ჭაბუა ამირეჯიბი:

ჭაბუა ამირეჯიბი: "დავარწმუნოთ კაცობრიობა, რომ სიტყ­ვით და საქმით ჯალათობის უარმყოფელი ერი ვართ"

ქვეყნის წინაშე წამოჭრილ "კითხვა-ძახილიან" პრობლე­მებზე ქართული ლიტერატუ­რის კლასიკოსი ჭაბუა ამირე­ჯიბი, ბერი დავითი გვესაუბ­რება:

- 16 წელიწადი მაქვს გატარე­ბული საბჭოურ კაციჭამიათა მოდგმის ციხეებსა და ბანა­კებში და შემიძლია დავიფი­ცო ყველა და ყველაფერი, თუკი რამ გამაჩნია, რომ სა­ქართველოში სააკაშვილის დამქაშების მიერ ჩატარებუ­ლი სადისტური ოპერაციე­ბის მაგვარი რამ არამცთუ მე­ნახოს ან შევსწრებოდე, არა­მედ გაგონილი მაინც მქონდეს. "გულაგში" არა, მაგრამ "ჩეკაში" გამოძიების დროს ხშირი იყო ათასნაირი წამება, ადამიანის სულზე და სხეულზე ძალა­დობა. ის, რაც გამჟღავნდა, არა მგონია, მხოლოდ ამ სადისტური მოქმედებე­ბის აღმსრულებელთა ფანტაზიით იყოს ჩატარებული. გავბედავ და გავიმეო­რებ ერთხელ უკვე ჩემს მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებას: თუ ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის არსებული და ვაი რომ, ჩვენივე არჩეული პრეზიდენტის მითი­თებით ან თანხმობით განხორციელდა, ბარაქალა მის ადამიანობას. და თუ მან არც იცოდა, რა ხდებოდა ქართულ საგამოძიებო და სააღმასრულებლო სისტემაში, მაშინ ბარაქალა მის პრეზიდენტობას და ბარაქალა მთელ ქარ­თველ ერს, რომელმაც ვერ შეძლო დროულად აეხადა ნიღაბი უპირველეს კაც­თმოყვარედ თავწარმოდგენილ ამ პერსონაჟისთვის.

- რას ეტყოდით ქართველ ხალხს, საზოგადოებას 1-ლი ოქტომბრის სა­პარლამენტო არჩევნების წინ? როგორ შეაფასებთ ამ არჩევნების მნიშ­ვნელობას?
- 1-ლი ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ და, უპირველესად, ქარ­თველმა ერმა თავისი არჩევანით უნდა დაამტკიცოს, რომ იგი გონიერი და ჰუმანური ერი იყო, არის და ასეთსავე საფუძველზე ააშენებს ახალ სახელ­მწიფოს, სადაც ხელმძღვანელ იდეად გამოყენებული და განხორციელებული იქნება ჰუმანიზმი, კეთილგონიერება და არა ზოგ გადაგვარებულ ქართველ­თა მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ხელმძღვა­ნელობის სტილი. საერთოდ კი შექმნილ ვითარებაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციას და არ მივცეთ შესაძლებლობა გადაავადონ არჩევნები იმ მიზნით, რომ არჩევნების ახალ თარიღამდე ხალ­ხის დასატერორებელი წმენდა ჩაატარონ. გავითვალისწინოთ, რომ არსებუ­ლი ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი ყველაფერს იკადრებს იმისათვის, რომ მბრძანებელთა სავარძლები ციხის საკნის ნარებზე არ გაცვალონ, დავარ­წმუნოთ კაცობრიობა, რომ ქართველი ერი თავისი მომავალი არსებობით, სიტყვით და საქმით ჯალათობის უარმყოფელი ერია.