მოსამართლე მეთოფიშვილს სთხოვენ დაამტკიცოს, რომ ქუჩაში ემუქრებიან

მოსამართლე მეთოფიშვილს სთხოვენ დაამტკიცოს, რომ ქუჩაში ემუქრებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ისტერიული განცხადებები და „ფეისბუქ“ თავდასხმები გრძელდება. ამჯერად მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი საკუთარ 12-კაციან „შავ სიას“ აქვეყნებს, რომელშიც ის არასამთავრობოები, პოლიტიკოსები, საბჭოს ის არამოსამართლე წევრები შედიან, ვინც მოსამართლეების შესახებ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ და აცხადებს, რომ სწორედ ამ ადამიანების წაქეზებით მას ქუჩაში ემუქრებიან. მეთოფიშვილი ხელისუფლებასაც საყვედურობს - „რას ელოდებით, სანამ ქუჩებში დახოცვას არ დაგვიწყებენ?“

პასუხად არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მეთოფიშვილმა ან მათი მხრიდან მუქარის კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს, ან დადასტურდება, რომ ცრუპენტელაა და ბოდიში მოიხადოს. მისი ბრალდებების ერთ-ერთი ადრესატი, პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეს მიმართავს, რომ ისტერია თავისთვის შეინახოს. ხოლო ეკა ბესელიამ კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო სერგო მეთოფიშვილის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს.

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებიდან ყველაზე „გამორჩეულია“ არასამთავრობოებზე თავდასხმით და არაკორექტული განცხადებებით, ამჯერად „ფეისბუქში“ დაწერა, რომ ბოლო დღეებში „პოლიტიზირებული ენჯეოების წარმომადგენლები და ბესელიასნაირი პოლიტიკოსები თითქმის ყოველ დღე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ საზოგადოების ზეწოლით ე.წ. „კლანის წევრი“ მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გაგდებულ უნდა იქნენ სასამართლო სისტემიდან“ და ეს ზღვარგადასული თვითნებობა და თავხედობაა. 

მისი თქმით, ქუჩაში გამვლელმა ორმა მამაკაცმა ძალიან აგდებული ტონით ჰკითხეს გადადგებოდა თუ არა, რაზედაც უპასუხა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ამის შემდეგ ისინი დაემუქრნენ.

„მითხრეს: ცოტა ხანი გიყურებთ კიდევ და თუ არ გადადგები შენ მეგობარ მოსამართლეებთან ერთად, ოჯახებიანათ გადაგასახლებთ! ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ეს როგორმე მართლა შეეხოს, მაშინ მე ვიცი რას გავაკეთებ,“ - წერს მეთოფიშვილი და ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ იქნება უპასუხისმგებლო მაყურებლის როლში.

მეთოფიშვილი წერს, რომ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცხყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ეკა გიგაურს, სულხან სალაძეს, გიორგი მშვენიერაძეს, სოფო ვერძეულს, ანა დოლიძეს, ნაზიბროლა ჯანეზაშვილს, ეკა ბესელიას, ლევან გოგოჩაიშვილს, გედევან ფოფხაძეს, ლევან კობერიძეს, დავით ჭიჭინაძეს და გია ხუხაშვილს;

საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე საპასუხოდ აცხადებს, რომ სერგო მეთოფიშვილი აცდენილია ელემენტარული სამართლის ნორმების გაგებას, თუ რა არის მუქარა და მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საბჭოს შემადგენლობა დასაშლელია.

