"ქართულ ოცნებაში" კონსულტაციების პირველი რაუნდი დასრულებულია. როგორც გუშინ სხდომიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, შეხვედრა დღესაც გაგრძელდება.
ხუთშაბათს კი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გაფართოებული სხდომა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რომელიმე დეპუტატის გარიცხვის საკითხი არ დამდგარა და ივანიშვილი ყველა გამომსვლელს მოთმინებითა და გულისყურით უსმენდა.
როგორც დეპუტატები ამბობენ, ეკა ბესელიას სიტყვით გამოსვლის და პოზიციის გამოხატვის საშუალება რამდენჯერმე მიეცა. პარტიის ლიდერი ყველას აზრს ისმენდა და ცდილობდა, რომ გამაერთიანებლის როლი შეესრულებინა.
დეპუტატების ნაწილმა სხდომაზე გამოსვლა ვერ მოასწრო და ამიტომაც გადაწყდა, რომ პარტიის შეხვედრა პარასკევსაც გაიმართოს. არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება დღეს მიიღოს და ყველა დეპუტატის მოსმენის შემდეგ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე თავისი პოზიციაც გამოთქვას.
ანალიტიკოსები კი "რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ივანიშვილის ამოცანა ახლა მარტივია, მისი მთავარი მიზანი გუნდში არსებული დაპირისპირების ჩაცხრობა და პარტიის სრული სახით შენარჩუნებაა. ისინი არ ელიან, რომ იგი პარტიიდან ვინმეს გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ან რომელიმე დაპირისპირებულ ჯგუფს მხარს დაუჭერს. ის შეეცდება, რომ გამაერთიანებლის როლი ითამაშოს და შეინარჩუნოს ის, რაც თავად შექმნა.
თუმცა ექსპერტები თანმხდებიან იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ივანიშვილი ახალი სახეების ძიებას დაიწყებს და ამ გუნდს არჩევნებისთვის მთლიანად დაშლის. მას ახლა დროის მოგება სჭირდება, რასაც პირველსავე სხომაზე თავი გაართვა.
უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის თქმით, სხდომაზე დისკუსიისას განიხილეს, თუ რა წესებსა და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა. დეპუტატის აზრით, ივანიშვილის დამსახურებაა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა.
თალაკვაძის განცხადებით, გუნდის რომელიმე წევრის გარიცხვაზე მსჯელობა არ ყოფილა. დისკუსია არგუმენტების მოსმენით მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ არსებობს რესურსი, გუნდში პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მოხდეს.
"პროცესი უკვე უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს და ვფიქრობ, არის რესურსი ძირითად პრინციპებზე შეთანხმებისა, რითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ სამუშაო პროცესში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით.
"დღეს გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ჩვენ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობას და ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას სჭირდება", - აცხადებს თალაკვაძე.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე იმსჯელეს, მათ შორის უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ კადრებზე. დეპუტატების ნაწილმა ვერ შეძლო პოზიციის გამოთქმა, რის გამოც შეხვედრა დღესაც გაგრძელდება. ე.წ. ამბოხებულმა დეპუტატებმა კი სცადეს კოლეგების დარწმუნება იმ პოზიციის სისწორეში, რაც მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით აქვთ.
"დღეს არის პოლიტიკური პროცესი, კრიტერიუმები - ეს არის იურიდიული მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ," - ამბობს გოგიჩაიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი მედიატორის როლს ასრულებდა და თავის პოზიციასაც გამოხატავდა.
"ის, რა თქმა უნდა, თავის ჩანართებს აკეთებდა," - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მედიატორობას უწევდა და რამდენიმე დეპუტატმა განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით.
"მას ჰქონდა ლიდერისა და მედიატორის ის როლი და ფუნქცია, რომლითაც მან შეძლო, რომ ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად კონსტრუქციულად, მაქსიმალურად კოლეგიალურად, კულტურულად და ეთიკურად. ამიტომ, მე ვამბობ, რომ მისი როლი იყო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი," - აცხადებს ბესელია.
იგი არ გამორიცხავს, რომ ორ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს შეხვედრა. თავად კი პრინციპულ პოზიციას არ დათმობს სიის შედგენასა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ე.წ. ამბოხებული დეპუტატების პარტიიდან შესაძლო გარიცხვას, ბესელიას თქმით, ამასთან დაკავშირებით შეხვედრაზე არ უსაუბრიათ. ბიძინა ივანიშვილმა მედიატორის ფუნქცია შეასრულა და ადრე ნათქვამი, როცა მან ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა, არ გაუმეორებია.
გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიაში ბესელიასა და კობახიძის დაპირისპირება სახელმწიფოებრივად საინტერესო არ არის და ამიტომაც ახლა საზოგადოების მთავარი ინტერესი იქით უნდა იყოს მიმართული, მოსამართლეების საკითხზე ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის ამოცანა ახლა ძალიან მარტივია, მას არარსებული ერთიანობის შენარჩუნება სურს - რომ ამ ადამიანების თანაცხოვრების ფორმულა იპოვოს და როგორმე მათი ერთად ყოფნა გაახანგრძლივოს.
