   

სად არის ეს კადრები?

- ეს კადრები აქვთ თავად იმ ადამიანებს, ვინც ეს ცნობილი ვიდეო-ჩანაწერი გაავრცელა. ამასთანავე, იქ იყო ტელევიზიების კამერებიც, რომლებსაც თავიდან ბოლომდე ყველაფერი აქვთ ჩაწერილი.

შეგიძლიათ გვითხრათ, რა სახის შეურაცხყოფა მოგაყენეს, რაზეც თქვენ ასე გაღიზიანდით?

- პირველ რიგში აღვნიშნავ, როდესაც მომიტინგეებთან ჩავედი, მათ ჰქონდა პლაკატი და მე უბრალოდ ზუსტად ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც ამ პლაკატზე ეწერა. ნათქვამი იყო, რომ ჭუჭყიანი ცოცხი ვიღაცას სადღაც უნდა შეარჭო და ამ დროს, როდესაც მათთან ჩავდივარ, ერთ-ერთი ადამიანის შეძახილი მესმის - „ცოცხი, ცოცხი მაგას!“ როგორ ფიქრობთ, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა წონასწორობა დაკარგოს და მოუზომავად რამე თქვას? საუბარია ადამიანზე, რომელიც არანაირად არ არის დამნაშავე იმაში, რაც მოხდა.

ყველაზე საინტერესო მთელს ამ ისტორიაში არის ის, რომ ადამიანი, რომელთანაც მე ეს შელაპარაკება მომივიდა, თვითონვე პირველი დებს კომენტარს ამ ვიდეოზე, სადაც აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია, რომ არაფერი ამგვარი არ მომხდარა და რომ ჩვენ მეგობრულად დავშორდით. ეს ადამიანი შემდეგ მართლაც თვითონ მოვიდა საელჩოში, ხელი ჩამომართვა და მადლობაც მითხრა და ჩვენ ის ინციდენტი ჩემი ბოდიშის მოხდით ამოვწურეთ.

ვინ არის ის ადამიანი, ვინც თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენათ?

- უნდა გითხრათ, რომ იქ იყო ადამიანი, რომელიც ცოცხით შემხვდა, ხოლო მის უკან იდგა ადამიანი, რომელიც უწმაწურად ილანძღებოდა. იმ ადამიანმა, რომელსაც მე ასე მივმართე (რადგან ორივე ერთად აღვიქვი), თავისი პოზიცია ძალიან კონკრეტულად გაავრცელა. ეს არის რომეო ხერხეულიძე, არის ქართველი ემიგრანტი. ამ ადამიანმა როგორც გითხარით, საკმაოდ ცხადად დააფიქსირა თავისი პოზიცია და განმარტა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო და არა ისე, როგორც საქართველოში გავრცელებულ კადრებშია ასახული.

მოგეხსენებათ ციხეში პატიმრების წამების ფაქტებთან ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების გავრცლელების შემდეგ საქართველოს მოსახლეობა აღშფოთებულია და ცხადია, რომ ასეთივე განწყობა ექნებოდათ ლონდონში საელჩოს წინ შეკრებილ ადამიანებს. ამიტომ თქვენ, სახელმწიფო მოხელეს, რომელსაც თმენის ვალდებულება აქვს, ხომ არ ჯობდა, რომ იმ მომენტში თავი შეგეკავებინათ და სხვაგვარად მოქცეულიყავით?

- სხვანაირად რომ ყოფილიყო, მე ბოდიშს არ მოვიხდიდი, მიუხედავად იმისა, რომ მე გაზრდილი ვარ ისე, რომ გავრჩიო კარგი ცუდისგან და შეურაცხყოფა - არაშეურაცხყოფისაგან. რა ვქნა, ახლაც ვთვლი, რომ ჯობდა სხვა ფორმით მომეხდინა რეაგირება, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. იმედია დამეთანხმებით, რომ დღეს ცოცხთან დაკავშირებული შეურაცხყოფა ბევრად უფრო შეურაცხმყოფელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ.

დაბოლოს, იქნებ ცნობილი ციხის ამბების შესახებ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ?

- ჩემი პოზიცია იქაც დავაფიქსირე, მაგრამ როგორც გითხარით, მედია ამით არ დაინტერესებულა. ჩემი პოზიცია ასეთია: ადამიანების რისხვა და აღშფოთება აბსოლუტურად ჯანსაღი რეაქციაა იმაზე, რაც ვიხილეთ. ეს გრძნობა უნდა იყოს იმის გარანტია, რომ დაისჯება ყველა, ვისაც თუნდაც რაიმე წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულის ჩადენაში. მე ვსაუბრობ ყველაზე, ვინც არა მხოლოდ უშუალოდ მონაწილეობდა ამ ყველაფერში, არამედ, ვინც დაუშვა, რომ ასეთი რამ მომხდარიყო. ყველა აგებს პასუხს, მიუხედავად სახელისა, გვარისა და თანამდებობისა, გამოძიება ყველა დამნაშავეს უნდა მისწვდეს.

მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ეს უნდა მოხდეს კანონის, სამართლის ფარგლებში, რადგან თუ მხოლოდ საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით და ამ გაბრაზებაზე დაყრდნობით დავიწყეთ ადამიანების ლინჩი, ან თუნდაც ცუდად მოპყრობა იმ ადამიანებთან, ვინც თავად ცუდად ეპყრობოდა სხვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არასოდეს არაფერი შეიცვლება. ყველაფერი უნდა აღსრულდეს კანონის ფარგლებში.