"ქსნის საპყრობილის პატიმრები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ გიორგი ტუღუშთან შეხვედრის მოთხოვნით მეორე დღეა შიმშილობენ. როგორც უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, 40-მდე მოშიმშილე პატიმარი ტუბერკულოზის და შიდსის უმძიმესი ფორმებით არიან დაავადებულები და სასწრაფო შველა სჭირდებათ. კაკაბაძის თქმით, ამ დრომდე არც სასჯელაღსრულების და არც სახალხო დამცველის აპარატიდან ამ ფაქტს გამოხმაურება არ მოჰყოლია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქსანში 40 მომაკვდავი პატიმარი შიმშილობს / უფლებადამცველების თქმით, პატიმართა შიმშილობამ შესაძლოა მასობრივი ხასიათი მიიღოს.
"ვერანაირად ვერ მივაღწიეთ, რომ ტუღუში ჩავიდეს და პატიმრებს შეხვდეს. მომაკვდავ ადამიანებს შიმშილობა აქვთ გამოცხადებული, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევთ. არანაირი პასუხი სასჯელაღსრულების სამინისტროდან არ მიგვიღია. ვეუბნებით, რომ მომაკვდავები არიან და მათი მდგომარეობა არანაირად არ შეცვლილა, თუმცა, არავინ გვისმენს. პატიმრები ციხის ტელეფონიდან რეკავენ და ამაზე მეტს ვერაფერს ამბობენ. მითხრეს: არაფერია შეცვლილი, მხოლოდ დირექტორი შეიცვალა და გაუსაძლის მდგომარეობაში ვიმყოფებით, გვიშველეთო. მეტი რა უნდა თქვან? ხომ შეიძლება, სასჯელაღსრულების სამინისტრო და თავად მინისტრი პატიმრების მდგომარეობით დაინტერესდეს? მაგრამ ისინი ტელეფონებზეც კი არ გვპასუხობენ. 40 პატიმარი შიმშილობდა, მაგრამ აპირებდნენ სხვებიც მათ შეერთებოდნენ. მეხვეწებოდნენ: შემოდი და გვნახეო, მაგრამ მე არა მაქვს შესვლის უფლება. სახალხო დამცველის პრევენციის ჯგუფს მონიტორინგის ჩატარების უფლება აქვს და პატიმრებამდე მათაც ვერ მიაღწიეს. როდემდე იშიმშილებენ არ ვიცი, ვადა გამოცხადებული არ არის. ტუბერკულოზის და შიდსის უმძიმესი ფორმების მქონე ადამიანები რომ დაიწყებენ შიმშილობას, ხომ უნდა მივხვდეთ, რომ საქმე ძალიან ცუდად არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.
"ქსნის ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებიდან პატიმრების მოთხოვნა ჩემთანაც მოვიდა. მინდა გითხრათ, რომ ქსნის მე-15 დაწესებულებაში იგივე სიტუაციაა, ის ზონდერები, რომლებიც პატიმართა წამებაში არიან მხილებულები, თოლორდავას გარდა ყველა ადგილზე რჩება. ეს მწვალებლები ისევ ემუქრებიან პატიმრებს. მუქარების შინაარსი კი დაახლოებით ასეთია: "ჩაივლის პირველი ოქტომბერი და მერე ნახეთ, რაც დაგემართებათ, ვაი, თქვე საცოდავებოო". შედეგს ტუღუშთან შეხვედრა იქამდე ვერ გამოიღებს, სანამ ყველა მწვალებელი და ჯალათი, რომელიც დღეს ისევ თანამდებობაზეა, არ გათავისუფლდება და პასუხისგებაში არ მიეცემა. როდესაც თავზე ადგანან პატიმრებს, მუდმივად ემუქრებიან და წნეხის ქვეშ ჰყავთ, როგორ შეიძლება ტუღუში მათ ნორმალურ მდგომარეობაზე ლაპარაკობდეს?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უფლებადამცველი ქეთი ბექაური.
