საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია მოჭიდავეების ფედერაციაში მიმდინარე ამბების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ პრობლემა დაიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში.
გამსახურდიას თქმით, კორუმპირებული და დეზორგანიზებული საზოგადოება საბჭოთა კავშირის პროდუქტია.
"ამ მოჭიდავეების ფედერაციის ამბებმა გამახსენა მამაჩემის ძველი სიტყვა, რომელიც არა და არ კარგავს აქტუალობას ამ ქვეყანაში. არადა, ჯერ როდის ამბობდა, მაგრამ ვინ მოუსმინა... ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. ეს ატომიზებული, დეზორგანიზებული, კორუმპირებული საზოგადოება სსრკ პროდუქტია, რომელიც ორგანულად შეითვისა ქართულმა სოციალურმა სხეულმა. რატომ - ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ისევე, როგორც ქურდული მენტალობის განვითარებაში მხოლოდ სსრკ არ იყო დამნაშავე, ისე აქაც - ამ მანკიერებებს ქართველი კაცის გონებაში ნოყიერი ნიადაგი დახვდა.
ყველგან - სპორტში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, კვლევით ინსტიტუტებში - ჩაბუდებულია ეს ქურდულ-კუტოკური აზროვნება და ამას მხოლოდ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა ვერ უშველის. ეს არის მიკროსამყაროები, რომელთა უპირველესი მიზანია:
1) დაფარული იყვნენ დღის შუქისაგან
2) ჰქონდეთ საკუთარი სამართალი და სასჯელი
3) მათში განმსაზღვრელი იყოს არა ზოგად ადამიანური თუ ზოგადნაციონალური ფაქტორები და პრინციპები, არამედ ფული და გავლენა. ექიმის შეცდომები საექიმო საზოგადოებამ უნდა გაარჩიოს, მასწავლებლების - მასწავლებლებმა, სპორტსმენის - სპორტულმა ოჯახმა, პოლიტიკოსების - ცნობილია ვინც. და მა კანონი და წესრიგი ვიღასთვისაა? საწყლებისთვის და უპატრონოებისთვის.
ასეთი მაკროელემენტებისგან შემდგარი საზოგადოება ვერასდროს ვერაფერზე შეთანხმდება. აქ არასდროს იქნება მშვიდობა, სამართალი, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა. ყოველთვის იქნება ჯუნგლების კანონი, სიდუხჭირე, ერთი პროცენტი - მჭამელი და 99 პროცენტი - მათხოვარი, რომელიც იმ ერთ პროცენტში მოხვედრაზე ოცნებობს. ვის აწყობს ეს შინ და გარეთ, თავადაც კარგად ხვდებით...
და აი, შეპირებული მამას სიტყვაც:
„ზ. გამსახურდია: მაფიოზური დაჯგუფებების ესოდენ დიდი სიმრავლე, პირველ რიგში, კომუნისტური, ტოტალიტარული წყობილების მანკიერებაა, ვინაიდან მან მოუსპო ადამიანს საშუალება კანონიერი და სამართლიანი გზით შემოსავლის ქონისა, კარგი ცხოვრებისა და წარმატების მიღწევისა მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროში, ამიტომ მიჰყვეს ხელი უკანონო და დანაშაულებრივ გზას, რითაც გამრავლდნენ მაფიები. ეს არის ფაქტობრივად დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც უპირისპირდებიან სიმართლეს, სიკეთეს, ჭეშმარიტებას, კანონიერებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლა დამსჯელი ორგანოების მეშვეობით, რასაკვირველია, უსარგებლოა; ისევ და ისევ საჭიროა იმ სისტემის დანგრევა, რამაც ეს ყოველივე წარმოშვა. ამ სისტემის ლიბერალიზაცია არის საჭირო, მისი მისადაგება ადამიანის ნორმალური მოთხოვნილებისადმი, შემოსავლის გაზრდა, რათა ადამიანმა შემოსავლის ძიებაში არ დაარღვიოს კანონიერება.
ჩვენი სახელმწიფო წყობილების გაჯანსაღება, ეკონომიკური ღონისძიებები გამოიწვევს შემდგომ ამ მაფიების დაშლას, ისინი შეწყვეტენ არსებობას. სანამ კომუნისტური სისტემის რეციდივები გვექნება, მაფია ყოველთვის იარსებებს.
ზ. გამსახურდია: პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.
საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია", - წერს გამსახურდია.
შეგახსენებთ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ძალადობის გამო დააკავეს. გეგეშიძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.