კანონიერი ქურდები, პოლიტიკოსები და საფრანგეთის ”გაოცება”

კანონიერი ქურდები, პოლიტიკოსები და საფრანგეთის ”გაოცება”

ფარულ აუდიოჩანაწერებში, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა, კოალიცია ”ქართული ოცნების” ორი გამორჩეული ლიდერი - კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე - ფიგურირებს. სამინისტროს განცხადებით, გამოვლენილია ”ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან”, თუმცა თავად პოლიტიკოსები ამ ბრალდებას სრულ სისულელეს უწოდებენ. ინფორმაციის ეს მეორე ტალღა მოჰყვა საფრანგეთის ჟანდარმერიის სახელით 25 სექტემბერს გამოქვეყნებულ მასალებს, რის გამოც ქართულმა მხარემ საფრანგეთის საგარეო უწყების კრიტიკა დაიმსახურა.

”2012 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქ. თბილისში დაკავებული იქნა ქართველი კანონიერი ქურდი დათო ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას წარმოადგენდა, მის მიერ შექმნილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით, დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ”, - განაცხადა 26 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების პარალელურად. საუბარია ”ქართული ოცნების” მხარდაჭერაზე და გამოქვეყნებულ ჩანაწერებში დავით ხიზანიშვილი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა:

” რა არის, ბიჭო, რეებს აკეთებ, რა ნაციონალები და შენ არანაციონალი.../ არა, ეგ რა შუაშია, დავით.../ აბა, რატომ ახსენე ეგ სიტყვები?! / არა, როდის ვახსენე, კაცო. აგერ მე და ანზორა ვართ ერთად, რა ნაციონალები, კაცო.../ დამახიეთ თქვენი ნაციონალები ერთ ადგილას.../ არა, ხიზან, შენს თავს ვფიცავარ, ეგეთი თუ რამე მეხსენებინოს ვაფშე.”

პიროვნება, რომელსაც, ჩანაწერის თანახმად, დავით ხიზანიშვილი ელაპარაკება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გიორგი უგულავად მოიხსენია და ფოტოც შეცდომით გამოაქვეყნა; ოდნავ მოგვიანებით კი, შეცვლილი ფოტოს თანხლებით, უწყებამ დააზუსტა, რომ ხიზანიშვილი გივი ბლიაძეს ელაპარაკება.
 აქვეა ასევე, მაგალითად, კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული ლევან რევიშვილი, რომელსაც ფარულ აუდიოჩანაწერებში რამდენიმე თანამოსაუბრე ჰყავს. ცალკეულ ფრაგმენტებში ლაპარაკია კოალიცია ”ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მობილიზებასა და შესაძლებლობაზე, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დაბრუნდნენ საქართველოში:

”ლიჩნად მე გამოვუშვი 2 ავტობუსი, ბიძინა-ბიძინა ვაძახებინე.../ კი, კი, ჯიგრულად, შენ შემოგევლოს ჩემი თავი - ჯიგრულად, ძმაო, ყველაფერი საკაიფოდ, რა...”

უცნობთან მოსაუბრე ლევან რევიშვილი, როგორც უკვე ვთქვით, 26 სექტემბერს გავრცელებულ მასალებში კრიმინალურ ავტორიტეტად არის მოხსენიებული, თუმცა, ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, ის მმართველი პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორია.

26 სექტემბერს გავრცელდა კიდევ ორი აუდიოჩანაწერი, რომლებიც კოალიცია ”ქართული ოცნების” 2 ლიდერს უკავშირდება. აქვე ვთქვათ, რომ როგორც კახი კალაძე, ასევე გუბაზ სანიკიძე გავრცელებულ მასალებს სრულ სისულელესა და ფაბრიკაციას უწოდებენ. კალაძის შემთხვევას თუ განვიხილავთ, ფარულ ჩანაწერებში ის უცნობ ადამიანს უყვება, თუ როგორ ”ჩაეხუტა” მას ”8 სული” ქუთაისელი ქურდი და როგორ უსურვეს იმავე პირებმა მას წარმატება. რაც შეეხება სანიკიძეს, ის, ამ მასალების მიხედვით, მოსკოვში მჯდომი, 9-წელიწადმისჯილი ქუთაისელი კანონიერი ქურდის - ვალერი მარგიანის - ბედზე შეწუხებული, ასევე მოსკოვში მყოფ ვალერი ხაბურძანიას ურეკავს და მის გათავისუფლებას სთხოვს, უშიშროების ყოფილი მინისტრი ხაბურძანია კი მას თხოვნის შესრულებას ჰპირდება. როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა 26 სექტემბერს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, აუდიოჩანაწერი ყალბია, თუმცა მას ხაბურძანიასთანაც და მარგიანთანაც მეგობრობა აკავშირებს. სანიკიძე აზუსტებს, რომ მარგიანი არ არის ქურდული სამყაროს წარმომადგენელი:

წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციარულ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში არსებული ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს ...

”მარგიანი ციხეში აღარ ზის და არც ქურდია. ვალერი მარგიანი ქუთაისელი კაცია, ჩემი მეგობარია - რუსეთის მოქალაქეა და ცხოვრობს იქ. ხანდახან ჩამოდის ქუთაისში. ამ ზაფხულში იყო ჩამოსული და წავიდა.”

სადავო ინფორმაციის ეს ახალი ტალღა მოჰყვა საქართველოს პროკურატურის მიერ 25 სექტემბერს საფრანგეთის ჟანდარმერიის სახელით გამოქვეყნებულ მასალებს, რის გამოც ქართულმა მხარემ საფრანგეთის საგარეო უწყების კრიტიკა დაიმსახურა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ის ”გაოცებულია” საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც ”საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის.” საფრანგეთის საგარეო უწყება ამ ფაქტს წინასაარჩევნო პერიოდის კონტექსტში განიხილავს:

”წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციარულ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში არსებული ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს. საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.”

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ”გაოცებას” საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თინა ბურჯალიანის, ”გაკვირვება” მოჰყვა. 26 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების თანამშრომლობის პროცესში არ იყო ჩართული საფრანგეთის საგარეო უწყება, ყველაფერი ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, სავსებით ლეგალურად განხორციელდა და რომ ქართულ მხარეს არც ერთ ეტაპზე არ აუღია კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება. თუმცა მასალებს, რაც საქართველოს პროკურატურამ მედიას 25 სექტემბერს მიაწოდა, დიდი ასოებით აწერია სიტყვა - ”კონფიდენციალურია”.