"რა გასაკვირია, რომ შიმშილობა გამოეცხადებინათ? ასევე შიმშილობენ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პოლიტპატიმრები. გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მე-20 დღეა შიმშილობს ცოტნე გამსახურდია და მსჯავრდებული ვალერი გაბელია. პატიმრების და უფლებადამცველების მოთხოვნა, რომ ყველა დამნაშავე პირი დასჯილიყო, ჯერ კიდევ არ არის შესრულებული, ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი. არ გამოვრიცხავ, რომ პატიმრების შიმშილობამ მასობრივი ხასიათი მიიღოს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას დამნაშავეები დაესაჯა, ზოგიერთების ადგილსამყოფელიც კი არ არის ცნობილი. მაგალითად, არ ვიცით, სად არის ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა. რატომ არ სჯიან ცხვედიანს და ბუთლიაშვილს? ბუნებრივია, ეს კითხვები ჩნდება. ამ გვარებს კი, ყოველდღე ახალი გვარები ემატება", - განაგრძობს ქეთი ბექაური.
"რამდენიმე დღის წინ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან და ჩემს კოლეგებთან ერთად ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს შევხვდით და ვთხოვეთ უფრო კრიტიკული იყოს ხელისუფლების მიმართ. ყველა ვხედავთ, რომ მარტო რეკომენდაციებით შემოფარგვლის დრო აღარ არის. მისი პასუხი კი მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენი ფუნქცია ახლა არის რამენაირად ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ არჩევნები და ამას უფრო ვაკვირდებითო. ამ ადამიანმა აზრიც არ გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მონიტორინგის საბჭო უნდა შეიქმნას და გამოიძიონ წამების ფაქტები. პატიმართა უმძიმეს მდგომარეობაზე უკვე არაფერს ვამბობ. ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან ყველაზე ეფექტური გამოსავალი იქნება ის, რომ უმძიმესი დაავადებით შეპყრობილი ყველა პატიმარი სასჯელისგან გაათავისუფლონ. ეს კანონის პირდაპირი მოთხოვნაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია არაფრის გამკეთებელი არ არის და როგორც ჩვენი სასამართლოები, ისინიც შერჩევით სამართალს ახორციელებენ", - ამბობს რესპონდენტი
"თუ ზემდგომი, აღმასრულებელი ორგანოებიდან არ დაურეკეს და ამაში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩაერივნენ, არავის არ ათავისუფლებენ. მერე ამის შედეგი არის ის, რომ ბოლო მომენტში, როდესაც მსჯავრდებულს წუთები აქვს დათვლილი, გადაჰყავთ ან ღუდუშაურში, ან ხუდადოვზე ტუბერკულოზის ცენტრში და იქ დგება ლეტალური შედეგი. პატიმრების ერთადერთი მოთხოვნა ამ წუთში არის ის, რომ საპროტესტო მუხტი არ შენელდეს. თავად მაქვს იმ პატიმრების წერილი, რომლებიც შველას ითხოვენ. ქსნის კოლონიიდან 700 პატიმრის ხელმოწერილ წერილს კიდევ უნდა დამატებოდა 1000 პატიმრის ხელმოწერა, მაგრამ ადმინისტრაციამ არ მისცა ამის საშუალება. წერილში წერენ, რომ თუ ეს პროტესტი შენელდება, ცოცხლებს არც ერთს არ დაგვტოვებენო. დარწმუნებული ვარ, ამ ხელისუფლების დარჩენის პირობებში, ასეთი სიტუაცია მართლაც გვექნება", -დასძენს ქეთი ბექაური.
"რეზონანსი" სახალხო დამცველის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა როგორც გვითხრეს, ქსნის დაწესებულებაში პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ - "ამ დროისთვის მონიტორინგის ჯგუფი სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია გასული. ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ქსნის კოლონიაშიც. დაზუსტებული ინფორმაცია, შიმშილობენ თუ არა ქსანში პატიმრები, არა გვაქვს. სახალხო დამცველის რწმუნებულის გამოსვლის შემდეგ შესაბამის კომენტარს გავაკეთებთ", - გვითხრეს პრესსამსახურში. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროში კი, "რეზონანსის" კითხვებს არ უპასუხეს", - წერს სტატიის ავტორი.