„მოვუწოდებდი მეთოფიშვილს, რომ გააგრძელოს ასეთი პოსტები სოციალურ ქსელში. ყოველი მომდევნო პოსტი ერთმანეთზე უარესია და იმის ლუსტრაცია და დემონსტრირებაა, რომ რეალურად, ეს ადამიანი აცდენილია იმ თანამდებობას, რომელზეც იმყოფება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„ასევე, ჩემი პირადი შეგრძნებაა, რომ აცდენილია ელემენტარული სამართლის ნორმების გაგებას, თუ რა არის მუქარა და ა.შ. ასე გააგრძელონ, ეს მხოლოდ გაგვიიოლებს იმის დემონსტრირებას, რომ აუცილებელია საბჭოს ამ შემადგენლობის შეცვლა“, - აცხადებს სალაძე.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მეთოფიშვილმა უნდა წარმოადგინოს ძალადობის წახალისების ერთი კონკრეტული მტკიცებულება, ან „საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ის არის ცრუპენტელა და ამ სიცრუეს ის ყოველდღიურად ავრცელებს სოციალური ქსელით“.

„ერთი შემთხვევა დაასახელოს. თუ არა, მოიხადოს ბოდიში განცხადებისთვის, რომელიც გაავრცელა. ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ ვებრძვით „კლანს“ სასამართლო სისტემაში. ვებრძვით ადამიანებს იმ სამართლებრივი გზებით, რომელიც არსებობს და გარანტირებულია საქართველოში კონსტიტუციით.

„ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ თანამდებობები. ჩვენ არ ვგავართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც საკუთარ კრიტიკას მიმართავენ არა ადამიანების, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართ“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ამ განცხადებების შემდეგ „ფეისბუქიდან“ არასამთავრობებზე შეტევა გააგრძელა იუსტიცის საბჭოს მეორე წევრმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმაც.

„მოქმედი მოსამართლე – სერგო მეთოფიშვილი – აცხადებს, რომ მას და მის კოლეგებს უცნობი მოქალაქეები დაგვემუქრნენ: თუ არ გადავდგებით, ოჯახებიანად გაგვასახლებენ ქვეყნიდან! ამ განცხადებაზე სულხან სალაძე ამბობს – ეგ რა მუქარააო! გიორგი მშვენიერაძემ კი – მტკიცებულება წარმოადგინოსო, თუ არადა ცრუპენტელააო!

„თქვენ, ბატონო სალაძევ და ბატონო მშვენიერაძევ, საბოლოოდ მოიჭერით გზა სასამართლო ხელისუფლებასთან დიალოგისათვის. თქვენ ჩვენთვის აღარავითარ ავტორიტეტს აღარ წარმოადგენთ! აღარც მოგისმენთ!“, - წერს გვრიტიშვილი.

მოსამართლეების ამ ისტერიას გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელიაც. მისი თქმით, მეთოფიშვილმა გაიხადა მოსამართლის მანტია, დაარღვია კონსტიტუცია, შევიდა პოლიტიკურ პროცესში და დაკარგა ლეგიტიმაცია. ამიტომაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე უნდა იმსჯელოს.

„მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ფარგლებში იმსჯელოს მოსამართლეზე, რომელმაც აშკარად კონსტიტუციას გადააბიჯა და კანონი დაარღვია. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამაზე და ნუ დამაკარგვინებთ დროს, რომ მეთოფიშვილის განცხადებების სერიოზულ კომენტირებაზე ვიფიქრო“, - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილმა კი ამბობს, რომ მეთოფიშვილი არაადეკვატურია და მოსამართლეს „ურჩევს“ ისტერია თავისთვის შეინახოს.

„სერგო მეთოფიშვილთან დაკავშირებით ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს. არ მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი რამე კრიტერიუმით ოდესმე დააკმაყოფილებს, რითიც უნდა იყოს არჩეული სასამართლოს მოსამართლეები შერჩევის დროს. ამიტომ, ეს ისტერია, რასაც ის ახორციელებს, თავისთვის შეინახოს.

„ის ტექსტი მე წავიკითხე, სხვა სფეროა, შეიძლება იქით გადავიდა. როდესაც ადამიანი არაადეკვატურია, შეიძლება სხვა დახმარებები სჭირდება. ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე და სასამართლოს მომავალი გვაღელვებს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.