კომუნიკაციების ბაზარზე არსებული ვითარება კიდეც უფრო გაურკვეველი გახდა მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარისგან გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ქვეყანას „ბილაინიც“ დატოვებს. ასეთ შემთხვევაში ბაზრის მონოპოლიზება გარდაუვალი იქნება და კონკურენცია მინიმუმამდე დაეცემა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კონკურენცია ისედაც საკმაოდ შესუსტებულია, რამაც რისკი გააჩინა, რომ მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ. ვითარებას ისიც ართულებს, რომ „ბილაინს“ გადაწყვეტილი აქვს დატოვოს საქართველო.
„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია, იცით, რომ „ტელიასონერა“ გავიდა ბაზრიდან და „სილქნეტმა“ შეისყიდა „ჯეოსელი“. პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს. შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა. ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია.
ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, - აცხადებს ბექაური.
შპს „ვიონი საქართველოში“ (ბილაინი) კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს და არსადაც არ მიდიან. კომპანია აგრძელებს მუშაობას და 1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსხურებას.
„კომპანიამ 2018 წელი წარმატებით დაასრულა და ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში 21 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. 2019 წელს კი უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
„ბილაინი“ დიდი ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა - ეს ბიზნესისთვის ჩვეულებრივი საკითხია. ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ „ბილაინი“ კომუნიკაციების ბაზრის ერთადერთი წამგებიანი მოთამაშეა; 2017 წლის განმავლობაში „მაგთის“ წმინდა მოგება - 99 მილიონი ლარი, ხოლო „ჯეოსელის“ მოგება - 26 მილიონი ლარი იყო, „ბილაინმა“ კი, 50-მილიონიანი ზარალი განიცადა.
ამჟამად ბაზრის წილი ასე ნაწილდება: „მაგთი“ - 40%; „სილქნეტი“ - 36%; „ბილაინი“ - 23%. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკის მიხედვით, „ჯეოსელს“, ანუ „სილქნეტს“, თითოეული აბონენტისგან თვეში, საშუალოდ, 8.22 ლარი შესდის, „მაგთის“ შემოსავალი ყოველ აბონენტზე 9.56 ლარია, ხოლო „ბილაინისთვის“ კი, შემოსავალი 6.12 ლარია.
სამივე ოპერატორს უწევს მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) შეინარჩუნოს სრული დაფარვის ზონა (დაახლოებით, 95%) რაც თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვან ფიქსირებულ ხარჯს წარმოადგენს. იმის გათვალისიწინებით, რომ „ბილაინის“ აბონენტების რაოდენობა სხვებთან შედარებით ნაკლებია და თანაც თითოეული მისი აბონენტისგან კომპანიას 30%-ით უფრო ნაკლები შესდის, ვიდრე სხვებს, ეს კომპანიას ზეწოლის ქვეშ ამყოფებს.
„ბიემის“ ცნობით, თუ ბაზრის არსებული მსხვილი მოთამაშე გადაწყვეტს „ბილაინის“ შეძენას, ასეთი გარიგება შესაძლოა, კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის მონოპოლიზების თავიდან არიდების მიზნით დაბლოკოს. რადგანაც თუ ერთი ან მეორე მსხვილი ოპერატორი შეიძენს „ბილაინს“, მათი საბაზრო წილი, შესაბამისა, 63%-მდე ან 59%-მდე გაიზრდება.