"რაც სხდომაზე ხდებოდა, ეს არის ივანიშვილის ტაქტიკა, რათა მან გუნდის შენარჩუნება შეძლოს. ბოძი შეუდგას ან რაიმე გასამაგრებელი საშუალება, რომ გუნდი არ წაექცეს და დაეშალოს. ახლა მთავარი საკითხავი ის არის, ქართული სახელმწიფოსთვის აქედან რაიმე პოზიტიურს უნდა ველოდოთ თუ არა. ჩემი აზრით, კარგი არაფერი იქნება.
"ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, პარტიას ბესელია ან ფოფხაძე დატოვებს თუ დარჩებიან? ჩვენ ახლა მოსამართლეების საკითხზე ხელისუფლებასთან ოპონირება თუ თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ.
"სხვა რა გზა აქვს ახლა ივანიშვილს, იძულებულია, რომ 2020 წლისთვის ამ გუნდით არჩევნებამდე როგორმე მივიდეს. უკეთესი არ ჰყავს, რაც აქვს, იმის შენარჩუნებას ცდილობს. ეს არის მისი შემოქმედების ნაყოფი და რა ქნას, მას უნდა მოუაროს.
"როდესაც რაღაც ზიზღზეა აშენებული, დაპირისპირება ყოველთვის ამოფეთქავს. "ოცნება" ძალიან ჰგავს იმ ცოლ-ქმარს, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ვიღაცამ სახლში იმ პირობით შეასახლა, რომ ერთად უნდა იცხოვრონ. ასეა ამ პარტიის საქმეც, მანამდე ეცდებიან ერთად ცხოვრებას, სანამ ივანიშვილი მათ გარეთ გარეკვას არ მოისურვებს", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".
მისივე თქმით, ივანიშვილს მოსამართლეთა 10-კაციანი სია შეაჩეჩეს, რადგანაც მან ამ მოსამართლეების უმეტესობა არც იცის, ვინ არიან. მისი აზრით, აქ მოსამართლეების ვინაობას კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ მთავარია ალგორითმი, თუ ვისი ვერტიკალის ქვეშ უნდა ყოფილიყო სასამართლო სისტემა, რა პირობით შეუთანხმეს მას ეს სია. უნდა ყოფილიყო სასამართლო სისტემა პოლიტიკური ვერტიკალის ქვეშ, თუ თავისუფალი სასამართლო სჭირდებოდათ.
"ტექნიკურად, ვფიქრობ, რომ ეს სია კობახიძემ და მისმა ჯგუფმა შეადგინა და შემდეგ მიიღეს ვიზა. პარლამენტში კი როგორც დავალება ისე მიიტანეს. პირადად ივანიშვილი რომ ამ სიას არ დაწერდა, ეს კარგად ვიცი. რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის, ვინ იქნებოდა ამ სიაში. მთავარია, ალგორითმი ის ყოფილიყო, რაც მას უნდოდა - სასამართლო იყოს ისეთი, როგორიც მას უნდა და თუ უნდათ, ჩინჩალაძე კი არა, ვინმე ქიბროწაშვილი ჩაწერონ", - ამბობს "რეზონანსთან" ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ახლა ივანიშვილის მთავარი საზრუნავი გუნდში დაპირისპირების ჩაცხრობაა, რაც ტაქტიკურად სწორი არჩევანია და მას სხვა გზა არც აქვს. იგი "ოცნების" ამ შემადგენლობით საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლას შეეცდება, თუმცა პარალელურად იზრუნებს იმაზე, რომ სიაში ბესელია და ის პირები აღარ მოხვდნენ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ პიროვნული შუღლი აქვს.
პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ივანიშვილისთვის ხელსაყრელი არაა, ბესელიამ ცალკე ფრაქცია შექმნას და პარტიიდან გაირიცხოს. იგი გუნდში სიტუაციის ჩაცხრობის პარალელურად საზოგადოების ყურადღების სხვა საკითხზე გადატანას შეეცდება და სამთავრობო ცვლილებას დაიწყებს.
"ივანიშვილი, როგორც გამოჩნდა, არ არის დაინტერესებული, რომ "ოცნება" დეპუტატების ნაწილმა დატოვოს, რისი საფრთხეც ნამდვილად გაჩნდა. ჩვენ ვნახეთ, სხდომამდე ჟორჟოლიანის კაბინეტში ბესელია და სხვა დეპუტატები როგორ თათბირობდნენ. ბესელიას 9 დეპუტატამდე ჰყავს მომხრე, რომლებიც მოსამართლეების საკითხზე მის პოზიციას იზიარებენ.
"რა თქმა უნდა, კობახიძეც ცდილობს, რომ მართვის სადავეები საკუთარ თავზე აიღოს, თუმცა პარტიაშიც და თავად ივანიშვილიც კარგად აცნობიერებს, რომ თუ პარლამენტში გუნდის დაშლის პროცესი დაიწყო, პარტიის რეიტინგზე ცუდად აისახება და საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს პროცესი მძიმე დარტყმა იქნება.
"ამიტომაც ივანიშვილი 2020-მდე ამ გუნდს მიიყვანს, მაგრამ მათ ახალი სახეებით ჩაანაცვლებს. ამ ხალხს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვეღარ ვიხილავთ. რა თქმა უნდა, ივანიშვილის მხრიდან ეს სწორი ტაქტიკაა და მას სხვა გზა არც აქვს. ბესელიას შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ივანიშვილი მას სიაში აღარ შეიყვანს", - აცხადებს ჩიტაძე "რეზონანსთან".